საქართველოში ინფლაცია კვლავ მცირდება

თვიური და წლიური ინფლაციის გრაფიკი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში საქართველოში სამომხმარებლო ფასების 0,7 პროცენტიანი ზრდა აღინიშნა, წლიური ინფლაცია კი თითქმის 2 პროცენტს შეადგენს. მართალია, ინფლაცია კლების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ ის მაინც არის. რა განაპირობებს ინფლაციის შემცირების ტენდენციას და რა არის მისი შენარჩუნების მიზეზი?

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ არის...
ამ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს მაკროეკონომიკური სტაბილურობითა და ინფლაციის დაბალი დონით. საქართველოს მთავრობის ამ მიღწევას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მათ შორის - „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“. თუმცა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში საამაყო არაფერი იყო, რადგან წლიურმა ინფლაციამ 14 პროცენტს მიაღწია. პროდუქციის სწრაფი გაძვირებით მიყენებული შოკის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი ძნელად იჯერებს იმას, რომ ინფლაცია კლების ტენდენციით ხასიათდება. მათ ძირითადად მაღალი ფასები არ მოსწონთ, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი გაიაფდა კიდეც.

”ყველაფერს აწერია და ისევ ის ფასები არის.”

”წიწიბურამ დაიკლო მხოლოდ, სხვას არაფერს დაუკლია. ზეთმა დაიკლო კიდევ... რაც იყო ფასები, ისევ ის არის, სხვას არაფერს დაუკლია.”

ეკონომიკის ექსპერტები კი განმარტავენ, რომ ფასების უცვლელობა ინფლაციის არარსებობას, ხოლო შემცირება დეფლაციას განაპირობებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია მცირე დონით, მაგრამ მაინც შეიმჩნევა, საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის კომენტარი:

”წლიური ინფლაცია დაფიქსირდა 1.9 პროცენტის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ინფლაციამ შეადგინა 1.9 პროცენტი. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ არის, თუმცა როდესაც ინფლაციის ზრდის ტემპი მცირდება, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ინფლაცია აღარ არის. ინფლაცია კვლავ არის, უბრალოდ, ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდა, ანუ აღარ არის ისეთი მაღალი ინფლაცია, როგორიც იყო შარშან და როგორიც იყო წლის დასაწყისში.”

ზაზა ჭელიძის განცხადებით, ინფლაციის შემცირება გამოწვეულია ორი ფაქტორით - ესაა შედარების ეფექტი, ანუ შესადარი შარშანდელი ფასები მაღალია. და, მეორე, წელს ფასები ისეთი მაღალი ტემპით აღარ იმატებს, როგორც ეს იყო შარშანდელი წლის ბოლოს.
სინამდვილეში ეს ციფრი არაფერზე არ მეტყველებს. საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს პირველადი დანიშნულების პროდუქციას...

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებლებიც გამოაქვეყნა და ის, წინა თვესთან შედარებით, თითქმის 1 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, უმნიშვნელო ინფლაცია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასების მომატებამ გამოიწვია.

ამ სტატისტიკურ მონაცემებს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი აკრიტიკებს. მათ შორისაა გია ხუხაშვილი. მან რადიო ”ეხო კავკაზას” განუცხადა, რომ საქსტატის ციფრები რეალურ ინფლაციას არ ასახავს:

ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს და თავად დაითვალოს ინფლაცია...
”სინამდვილეში ეს ციფრი არაფერზე არ მეტყველებს. საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს პირველადი დანიშნულების პროდუქციას, ხოლო ინფლაციის გამოსათვლელ ფორმულაში წარმოდგენილია ისეთი ნივთები, რომლებსაც, პრინციპში, მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ შეიძენს. ამიტომ არავითარ შვებას ამ ოპტიმისტური ციფრებით საშუალოსტატისტიკური ქართველი არ გრძნობს.”

ამ და სხვა მსგავს კრიტიკულ აზრებს საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე იმით უპასუხებს, რომ სასურსათო პროდუქციას სამომხმარებლო კალათის მხოლოდ 40 პროცენტი უკავია:

”მხოლოდ სურსათი ინფლაციის განმსაზღვრელი ვერ იქნება. ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ჩვენი სამომხმარებლო კალათა და 265 დასახელების საქონლის ფასები და ინდექსები. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს და თავად დაითვალოს ინფლაცია.”

ზაზა ჭელიძე დასძენს, რომ ინფლაციის საერთო სურათის ფორმირებისას სურსათის უმნიშვნელო გაძვირებას ნაწილობრივ ანეიტრალებს სამომხმარებლო კალათაში შემავალი სხვა პროდუქციის, მაგალითად, კავშირგაბმულობის ან მომსახურების სფეროს გაიაფება.