ქართული მედია და ბავშვები

”ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში” - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც წელს განახორციელეს გაეროს ბავშვთა ფონდმა და სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა. გასულ კვირას პროექტი დაიხურა დისკუსიებით, რომელიც ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში გაიმართა.

წლის დასაწყისში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად გადაწყვიტა ჩაეტარებინა ტელევიზიების, გაზეთების მონოტორინგი იმის გასარკვევად, თუ რამდენად ხშირად და როგორ ირღვევა ბავშვის უფლებები მედიაში. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის, ჟურნალისტ ია ანთაძის თქმით, მდგომარეობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გამოსწორდა. მიუხედავად ამისა, დარღვევები იყო და ტელევიზიებს ამ დარღვევებზე რეაქცია მოსთხოვა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მაუწყებლის კანონში შესაბამისი ცვლილების გარეშე ძნელი იქნება ტელევიზიებს ბავშვის უფლებების დაცვა მოსთხოვო. ამიტომ დისკუსიების ის ციკლი, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა გამართეს ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში, ადვოკატურას უფრო ჰგავდა: ჟურნალისტებს სთხოვეს მხარი დაეჭირათ მაუწყებლობის კანონში ცვლილებისთვის და უჩვენეს ბავშვის უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები - შედეგი მედიამონიტორინგისა, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა განახორციელა.

“ძალიან ხშირად ხდებოდა ბავშვთა უფლებების დარღვევა მედიაში. ჩვენი მიზანი იყო სწორედ ერთად გვემსჯელა ამ თემაზე. ეს არაა თითის დაქნევა და სანქციების დაწესება. ჩვენი მიზანი იყო თანამშრომლობა”, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე.

ასეა თუ ისე, მარტის თვიდან დაიწყო დიალოგი სხვადასხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან და, როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ია ანთაძემ ბათუმში გამართულ დისკუსიაზე აღნიშნა, ტელეკომპანიები აღიარებენ, რომ გარკვეულ შემთხვევაში დაირღვა ბავშვთა უფლებები. ამ შეხვედრებზე დასახელდა კონკრეტული ფაქტები, გადაცემები: ჟურნალისტები ხშირად ღიად აცხადებენ სახელს და გვარს ბავშვისა, რომელიც მხოლოდ ეჭვმიტანილია დანაშაულში, აჩვენებენ ბავშვების სახეებს ანდა იმ ბავშვებს ასახელებენ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

ბავშვის საკითხების გაშუქების პროცესში სტანდარტების დაცვა მართლაც რომ ზღუდავს ჟურნალისტს, მაგრამ ამ შეზღუდვამ, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის თქმით, შეიძლება გამოაღვიძოს ფანტაზია და უფრო საინტერესო გახადოს მასალაზე მუშაობა. ბავშვის სახის ჩვენება არ შეიძლება, გვარის ხსენება არ შეიძლება, მაგრამ სამყარო არაა მხოლოდ ეს სახე. ნინია კაკაბაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული ფაქტები გაიხსენა.

ყოველთვის არის სხვა ხერხი, რომლითაც შეიძლება გადმოვცეთ ამბავი და ავაღელვოთ მაყურებელი ბავშვის უფლებების დარღვევის გამო. ამ ხერხების მოძიებასაც ისახავდა მიზნად დისკუსიების ციკლი, რომელიც გასულ კვირას გაიმართა საქართველოს რეგიონებში.