იემენის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „საბას“ ცნობით, ყალიბდება ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელშიც იმუშავებენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მომხრე მინისტრებიც. „საბა“ იუწყება, რომ ვიცე-პრეზიდენტმა აბდ რაბუ მანსურ ჰადიმ გასცა ბრძანებულება, შეიქმნას ახალი, 35-წევრიანი კაბინეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს სტაჟიანი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, მოჰამედ ბასინდვა. თანამდებობები თანაბრად არის განაწილებული პრეზიდენტ სალეჰის „კონგრესის პარტიასა“ და ოპოზიციას შორის. ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა შეესაბამება გეგმას, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტ სალეჰის გადადგომას სამართლებრივი დევნისაგან მისი და მისი ოჯახის წევრების იმუნიტეტის უზრუნველყოფის სანაცვლოდ. გეგმა სარგებლობს გაეროს მხარდაჭერით.