ბრიუსელში გამართულ მნიშვნელოვან სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ევროს გაძლიერების შესახებ შეთანხმდენ - თუმცა შეთანხმებას ევროკავშირის 27 წევრიდან მხოლოდ 23 უერთდება. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ევროს მომხმარებელი 17 ქვეყნის და ევროკავშირის კიდევ 6 სახელმწიფოს ლიდერები შეთანხმდენ ხელშეკრულებაზე, რომელიც ფინანსურ ინტეგრაციას აძლიერებს და ამკაცრებს საბიუჯეტო წესებს. თუმცა გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი ხელშეკრულების შეცვლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ბრიტანეთის მხრიდან გამოხატული პროტესტის შემდეგ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა ევროკავშირის ხელშეკრულების ისეთ ცვლილებებს, რომლებიც არ შედიოდა ბრიტანეთის ინტერესებში: „ბრიუსელში ჩამოსვლამდეც განვაცხადე, რომ თუ ახალ ევროპულ ხელშეკრულებაში ბრიტანეთისთვის უსაფრთხოების ადექვატურ გარანტიებს არ მოვიპოვებდი, მას არ დავთანხმდებოდი. რასაც გვთავაზობენ, ეს ბრიტანეთის ინტერესებს არ ემსახურება - და ამდენად მე ამას არ ვეთანხმები“ - თქვა კამერონმა. ახალ ხელშეკრულებას ხელი არც უნგრეთმა მოაწერა. ჩეხეთმა და შვედეთმა კი განაცხადეს, რომ თავიანთ პარლამენტებთან სურთ კონსულტაციის გავლა. ბრიუსელში მიმდინარე სამიტს ევროს გადასარჩენად უმნიშვნელოვანეს ზომად მიიჩნევენ. საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ევრო კარგავს პოზიციებს, მზარდი შიშის ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი, დიდძალი ვალის მქონე ქვეყნები ამ ვალების გასტუმრებას ვერ შესძლებენ.