დებატები უკან დაბრუნებული ყვავილებით

დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები, რომელიც ცხინვალის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა, თითქოს მშვიდად დაიწყო. გენერალი ანატოლი ბიბილოვი სტუდიაში ყვავილებით მივიდა და კონკურენტს, ალა ჯიოევას, გადასცა. ამას ჯიოევას რეპლიკა მოჰყვა, იმედია, ეს თაიგული ტროას ცხენის ფუნქციას არ შეასრულებსო, მაგრამ საჩუქარი მიიღო. შესავალი ისეთი იყო, რომ დებატები თითქოს კონსტრუქციულად უნდა წარმართულიყო, მაგრამ პირველი შეტევა ბიბილოვმა დაიწყო, როცა ჯიოევა ქართულ მედიასთან თანამშრომლობაში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მხარდაჭერასა და დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ამომრჩევლების ხმების მიღებაში დაადანაშაულა. ბიბილოვს არ დაუკონკრეტებია, რატომ ითვლება კომპრომატად ის ფაქტი, თუ ახალგორის ქართული მოსახლეობა მის კონკურენტს მისცემს ხმას.

ჯიოევა განსაკუთრებით აღშფოთდა, როცა კონკურენტმა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეახსენა. როგორც ცნობილია, გასულ წელს კოკოითის ხელისუფლებამ ჯიოევას, განათლების მინისტრობის დროინდელი დარღვევების გამო, პირობითი სასჯელი გაუსვლელობის ხელწერილით მიუსაჯა.

„რამდენადაც ვიცი, თქვენ მისჯილი გაქვთ 2 წელი და 6 თვე. როგორც პრეზიდენტი, როგორ აპირებთ ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტებით გამგზავრებას რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებში?“-იკითხა ბიბილოვმა.

ჯიოევამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია უკვე მოხდა, როცა ამომრჩეველთა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა, მალე კი სამართლებრივი რეაბილიტაციაც მოხდებაო:

„ანატოლი ილიას ძევ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თქვენ ჯენტლმენი არ ხართ.მსურს სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩემი პოლიტიკური რეაბილიტაცია უკვე მოხდა, რადგან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 5 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მომცა, მოსკოვის, ადგილობრივი ადმინისტრაციული რესურსებისა და კონცერტების გარეშე. ეს იყო პასუხი ყველა ჩემი არაკეთილმოსურნის, მათ შორის, თქვენს მიმართაც.“

კანდიდატები ხშირად კინკლაობდნენ, არაფერს ამბობდნენ საკუთარი პროგრამების შესახებ და იმაზე, თუ როგორ გამოიყვანდნენ თვითაღიარებულ რესპუბლიკას მძიმე სოაციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. დებატების მიმდინარეობისას ბიბილოვი ხმას ხშირად უწევდა, მაგიდაზე ხელს აბრახუნებდა, კონკურენტს აგრესიულად მიმართავდა. იყო მომენტი, როცა ჯიოევა აშკარად ნერვიულობდა, ხმა და ხელები უკანკალებდა.კრემლის ფავორიტი კონკურენტს რევანშისტს უწოდებდა. ოპონენტი კი მას კოკოითის მხარდაჭერასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებდა. ამ დებატების დროს გენერალი ბიბილოვი ისე იქცეოდა, თითქოს უკვე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო.

ბიბილოვი: „მიმაჩნია, რომ ადამიანი, კანდიდატი, რომელიც უკვე დაადგა პრეზიდენტის სავარძლისაკენ მიმავალ გზას, პრეზიდენტივით უნდა აზროვნებდეს, რადგან, თუ დღეს მუშაობისა და აღმშენებლობისათვის არ განეწყობი, ხვალ მუშაობაში ჩართვას ვერ შეძლებ. ამ მხრივ, დღეს ვმსჯელობ, როგორც პრეზიდენტი.“

ჯიოევა: „ვფიქრობდი, რომ აქ შევხვდებოდი კომპეტენტურ, პროფესიონალ ადამიანს, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზოგადოებას უჩვენებდა სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითს. ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი აშკარა ზეწოლით გასცემს ბრძანებას, რომ ხმა ბატონ ბიბილოვს მისცენ და, უფრო მეტიც, საკუთარ ხელქვეითებს სთავაზობენ მობილური ტელეფონებით ფოტოები გადაიღონ.“

გადაცემის ბოლოს ბიბილოვმა კონკურენტის დაცინვაც კი სცადა, როცა იკითხა, თქვენ გინდათ რესპუბლიკის მთავარსარდლობაო? დადებითი პასუხის შემდეგ კი დაამატა, ეფრეიტორი მხედართ მთავარი ვერ ხდება და აქამდე ჯერ უნდა მიხვიდეთო. ამ რეპლიკის შემდეგ ჯიოევამ მას საჩუქარი დაუბრუნა. გენერალმა ბიბილოვმა ყვავილები უკან მიიღო.