თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის მომხსენებელი კშიშტოფ ლისეკი

თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე კშიშტოფ ლისეკი. პარლამენტში, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების დღევანდელ ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ლისეკმა აღნიშნა, რომ დროა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას ოკუპაცია ეწოდოს. მისივე განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ ხუთშაბათს დამტკიცებულ რეზოლუციაში ტერმინი ოკუპაცია სამჯერაა ნახსენები. ლისეკის განმარტებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას ევროპარლამენტი მიიჩნევს სერიოზულ პრობლემად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას და განვითარებას, და მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, საკუთარი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს. ლისეკი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ რუსეთთან მოლაპარაკება განაგრძოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება აიძულოს.