ვინ როგორ აფასებს ირანის შესახებ გაეროს ანგარიშს

ურანის გამამადიდრებელი ობიექტი ნათანზში. სატელიტური ფოტო

დასავლეთის ქვეყნები აპირებენ, გააძლიერონ ირანზე ზეწოლა მას შემდეგ, რაც გაეროს ატომურმა უწყებამ გამოაქვეყნა ანგარიში ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ამ ანგარიშის მიხედვით, ძლიერი საფუძველი აქვს ვარაუდს, რომ ირანის პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. შესაბამისად, დასავლეთის ქვეყნები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ახალი სანქციების შემოღებას თეირანის წინააღმდეგ. მაგრამ ასეთ გეგმას ეწინააღმდეგება რუსეთი.
მოსკოვი გამორიცხავს მხარდაჭერას ზომებისა, რომელთა საჭიროებაზეც დასავლეთის ქვეყნები ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

საფრანგეთი გამოვიდა მოწოდებით, ანგარიშის განსახილველად მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ალენ ჟუპეს განცხადებით, პარიზი მზადაა, მხარი დაუჭიროს „უპრეცედენტო“ სანქციებს, თუ ირანი არ შეასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს.

დამატებითი სანქციების საჭიროებაზე მიუთითა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმაც, ისევე როგორც მისმა გერმანელმა კოლეგამ, გიდო ვესტერველემ. „თუ ირანი კვლავინდებურად უარს იტყვის მისი ატომური პროგრამის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებზე, გარდაუვალი იქნება ახალი, უფრო მკაცრი სანქციების მიღება. გზა, რომელიც გადის გადამჭრელ, შეძლებისდაგვარად ფართომასშტაბიან სანქციებზე, სწორია. შესაძლო სამხედრო ზომების შესახებ დისკუსიაზე კი უარს ვამბობთ“, - განაცხადა ბერლინში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე გაეროს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

ირანის პროგრამაზე ამ, ბოლო ანგარიშში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ირანმა ჩაატარა გამოცდები, რომლებიც მნიშვნელოვანია „ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის“ დასამზადებლად. ამ შეფასების გამოთქმით, გაეროს სააგენტომ პირველად დაუკავშირა ირანის ბირთვული პროგრამა უშუალოდ იარაღის წარმოებას.

თეირანი ბრალდებას უარყოფს. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაეროს ანგარიშს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ირანი „იოტისოდენადაც“ არ გადაუხვევს თავისი ბირთვული პროგრამიდან, რომელიც მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

იქვე აჰმადინეჟადმა გაეროს უწყებას უსაყვედურა, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს შეერთებული შტატების ბრალდების მხარდაჭერით: „რატომ ლახავთ სააგენტოს რეპუტაციას, ამერიკის ცარიელი განცხადებების მხარდაჭერით? თქვენსავე ინტერესებში იქნება ირანელი ხალხის მეგობარი რომ იყოთ. ისტორია აჩვენებს, რომ ირანის მტრებს წილად არ ხვდომიათ დიდება და გამარჯვება“.

შეერთებული შტატებიდან, რომელსაც აჰმადინეჟადი „ცარიელ განცხადებებში“ ადანაშაულებს, თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა გაეროს ატომური სააგენტოს ანგარიშს. შეკითხვას, განიხილავს თუ არა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესაძლებლობას, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯეი კარნიმ უპასუხა, რომ მიმდინარეობს დისკუსია ამ საკითხზე.

გაცილებით უფრო მკაფიოდ იქნა ფორმულირებული რუსეთის პოზიცია: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გენადი გატილოვმა გამოთქვა შეფასება, რომ „ირანის მიმართ დამატებით სანქციებს საერთაშორისო თანამეგობრობა აღიქვამდა, როგორც ირანის მმართველი რეჟიმის შესაცვლელ“ ზომას, რაც „მიუღებელია“ მოსკოვისათვის, რომელიც დიალოგს მიიჩნევს ერთადერთ სწორ გზად.

გაეროს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი მუდმივი წევრის, ჩინეთის პოზიციას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, საგარეო უწყების პრესმდივანმა ჰონ ლეიმ განაცხადა: „გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ უნდა დაიკავოს მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია და აქტიურად იმუშაოს გარკვეული საკითხების დასადგენად, ირანთან თანამშრომლობის გზით. ირანმაც უნდა აჩვენოს მოქნილი პოზიცია და გულწრფელობა და ჩაერთოს გაეროს სააგენტოსთან სერიოზულ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა.

ირანთან მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის (მათ შორის ჩინეთის) მოლაპარაკებებზე ამ ექვსეულის წარმომადგენელი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი როგორც აღნიშნავს, გაეროს ანგარიში კიდევ უფრო მეტ საფუძველს აძლევს შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამის გამო.

საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ ისრაელში. გაეროს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ამ ქვეყნის მთავრობამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, არ დაუშვას ირანის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნა.