ქუთაისის ბიუჯეტის პრიორიტეტები შეიცვალა

ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში, მიმდინარე წლისგან განსხვავებით, მეტი ყურადღება სოციალურ პროექტებს დაეთმობა. ოფიციალური ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის ადგილობრივი საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი, 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2 მილიონი ლარით გაიზრდება და 36 მილიონ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონ ლარამდე თანხას რეგიონალური განვითარების ფონდი გამოყოფს. ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერებით კი 24 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

როგორც მერიის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, ქალაქის ბიუჯეტის პროექტში ყველაზე დიდი თანხა - 7 მილიონი ლარი - საბინაო-კომუნალური მეურნეობისთვისაა გათვალისწინებული, გარემოსდაცვითი პროგრამებისთვის - 3 მილიონ 500 ათასი ლარი, კულტურისა და განათლებისთვის - 5-5 მილიონი ლარი, სპორტული პროექტებისთვის - 4 მილიონი ლარი, სოციალური პროგრამებისთვის, რომლებიც სოციალურ შემწეობებთან ერთად უფასო მგზავრობასა და მედიკამენტებით დახმარებას გულისხმობს, 1 მილიონ 210 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამები მომავალ წელს 662 ათასი ლარით დაფინანსდება.

საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის თემურ ცაგარეიშვილის განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მსგავსად, მოსახლეობის პრობლემების გათვალისწინებით დაიგეგმა.
თემურ ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი, ორგანული კანონის შესაბამისად, ვადების დაცვით წარედგინა საკრებულოს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ქრისტიან-დემოკრატ დავით დვალის განმარტებით კი, პროექტი მას განსახილველად ჯერჯერობით არ მიუღია და, შესაბამისად, მისთვის უცნობია როგორც ბიუჯეტის პრიორიტეტები, ასევე ის თანხები, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება მომავალ წელს განკარგავს. დავით დვალის აზრით, განსხვავებით 2011 წლის ბიუჯეტისგან, სადაც ყურადღება ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა, მომავალი წლის ბიუჯეტი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროგრამების მიხედვით უნდა განისაზღვროს.

მოქალაქეები, რომლებიც, მართვის ტერიტორიული ორგანოების ხელშეწყობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ამბობენ, რომ ქალაქის მერსა და უბნის მაჟორიტარ დეპუტატს საკუთარი პრობლემები პირადად გააცნეს.
რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა არასაკმარისია. ხელისუფლებამ პრიორიტეტად ეს სფეროები უნდა გამოაცხადოს და,შესაბამისად, მათ დასაფინანსებლად მეტი თანხა გახარჯოს.