მოსკოვში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სერგეი უდალცოვი. ის მიეშურებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს დღევანდელი საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. უდალცოვი დაურეგისტრირებელი მემარცხენე ფრონტის პარტიის ლიდერია. მის გარდა ამ პარტიის კიდევ ათზე მეტი წევრი დააკავეს წითელ მოედანზე - მას შემდეგ, რაც მათ გაშალეს პლაკატები, რომლებზეც ეწერა, რომ დღევანდელი არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან ზოგიერთ პარტიას რეგისტრაციის გავლის საშუალება არ მისცეს. უდალცოვის ცოლმა, ანასტასია უდალცოვამ - რომელიც მოგვიანებით თავადაც დააკავეს - გაავრცელა ცნობა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა კაცებმა მისი ქმარი ძალით ჩასვეს უნომრო მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ დაადასტურა უდალცოვის დაპატიმრება. გუშინ უდალცოვი აცხადებდა, რომ პოლიცია არჩევნების წინ შეთითხნილი ბრალდებებით ცდილობდა აქტივისტების დაპატიმრებას.