რუსული პრესის მიმოხილვა. 22 ნოემბერი, 2011

საინტერესო მეთოდი რეალობის ფილტრაციისა. „ნოვაია გაზეტა“ ჰყვება ასეთ ამბავს: მოკრივეთა შეჯიბრზე ვლადიმირ პუტინი გამოსულა სიტყვით და საუბარი დაუწყია. თამაშის აზარტით გართულ მაყურებელს, სავარაუდოდ, გრძელი ტექსტების მოსმენა არ სურდა. მოკლედ, პუტინის გამოსვლას დარბაზში სტვენა მოჰყოლია. ეს არის ის, რაც ხდებოდა რეალურად. თუმცა „ნოვაია გაზეტა“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ როცა პუტინი სიტყვით გამოდიოდა და ბეკგრაუნდში სტვენა ისმოდა, ტელევიზიებმა სპეციალური ეფექტები გამოიყენეს, რომ ბეკგრაუნდის ხმა ჩაეხშოთ და ბელადის სიტყვა მაყურებლამდე შეუფერხებლად მიეტანათ…

არჩევნები ახლოვდება და, როგორც ჩანს, საქართველოსი არ იყოს, ყველასთვის ცნობილი ლეგენდარული საარჩევნო სიები რუსეთშიც პრობლემაა. ეს თემა რუსულ პრესაში ისე იშლება, თითქოს საარჩევნო სიები ცოცხალი ორგანიზმი იყოს, რომელიც ამომრჩევლიდან შორს, იქ სადღაც, თავისი წესებით განაგრძობს არსებობას. რატომ ვამბობ ამას? - იმავე „ნოვაია გაზეტამ“ დაადგინა დაახლოებითი ციფრი სიის გარღვევისა და აქვეყნებს სტატიას, სათაურით „2,6 მილიონი ადამიანი შეძლებს ხმა რამდენჯერმე მისცეს“. ციფრი მეტ-ნაკლები სიზუსტით დადგენილია, თუმცა იგივე „ნოვაია გაზეტაც“ და სხვანიც არჩევნების წინ რაიმე რეალური ცვლილების განხორციელებას ნაკლებად ელიან. ამ გაგებით არსებობს თავის რეალობაში ეს საარჩევნო სიები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალაუფლების სურვილებსა და მოთხოვნებს უფრო ეყრდნობა საარსებო რესურსებისთვის, ვიდრე რეალურად არსებულ ამომრჩეველს. ისე, სახელი რომ გადაარქვან, უფრო სამართლიანი იქნება - დაარქვან მანიპულაციების სიები, მაგალითად.

არჩევნები ახლოვდება და პარტია „ედინაია როსია“, პარტია, რომელსაც ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი უდგანან სათავეში, საარჩევნო მარათონში თანამედროვეობის შტრიხებით და უძველესი თემატიკით ერთვება. თემატიკა ეროტიკულია, თანამედროვე შტრიხები ამ თემატიკის გაბედული გადმოტანაა თანამედროვე ვიდეოფორმატში.

პარტია ამომრჩეველს მოუწოდებს, მოდი, გავაკეთოთ ერთადო. ამ ლოზუნგის ფონზე, მათ საარჩევნო ვიდეოკლიპში ჩნდება მოკლე კაბაში გამოწყობილი გოგონა, რომელიც, ხმის მიცემის პარალელურად, საარჩევნო კაბინაში ახალგაზრდა ბიჭის შეყვანას ახერხებს. კაბინიდან ერთად გამოსულები, ტანსაცმლის სწორებით, ურნასთან ერთად მიდიან და ბიულეტენებს ერთად ყრიან. შემდეგ წარწერაა: „მოდით, გავაკეთოთ ერთად“. მთელ ამ საარჩევნო პოლიტდისკურსში მთავარი პრობლემა ოპონენტებმა იპოვეს ის, რომ თურმე საარჩევნო კაბინაში ადამიანი მარტო უნდა შევიდეს... „ედინაია როსიას“, ანუ „ერთიანი რუსეთის“ პოლიტკორექტულობას, პარტია „სამართლიანი რუსეთი“ („სპრავედლივაია როსია“) პროკურატურის გზით უპირისპირდება.

„ვერბოვკის“ ბრიგადებზე წერს „იზვესტია“. გაზეთი ჯარში გაწვევის სისტემის ანალიზისას ამბობს, რომ ძირითადად „ვერბოვკის“ თარგეთ ჯგუფი დაბალშემოსავლიანი რეგიონებია - დეპრესიული რეგიონები, როგორც გაზეთი წერს, რეგიონები დაბალი შემოსავლით და დაბალი პერსპექტივით…