ოსურ ენას გაქრობის საფრთხე ემუქრება

ორი დღის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩატარდება. ამომრჩევლებმა რუსული ენის სტატუსი უნდა განსაზღვრონ და უპასუხონ კითხვას, სურთ თუ არა, რომ ოსურთან ერთად რუსული ენაც სახელმწიფო ენად გამოცხადდეს.

ახლა მთელი ყურადღება დე ფაქტო რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანიაზეა გადართული და რეფერენდუმის საკითხს თითქმის არავინ ახსენებს. თუმცა ოსურ საზოგადოებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ოსური ენის ბედი აწუხებს და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სასურველად არ მიაჩნია. დე ფაქტო რესპუბლიკის უნივერსიტეტის ოსური ლიტერატურის კათედრის დოცენტი ალა ბიაზაროვა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ოსი ხალხი რუსული ენის გავლენის ქვეშ ექცევა და ძალიან სწრაფად კარგავს მშობლიურ ენას. მისი აზრით, სამხრეთი ოსეთი მალე ჩრდილოეთ ოსეთის მდგომარეობაში აღმოჩნდება, სადაც ოსურ ენაზე თითქმის აღარავინ ლაპარაკობს. ბიაზაროვას აზრით, ოსური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ წელს ოსური ენის განვითარების პროგრამა მიიღო, ცხინვალში ახალგაზრდები ამ ენაზე საერთოდ აღარ საუბრობენ. უპირატესობას რუსულ ენას ანიჭებენ. ოსური კი მხოლოდ სასაუბრო ენად დარჩა და ამ ენაზე მხოლოდ მოხუცები და მაღალმთიანი რაიონების მცხოვრებლები ლაპარაკობენ. ცხინვალში ოსურ ენაზე ერთადერთი გაზეთი - „ხურზარინი“ - გამოდის. გაზეთის რედაქტორი იური გაბარაევი რეფერენდუმის კითხვას უარყოფითად უპასუხებს. მისი აზრით, პრობლემა სერიოზულია და მის გადასაჭრელად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ზურაბ ბენდიანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ მომავალი რეფერენდუმი პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვისაც შეიცავს. მისი აზრით, ოსური ენის გაქრობის პრობლემა ერთია, მეორე კი - რუსეთის მიერ თვითაღიარებული რესპუბლიკის საერთოდ მიერთების საფრთხე, რომელსაც ეს რეფერენდუმი წინ უძღვის.

ორ დღეში თვითაღიარებულ რესპუბლიკაში იქ მცხოვრებმა ადამიანებმა ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა განსაზღვრონ, მიიღებენ თუ არა რუსულს სახელმწიფო ენად, რომელსაც უკვე ოსურ ენაზე უფრო ხშირად იყენებენ.