ჯერ არ დამტკიცებული ბიუჯეტის კრიტიკა

გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ამჟამად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ პროექტი განსახილველად საკრებულოში შევა, შენიშვნებისა და შესწორებების შემდეგ კი დამტკიცდება. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, გასული წლის ბიუჯეტის მსგავსად, ახალ ბიუჯეტშიც პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალური პროგრამების დაფინანსება იქნება.

ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, ოპოზიცია კი უკვე დარღვევებზე საუბრობს. „ახალი მემარჯვენეების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის იოსებ ბორცვაძის აზრით, ახალ ბიუჯეტში მოსახლეობის ინტერესები ვერანაირად ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან დაგეგმვისას ხელისუფლება არავის არაფერს ეკითხება. ბორცვაძის აზრით, ბიუჯეტში პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უნდა იყოს, რათა დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. მისი თქმით, ხელისუფლება ახალ ბიუჯეტს არჩევნებს მოარგებს და რესურსებს საკუთარი პიარკამპანიისთვის გამოიყენებს.

ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში ხელისუფლებას რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, საკრებულოს წევრი დავით რაზმაძეც აკრიტიკებს. მისი აზრით, კანონდარღვევაა, როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფედერალური სამსახურები ფინანსდება, რომლებიც ისედაც მილიონობით ლარს იღებენ. რაზმაძის თქმით, ადგილობრივი საკრებულო და გამგეობა ვანო მერაბიშვილის საამებლად პოლიციას ძალიან ხშირად აფინანსებს.

ადგილობრივი შემოსავლებით და გამოთანაბრებითი ტრანსფერით გორის შარშანდელი ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით განისაზღვრა, მაგრამ ამას მიზნობირვი პროექტების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაც მოჰყვა. ჯამში, გორის ბიუჯეტმა 2011 წელს 17 მილიონს მიაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს პარამეტრები მომავალ წელს მცირედით გაიზრდება.