ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივნი

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დაასრულა და ბათუმში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტთან ნატოს გენერალური მდივნისა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩების შეხვედრის შემდეგ, ბათუმში გაიმართა ანდერს ფოგ რასმუსენის და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.

დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა ჩრდილოატლანტკური საბჭოს სხდომა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 2008 წელს, ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ, ”საქართველო უფრო ახლოსაა ალიანსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.” დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ, ჩიკაგოს სამიტზე მოხდება ნატოსთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება. ”რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ ეს არ არის ცალმხრივი გზა და გვესმის, რამდენი უნდა გააკეთოს საქართველომ ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება იმისა, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები.“ ანდერს ფოგ რასმუსენმა პარლამენტს დემოკრატიის ქვაკუთხედი, დემოკრატიას კი, საქართველოს მომავლის ქვაკუთხედი უწოდა. „საქართველო უკვე არის ნატოს ძლიერი პარტნიორი და მე მოუთმელად ველი იმ დღეს, როდესაც ალიანსის ძლიერი წევრი იქნებით“, - განაცხადა რასმუსენმა. მისივე თქმით, ნატოს წევრობა მუშაობას და რეფორმებს მოითხოვს და ალიანსი მზად არის საქართველოს ამ კუთხით დაეხმაროს.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები დღეს თბილისში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ელჩები დაინტერესდნენ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სტატუსით და მის მიმართ სახელმწიფოს მოქმედებებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ნატოს სახელმწიფოთა ელჩებთან შეხვედრისას საუბარი იყო სასამართლო სისტემისა და მედიის მდგომარეობაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საპატიმროებში არსებულ პრობლემებზე.