ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე

20 ნოემბერს მსოფლიოში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველები გაიხსენებენ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც ქსენოფობიის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ბოლო ათი წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოთხასამდე ასეთი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სექსუალური ორიენტაცია და მათი სექსუალური იდენტობა სხვებისგან გასხვავდებოდა.

საქართველოში დღეს ეგრეთ წოდებულ ”ლგბტ” ჯგუფის უფლებების დამცველი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ”ლგბტ” ჯგუფები სწორედ გეებს, ლესბოსელებს, ტრანსსექსუალებს აერთიანებთ. მიუხედავად ამისა, თუკი იგივე გეების თუ ლესბოსელების უფლებები ქვეყანაში კანონმდებლობის დონეზე მაინცაა დაცული, ტრანსგენდერებს (იმავე ტრანსსექსუალებს) ბევრად უფრო მეტად უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრაცია. და ასეა მთელ მსოფლიოში - საზოგადოების აგრესია ამ ადამიანების მიმართ ძალიან დიდია. სხვათა შორის, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღის აღნიშვნა მსოფლიოში დაიწყეს მას შემდეგ, რაც ბოსტონში, თავის ბინაში, მოკლეს როკმუსიკოსი, ტრანსსექსუალი რიტა ხესტერი. სან-ფრანცისკოში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ანთებული სანთლით ხელში. ეს ხალხი პროტესტს გამოთქვამდა სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2008 წელს ეს დღე აღინიშნა უკრაინასა და რუსეთშიც. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ტრანსფობია სიძულვილის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გამოვლინებაა. ამიტომ კანონმდებლები, პოლიტიკოსები ერიდებიან ხოლმე ტრანსსექსუალთა დაცვას... და არა მარტო ტრანსსექსუალთა. გასულ წელს საქართველომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის შესახებ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში საქართველოს დელეგაციის წევრმა გიორგი გაბაშვილმა თქვა:

”უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის ტრადიციები, წარმოდგენები იყოს აბსოლუტურად უგულებელყოფილი. არც ერთი ჯგუფის ინტერესების თავსმოხვევა ერთმანეთზე სწორი არ არის, რასაც ითვალისწინებს ეს ინიციატივა.”

საქართველომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ქართულ ტელეარხებზე ტრანსგენდერმა ადამიანებმა მაინც დაიმკვიდრეს ადგილი. იუმორისტულ გადაცემებში მათზე ქილიკობდნენ, პოპულარულ შოუში კი იწვევდნენ, ”გულისამაჩუყებლად ესაუბრებოდნენ” გულისამაჩუყებელ თემებზე - იწვევდნენ არა როგორც თავიანთი საქმის კარგ მცოდნეებს ან, უბრალოდ, საინტერესო ადამიანებს, არამედ იწვევდნენ სექსუალური ნიშნით, როგორც ეგზოტიკას, ტრანსსექსუალებს. ამიტომაც აღნიშნავს იურისტი და ”ლგბტ” ჯგუფის უფლებების დამცველი პაატა საბელაშვილი:

”ეს არაა ჩვენი არჩევანი, ესაა საზოგადოების არჩევანი, რადგან ჩვენი დისკრიმინაცია იმის მიხედვით ხდება, რასაც ჩვენ ლოგინში ვაკეთებთ და არა იმით, რასაც მე ქუჩაში ვაკეთებ. აქედან გამომდინარე, ჩემი სხეული აღარაა ჩემი სხეული.”

ესაა პაატა საბელაშვილის რეაქცია რადიო ”კვირის პალიტრის” ეთერში, შალვა რამიშვილის შოუში, მას შემდეგ, რაც ”რუსთავი 2”-ის პოპულარულ შოუში ”პროფილი” ქართველი ტრანსსექსუალი გამოჩნდა. პაატა საბელაშვილის თქმით, ტრანსსექსუალის მხრიდან ასეთ პროგრამაში მონაწილეობა ძალიან გაბედული ნაბიჯია, მით უმეტეს, რომ მან კარგად იცის, როგორ აღიქვამს მას საზოგადოება:

”მე დიდ პატივს ვცემ ადამიანის გამბედაობას, როცა ის გამოდის და ღიად აცხადებს. თუკი ადამიანი იმ გადაცემებში მიდის, ე.ი. ის არის სასოწარკვეთილი, გარკვეულწილად არის მისული ზღვარზე. ამიტომ მიდის იქ, რომ აქვს ილუზია - ამით მის ცხოვრებაში რამე სასიკეთოდ შეიცვლება.”

თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სოლიდარობას, რაც ბოლო ხანებში შეიმჩნევა მსოფლიოში, არაა გამორიცხული ქართველ ტრანსსექსუალთა სურვილი მიიღოს ისინი საზოგადოებამ ისეთი, როგორიც არიან, სულაც არ იყოს ილუზია.