კოკოითი გადადგება?

ედუარდ კოკოითი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის, ალა ჯიოევას განცხადებით, კრემლის წარმომადგენელ სერგეი ვინოკუროვთან მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან დაიწყო და პროგრესიც მიღწეულია. ეს განცხადება ჯიოევამ ოსურ და რუსულ მედიასთან გააკეთა. გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ კი დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ რამდენიმე მინისტრი, ცხინვალის მერი და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები გაათავისუფლა, ამის მიზეზად დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი რთული ვითარება დასახელდა. თუმცა ოპოზიცია, პირველ რიგში, კოკოითის გადადგომას და არჩევნების შედეგების აღიარებას ითხოვს. მართალია, ვინოკუროვთან მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მაგრამ ინფორმაცია მომიტინგეებამდე მაინც გამოდის. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კრემლის წარმომადგენელთან მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი განიხილება.
რადგან ხალხმა ხმა ალა ჯიოევას მისცა, ის პრეზიდენტი უნდა გახდეს...

პირველი, კოკოითი გადადგება და განმეორებით არჩევნებს უკვე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი მოამზადებს და, მეორე, კოკოითი გადადგება, მოხდება ჯიოევას გამარჯვების აღიარება და ბროვცევი მხოლოდ ჯიოევას ინაუგურაციის მომზადებით დაკავდება. ოპოზიციისთვის ყველაზე მეტად მეორე ვარიანტია მისაღები, მაგრამ მალე გამოჩნდება, რამდენად კომპრომისული იქნება კრემლის პოზიცია. კოკოითის გადადგომისკენ არა მარტო ოპოზიციის, არამედ უკვე საზოგადოების წარმომადგენლებიც მოუწოდებენ. ანალიტიკოსების აზრით, კოკოითის გადადგომამდე საათებია დარჩენილი. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ გუშინ კიდევ ერთი მიმართვა გამოაქვეყნა და, კონსტიტუციისა და კანონის მუხლების მოშველიებით, კოკოითის მოუწოდა მიტაცებული უფლებამოსილება დაეთმო. მისი აზრით, 7 დეკემბრის შემდეგ კოკოითის უფლება აღარ ჰქონდა თავისი პრეზიდენტობის ვადა გაეგრძელებინა. ჩვენს რადიოსთან საუბარში ძიცოითი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების გახანგრძლივების პრეცედენტის დაშვება შეუძლებელია.

„რადგან ხალხმა ხმა ალა ჯიოევას მისცა, ის პრეზიდენტი უნდა გახდეს. თუ ეს შეუძლებელი შეიქნა იმის გამო, რომ ამჟამად პოლიტიკურ კრიზისში ვართ, მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში, ედუარდ კოკოითი უნდა წავიდეს. შეუძლებელია, რომ მან საკუთარი უფლებამოსილების ვადას კიდევ ოთხი თვე თავად დაუმატოს“,– ამბობს იური ძიცოითი.
დიდი დაძაბულობა შეიქნა და, შესაძლოა, კონფლიქტი წარმოიშვას. მხოლოდ მისი გადადგომის შემთხვევაში იქნება სტაბილიზაცია...

ოპოზიციის მიტინგებზე ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. გუშინ, მაგალითად, ცხინვალის ქუჩებში 300-მდე კაცი გამოვიდა. აუტანელ სიცივეში დგომა უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ჯიოევა კომპრომისზე წავიდეს და, კოკოითის გადადგომის სანაცვლოდ, განმეორებით არჩევნებზე დათანხმდეს. ჩვენს რადიოსთან საუბარში ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი ანატოლი ბარანკევიჩი 10 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციაზე დიდი ენთუზიაზმით აღარც ლაპარაკობს. მისი აზრით, ჯერ კოკოითი უნდა გადადგეს.

„დიდი დაძაბულობა შეიქნა და, შესაძლოა, კონფლიქტი წარმოიშვას. მხოლოდ მისი გადადგომის შემთხვევაში იქნება სტაბილიზაცია, რაც მოსკოვში შესანიშნავად ესმით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსკოვი მას პოსტის დატოვებას სთავაზობს“, აცხადებს ანატოლი ბარანკევიჩი.

კოკოითის გადადგომის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი ხდება. აღსანიშნავია, რომ ბროვცევი დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე არ არის, რუსეთის მოქალაქე კი ამ უფლების განხორციელებას მხოლოდ ოსური პასპორტის აღების შემთხვევაში შეძლებს. ექსპერტების აზრით, ცხინვალში პასპორტის აღება 5 წუთის საქმეა, მაგრამ ეს საქმე თუ არ გამოვიდა, მაშინ პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ კოკოევი შეუდგება. მოლაპარაკებები გრძელდება. უახლოეს ხანებში გამოჩნდება ალა ჯიოევა რომელ ვარიანტზე დათანხმდება.