იტალიის სენატმა დაამტკიცა ეკონომიკური რეფორმების გეგმა, რომლის მიზნადაც სახელდება გაკოტრების თავიდან აცილება. არსებობს საფრთხე, რომ იტალიისა და ევროკავშირის ზოგი სხვა წევრი ქვეყნის ვალებით გამოწვეული კრიზისი გამოიწვევს რეგიონული მასშტაბის რეცესიას. იტალიის სენატში, ანუ პარლამენტის ზედა პალატაში დამტკიცების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ რეფორმებს შაბათს, ან კვირას დაამტკიცებენ ქვედა პალატაში. რეფორმები ითვალისწინებს სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების პრივატიზებასაც. ამასობაში, საბერძნეთში გაიმართა ახალი, დროებითი მთავრობის ინაუგურაცია. ერთგულების ფიცი დადო ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ლუკას პაპადიმოსმა, რომელმაც მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა გიორგიოს პაპანდრეუსი. ახალ მთავრობას ევალება, განახორციელოს რეფორმები, რომელთაც ევროკავშირი მოითხოვს საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების მისაწოდებლად. საბერძნეთისათვის დაპირებული დახმარება, რომელსაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფინანსებენ, მოიცავს 130 მილიარდ ევროს და ითვალისწინებს ათენის ვალების 50 პროცენტის ჩამოწერას.