სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კადაფის შვილის ლიბიაში გასამართლებას

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ლუის მორენო-ოკამპოს განცხადებით, ლიბიის ახალ მთავრობას აქვს უფლება, გაასამართლოს საიფ ალ-ისლამ კადაფი - ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ვაჟიშვილი. მანამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული ჰქონდა საიფ ალ-ისლამისა და ლიბიის დაზვერვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, აბდულა ალ-სენუსის დაპატიმრების ორდერი, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში მათი ბრალდების საფუძველზე. როგორც მორენო-ოკამპომ დღეს ტრიპოლიში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ლიბიისათვის მნიშვნელოვანია, რომ საიფ ალ-ისლამი ლიბიაში გაასამართლონ. „ლიბია ახლა თავის ახალ მთავრობას აყალიბებს და აქვს უფლება, აქ გაასამართლოს საიფ ალ-ისლამი და აბდულა ალ-სენუსი. ჩვენი წესებით, პრიორიტეტი ენიჭება ყოველი ცალკეული ქვეყნის სასამართლო სისტემას. თუ ისინი ჩაატარებენ პროცესს, ჩვენი სასამართლო მასში არ ჩაერევა“. მორენო-ოკამპოს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მზად არის, დახმარება გაუწიოს ლიბიას ნებისმიერი სასამართლო პროცესის წარმართვაში.