ნატოს კეთილი რჩევა გაბრაზებულ რუსეთს

ბრიუსელში დაიწყო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ორი დღის განმავლობაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოს მიმდინარე ოპერაციებზე, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასა და ნატოს ჩიკაგოს (2012 წლის 20-21 მაისის) სამიტის სამზადისზე იმსჯელებენ. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდება ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის მიმდინარეობაზე, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წარმატებული უწოდა. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, არ ჩაებას წარმოსახულ მტერთან ბრძოლაში და ითანამშრომლოს ალიანსთან ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში.

უკანასკნელი წლების ტრადიციის თანახმად, ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავარი საფიქრალი ავღანეთია, სადაც უსაფრთხოების მხარდამჭერ მრავალეროვნულ ოპერაციას ნატო ხელმძღვანელობს. თუმცა ალიანსის სტრატეგია შეიცვალა ლისაბონის სამიტზე, როდესაც ნატო შეთანხმდა ავღანეთიდან თანდათანობითი გასვლისა და 2014 წლამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის გადაცემის გეგმაზე.

ანდერს ფოგ რასმუსენი


„ახლახან პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გამოაცხადა გადაცემის მეორე ეტაპი, რაც იმას გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იცხოვრებს არეალში, რომლის უსაფრთხოება მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ნატოს მინისტერიალის გახსნის წინ ჟურნალისტებთან საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და დასძინა, უსაფრთხოების ოპერაციის დასრულების შემდეგ ნატო გააგრძელებს ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების წვრთნის პროცესსო.

ავღანეთის ოპერაციის თაობაზე ISAF-ში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 8 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, სხდომაზე იგეგმება გრიგოლ ვაშაძის პრეზენტაცია, შეჯამდება საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფის მიერ ავღანეთის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი და ხაზი გაესმება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, გააძლიეროს და თითქმის გააორმაგოს სამხედრო ყოფნა ავღანეთში, რაც ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია ალიანსის კიდევ ერთი ოპერაცია კოსოვოში, სადაც ვითარება სამი თვის მანძილზე საკმაოდ დაიძაბა. ნატოს გენერალურმა მდივანმა 7 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა, რომელსაც ჩრდილოეთ კოსოვოში აქვს ადგილი. ნატო მოუწოდებს კოსოვოელ სერბებს აიღონ ყველა ხერგილი და შესაძლებელი გახადონ თავისუფალი გადაადგილება ჩრდილოეთ კოსოვოში, რომელზეც, რასმუსენის თქმით, “გაეროს მანდატი ვრცელდება“.
ეს იქნება ფულის ფუჭი ხარჯვა, თუკი რუსეთი თანხებს გაიღებს წარმოსახული მტრების წინააღმდეგ, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ...

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე იმსჯელებენ ალიანსის ტერიტორიული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარებაზე, რასაც დიდ წინააღმდეგობას უწევს რუსეთი, მიუხედავად ალიანსის მცდელობისა ამ საკითხშიც მჭიდროდ ითანაშრომლოს რუსეთთან.

7-9 დეკემბრის მინისტერიალზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაარწმუნონ რუსეთი, რომ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ამოქმედება რუსეთისა და ნატოს ერთობლივ ინტერესებშიაო, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ამ პრობლემაზე ცალკე მსჯელობა გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი აპირებს ევროპის ანტისარაკეტო გეგმის საპასუხო ნაბიჯები გადადგას და ბალისტიკური რაკეტები განათავსოს კალინინგრადში.

„ეს იქნება ფულის ფუჭი ხარჯვა, თუკი რუსეთი თანხებს გაიღებს წარმოსახული მტრების წინააღმდეგ, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და დასძინა, „ეს ფული შეიძლება უფრო სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული, ჩაიდოს რუსი ხალხის საკეთილდღეოდ და რუსეთის საზოგადოების მოდერნიზაციისათვისო.“