ჯაზი და ფოტოგრაფია

ჩარლი პარკერი, ტომ პოტერი, მაილს დევისი, დიუკ ჯორდანი,1947 წელი

როცა საუკუნისწინანდელ ამერიკულ მუსიკას ვუსმენ, მაგალითად, ჯელი როლ მორტონის გაჯაზებულ ამ რეგტაიმს, თვალწინ გაცრეცილი, შავ-თეთრი ფოტოები მიდგას ხოლმე, რომლებზეც ახალი ორლეანის კრეოლური ბენდებია გამოსახული. მუსიკოსები კოხტა, მუქ კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი, ტონობით ბრიოლინით თმაზე. ყველას თავისი ინსტრუმენტი მოუმარჯვებია - ზოგს კორნეტი, ზოგს ტრომბონი ან საყვირი, ზოგს კონტრაბასი მკლავზე მიჯნურივით გადაუწვენია და დასცქერის კბილებდაკრეჭილი.

პირველი, რასაც გაიფიქრებ, ის არის, რომ საოცრად არაბუნებრივად გამოიყურებიან: გახევებულები დგანან, ზოგჯერ იმდენად გადამეტებული არტისტულობით პოზირებენ, რომ გეღიმება კიდეც. მიზეზი კი მარტივია. ოციან წლებში ტექნიკა ნაკლებად იძლეოდა ე.წ. რეპორტაჟული ფოტოს გადაღების საშუალებას უშუალოდ მუშაობის პროცესში, მაგალითად, კონცერტის ან რეპეტიციის დროს. ამიტომ მუსიკოსები მეტწილად სტუდიებში, ასე ვთქვათ, უსულო, დადგმულ, სარეკლამო ფოტოებს იღებდნენ.

დრო გავიდა. ტექნიკა განვითარდა და ფოტოს გადაღება უკვე სტუდიის გარეთაც გახდა შესაძლებელი. თანაც, ეს ის ხანაა, ჯაზორკესტრული რეგტაიმ-სვინგაობა ბიბოპმა რომ ჩაანაცვლა. ბიბოპმა კი წინა პლანზე უკვე ინდივიდები და მათი მუსიკა გამოიტანა. შესაბამისად, ფოტოგრაფების ინტერესიც მათკენ მიემართა და კლასიკური ჯაზური ფოტოგრაფიაც სწორედ რომ ჯაზის ოქროს ხანაში - ორმოციან-სამოციან წლებში - ჩაისახა.

იმ მელომანს რა ვუთხარი, ჯაზით რომაა გატაცებული და რომელიმე მუსიკოსის ფოტოს არ დაკიდებს საკუთარი ოთახის კედელზე. მაგალითად, უილიამ გოტლიბის (William Gottlieb) ორთითა ბოშას - ჯანგო რეინჰარტს, ფრენსის ვულფის (Francis Wolff) - წმინდანად შერაცხულ ჩაფიქრებულ კოლტრეინს, ჰარდ-ბოპის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს, Blue Train-ს რომ იწერს, უილიამ კლაქსტონის (William Claxton) ჩეტ ბეიკერს, პაკისტანელ ცოლთან ჰალემა ალისთან ერთად, ან ჯიმ მარშალის (Jim Marshall) მაილს დევისს კრივის რინგზე.

http://www.youtube.com/embed/00tzcnyDL68

მოკლედ, არჩევანი, იცოცხლე, დიდია, ფოტოს შერჩევა კი ინდივიდუალური გემოვნების ამბავია. ამიტომაც ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. ჰერმან ლეონარდს ვგულისხმობ, ამერიკელ ფოტოგრაფს, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ყველაზე შთამბეჭდავად მოახერხა ეპოქის ჯაზური სულის ფოტოქაღალდზე გადმოტანა.

თავად იუსუფ კარშის შეგირდი, ნიუ-იორკის ღამის კლუბებს ურიგდებოდა და რეპეტიციებისა თუ კონცერტების გადაღების უფლებას იღებდა, სანაცვლოდ კი ფოტოებს აძლევდა საჩუქრად აფიშებისთვის. ასე ქმნიდა წლების მანძილზე საოცარი საღამოების ვიზუალურ დღიურს.

ამბობდა, მუსიკა ძალიან უნდა გიყვარდეს, ჯაზი რომ გადაიღოო. თუ როგორ უყვარდა, სიტყვებზე მეტად მისივე ნამუშევრები მეტყველებენ. ხელწერა კი ყველასგან გამორჩეული ჰქონდა: მკვეთრი შავ-თეთრი ტონები, სიბნელეში, თამბაქოს კვამლში გახვეული სილუეტები, უჩვეულო რაკურსები, როიალის ზედაპირზე არეკლილი გამოსახულებები. და, რა თქმა უნდა, ხასიათები: შთაგონებული დექსტერ გორდონი, მოუწყობელი ცხოვრებით დაღლილი ბილი ჰოლიდეი - თრობაშეპარული თვალებით, ჭირვეული მაილს დევისი, კეკლუცი დედოფალი ელა ფიცჯერალდი, ლაღი და მუღამიანი დიზი გილესპი და ბევრი სხვა.

http://www.youtube.com/embed/_nxthSkRT6g

ჰერმან ლეონარდი კოლეგებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მუსიკოსების ზნისა თუ ხასიათის ობიექტივში გამოჭერის უნიკალური ნიჭი ჰქონდა. ამის დასტურად, ერთ ნამუშევარს გავიხსენებ, კერძოდ - დიუკ ელინგტონის ფოტოს.

დიუკ ელინგტონი


„ჰერცოგი“ დიდი მუსუსი ვინმე იყო, ჰოდა, მუსიკოსის ხასიათის ამ მხარეზე ნადირობდა. მოინადირა კიდეც 1960 წელს პარიზში, ერთ კერძო წვეულებაზე. ჯაზისადმი ფრანგების განსაკუთრებული სიყვარულის ამბავი ხომ ისედაც ცნობილია, ფორტეპიანოზე დამკვრელი მამაკაცები კი გოგოებს მაშინაც მოსწონდათ. თანაც, თუ დამკვრელი დიუკი იქნებოდა, დიდგვაროვანის ნატიფი მანერებითა და ელეგანტური მიხრა-მოხრით, ფრანგ ლამაზმანებს, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდათ. ამ ფოტოზეც სწორედ სამი პარიზელი ქალბატონის ელეთ-მელეთია აღბეჭდილი - ელინგტონს თავს ახვევიან და ისიც მომნუსხავი ღიმილით სამივეს ჯაზურ ენაზე ეფლირტავება.

არტისტი ასეთ დროს რასაც განიცდის, მუსიკოსებს ჩემზე უკეთ მოეხსენებათ. მართალია, ელინგტონობა, ცოტა არ იყოს, რთული საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ - მუსიკოსებსაც და, რა თქმა უნდა, ჯაზით შთაგონებულ ფოტოგრაფებსაც.

http://www.youtube.com/embed/bHRbEhLj540