მედვედევი, 2008 წლის ომი, ნატო და ივანიშვილი

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი

საქართველოში მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის 21 ნოემბრის განცხადებებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომს, ნატოს გაფართოების გეგმებს, საქართველოსა და რუსეთის განზრახვებს უკავშირდება. დმიტრი მედვედევის განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს ოპონენტების დასარწმუნებელ კიდევ ერთ არგუმენტად ბოლოდროინდელ დავაში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან მიმართებით. თბილისი თვლის, რომ 21 ნოემბრის განცხადებები წარმოადგენს მედვედევის სკანდალურ აღიარებას, თუმცა საქართველოში არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტს არაფერი ახალი არ უთქვამს.

2008 წელს ჩვენ რომ შევმდრკალიყავით, ახლა სხვაგვარი იქნებოდა გეოპოლიტიკური განლაგება და მთელი რიგი ქვეყნები, რომლების ხელოვნურად შეთრევასაც ცდილობდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, დიდი ალბათობით უკვე იქ იქნებოდნენ...
დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი ”უხეშად” მოიქცა, მაგრამ ”მშვიდი სიტუაციის” უზრუნველსაყოფად ”აბსოლუტურად აუცილებელი” იყო ის ნაბიჯები, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მისამართით გადადგა. ამ შინაარსის განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა 21 ნოემბერს დონის როსტოვში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მედვედევი ამბობს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ”უბრალოდ დაამშვიდა” ”ზოგიერთი მეზობელი”, ხოლო პარტნიორებს და, მათ შორის, ნატოს, გაუგზავნა სიგნალი, რომ ”ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეს გაფართოების შესახებ, გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე უნდა იფიქროს.”

2008 წლის ომზე ლაპარაკი დმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ვლადიკავკაზში დაიწყო, როცა ის 58–ე არმიის შტაბს სტუმრობდა. მან თქვა: ”ეს იყო აბსოლუტური აუცილებლობა ჩვენი არმიისთვის, რომ გადაერჩინა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, რათა ის საფრთხე, რომელიც იმ დროს საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა, ბოლომდე თუ ვერ მოხსნიდა, შეეჩერებინა მაინც.“ სამხედრო ნაწილში, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა აგვისტოს ომის დროს, ერთ-ერთმა სამხედრო მოხელემ პრეზიდენტს შეუდრეკელობა შეუქო, რომელიც მან 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ”მშვიდობის იძულების” პროცესში გამოავლინა და ხაზი გაუსვა მზადყოფნას, ყოველთვის უსიტყვოდ შესრულდეს მთავარსარდლის ბრძანებები. მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მედვედევმა ქება შეიფერა და სწორედ ამ კონტექსტში ახსენა ნატოც:

”2008 წელს ჩვენ რომ შევმდრკალიყავით, ახლა სხვაგვარი იქნებოდა გეოპოლიტიკური განლაგება და მთელი რიგი ქვეყნები, რომლების ხელოვნურად შეთრევასაც ცდილობდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, დიდი ალბათობით უკვე იქ იქნებოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სიახლოვეს ჩნდება არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, არამედ ჩნდება სამხედრო ბლოკი... ბლოკი, რომელიც, სრულიად გასაგები მიზეზებით, გვიქმნის გარკვეულ უხერხულობას.”

მედვედევის განცხადებებს 22 ნოემბერს, საღამოს, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისიდან გამოეხმაურა, სადაც ის ახლად გახსნილ მთავრობის სახლში გამართულ სხდომას უძღვებოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება და არა მოსკოვს, როგორც ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ:

”უთავმოყვარეო, მონობას შეჩვეული ზოგიერთი პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ერთადერთი ჩვენი მომავალი არის მოსკოვში - იმ მოსკოვში, რომელმაც გუშინ აღიარა, რომ ომი, აგრესია ჩვენთან იმიტომ განახორციელა, რომ არ დაეშვა ნატოს გაფართოება ჩვენი საზღვრებისკენ და რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან.”
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები თბილისმა სკანდალურ აღსარებად მიიჩნია, რომელიც საყურადღებო სიახლეა საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, კიდევ ერთხელ ნათელი პასუხი გაეცა შეკითხვას - ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

დაახლოებით ერთი თვის წინ აქ ჩვენს კოლეგებს დავუსვი კითხვა - შეგიძლიათ თუ არა გაიმეოროთ, რომ საქართველომ დაიწყო ომი...
შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი - ბოლო პერიოდში ისევ აქტუალური გახდა საქართველოში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის განზრახვით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს უთქვამს, რომ კრემლის მიერ გამოგზავნილი ივანიშვილი კრემლისავე რიტორიკით სარგებლობს და ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

ამ შინაარსის მწვავე შეფასებები 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზეც გაკეთდა, სადაც მედვედევის განცხადებების ხაზგასმა საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა წარმომადგენელმა ჩათვალა საჭიროდ. ისინი თვლიან, რომ დისკუსია დამთავრებულია და ოპონენტებს ხმა აღარ ამოეღებათ. ეს თემა 22 ნოემბრის სხდომაზე პირველმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა წამოსწია:

”დაახლოებით ერთი თვის წინ აქ ჩვენს კოლეგებს დავუსვი კითხვა - შეგიძლიათ თუ არა გაიმეოროთ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა არის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ... ახლა მინდა ეს კითხვა ისევ გავიმეორო და გავიმეორო არა მხოლოდ ამ ადამიანების წინაშე, არამედ ვკითხო ეს ყველას - ვკითხო რესპუბლიკურ პარტიას, ვკითხო აღზევებულ მდაბიო ბიძინა ივანიშვილს, ვკითხო ირაკლი ალასანიას...”

ნუგზარ წიკლაურის მიერ ბიძინა ივანიშვილის ”აღზევებულ მდაბიოდ” მოხსენიება გააპროტესტა ოპოზიციონერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და, თავის მხრივ, ასეთ მიდგომას ”პროვინციალიზმის დოღი” უწოდა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს მოეჩვენა, რომ თანაგუნდელის შეფასება ”დიპლომატიური და რბილი” იყო და რომ რუსეთის მიერ მართულ ადამიანს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ”ძალიან ბევრი სხვა სახელიც შეიძლება ეწოდოს”.
ბუნებრივია, პოლიტიკური ოპონენტი გამოჩნდა და როგორც ოპოზიციურ ძალასთან ჭიდაობის ერთ-ერთი თემა, არის ეს თემაც...

თუმცა, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არაფერი უთქვამს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ევროკავშირის ეგიდით ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ დასკვნაში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციაშია ასახული, რომელსაც საქართველომაც დაუჭირა მხარი. გავიხსენოთ, რომ სწორედ ეს დოკუმენტები ახსენა ბიძინა ივანიშვილმა 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. რამაზ საყვარელიძე შეგვახსენებს, რომ ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, სხვასაც არაერთხელ უთქვამს საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, მაგრამ არსებობს მიზეზი, რის გამოც ყურადღება სწორედ მის გამონათქვამებზე მახვილდება:

”ბუნებრივია, პოლიტიკური ოპონენტი გამოჩნდა და როგორც ოპოზიციურ ძალასთან ჭიდაობის ერთ-ერთი თემა, არის ეს თემაც. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ივანიშვილთან მიმართებით ჯერ ვერ იპოვა სხვა რამ, რაზეც პედალირება შეუძლია... საერთოდ, პოლიტიკურ ბრძოლაში მეტოქეს აბრალებენ შეცდომასაც და მერე ამ შეცდომას პედალირებას უკეთებენ. არ არის ეს სიახლე.”

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე სიახლედ არც იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ დმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებით ნატოს ახსენებს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ აგვისტოს ომთან მიმართებით ანალიტიკურ წრეებში მუდმივად ფიგურირებდა რუსეთის განზრახვა, რომ საქართველოსთან ომით ”მუშტები ეჩვენებინა” საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და, მათ შორის, ნატოსთვისაც. ანალიტიკოსის თქმით, რუსეთი აშკარად დაინტერესებული იყო და ემზადებოდა კიდეც მასშტაბური ომისთვის და სწორედ ამიტომ მოეთხოვებოდა მეტი სიფრთხილე საქართველოს