შეხვედრა სამშობლოსთან

„როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას
და როგორ შემეყრება იგი მე?“


ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის.

მხოლოდ გუშინ მივხვდი, რა ღრმა კანონზომიერებაა ამ ფაქტში და რა ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ბატონ ბიძინას იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს.

იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა; იმის მიუხედავადაც, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია თავის სამშობლოში; კიდევ, იმის მიუხედავად, რომ, ოჯახთან ერთად, ბოლო წლები მშობლიურ ჭორვილაში გაატარა, – სავარაუდოდ, მოქალაქე ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს შეხვედრა ჯერ არ მომხდარა. აქამდე ქველმოქმედი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ხვდებოდა საქართველოს სულ პატარა ნაწილს ჭორვილის სახლში და უფრო დიდ ნაწილს – ტელევიზორის ეკრანზე.

ეს არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, ქართველების უმრავლესობისთვის პატივსაცემ ადამიანს საქართველოს პრემიერობა რომ არ გადაეწყვიტა, – რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ ხვალ ბიძინა ივანიშვილმა უნდა ითავოს და იტვირთოს პასუხისმგებლობა ჩვენს საერთო სამშობლოზე.

ეს კი გულისხმობს, რომ სანამ რამე სხვა მოხდება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოსთან.

როცა ბატონ ბიძინასთან რამდენიმე საათი პირისპირ ვისაუბრე, მაშინ „შეხვედრის“ თემაზე არ მიფიქრია: უფრო ზედაპირულ – პოლიტიკურ – საკითხებს ვუტრიალებდი. ახლა ვწუხვარ, რომ მისთვის არ მიკითხავს და, შესაბამისად, არ ვიცი, რა უნახავს მას საქართველოში: ქართლში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, აფხაზეთში, სამცხე–ჯავახეთში, თუნდაც, იმერეთში... არ ვიცი, რა უფიქრია თუ უგრძვნია თუშეთში, ხევსურეთში, ფშავში, სვანეთში სტუმრობისას... არ ვიცი, როდის წაუკითხავს ბოლოს „ვეფხისტყაოსანი“ და, როცა წაუკითხავს, ტარიელი უფრო „თავისიანად“ მიუჩნევია თუ ავთანდილი... არ ვიცი, ვის იცნობს საქართველოში, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, ვანო მერაბიშვილისა, „ქართული ხმებისა“ და იმ ადამიანებისა, ვისაც ტელევიზიით ხედავს საქართველოს მოსახლეობა... ოღონდ, დარწმუნებული ვარ, რომ იმის შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო, იგი თავის სამშობლოს არ შეხვედრია. ასეთი შეხვედრა უბრალოდ ვერ მოხდება სასახლეში, რაგინდ უზარმაზარი და მიმზიდველი იყოს ეს სასახლე და ყველაფერი, რაც მასშია განთავსებული.

არადა, შეხვედრა არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი საყოველთაო წყურვილი და აუცილებლობა შეხვედრისა არ ყოფილა, როგორიც არის აქ და ახლა. არასოდეს ჩვენს ცხოვრებაზე ასეთი აბსოლუტური გავლენა არ ჰქონია პიროვნებისა და სამშობლოს შეხვედრის შედეგს, როგორიც ახლა შეიძლება ჰქონდეს.

ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილს მოუხდება, დატოვოს თავისი კარგად დაცული სახლი და წავიდეს თავის სამშობლოსთან შესახვედრად. ადამიანები, რომლებიც მისი სახლის მიღმა არიან, – რომლებიც არიან კიდეც სამშობლო, – მოუთმენლად მოელიან მასთან შეხვედრას.

ბიძინა ივანიშვილმა იცის (ამაზე ვისაუბრეთ), რომ არ უნდა ეძებოს აღფრთოვანებული ადამიანები, იმიტომ, რომ აღფრთოვანებით ღირებულს ვერაფერს ააშენებ – როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვერ ააშენა რაიმე ღირებული მისით აღფრთოვანებულ თანამოქალაქეებთან ერთად. მაგრამ, სად – რომელ სივრცეში – შეიძლება მოხდეს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც მას თავისი პირობის პირნათლად შესრულებაში დაეხმარებიან? იმ მოქალაქეებთან, რომლებიც თავისი ცოდნით, პატიოსნებით, შრომით შეძლებენ, დათქმულ ორ–სამ წელიწადში შეცვალონ ქვეყანა? სად შეხვდებიან ერთმანეთს ივანიშვილი და რომელიმე კახელი ან გურული გლეხი? ივანიშვილი და რომელიმე მსახიობი, რომელსაც, მრავალი წელია, ხელფასს უხდის ისე, რომ მისი არსებობაც არ იცის? ივანიშვილი და მატარებლის რომელიმე მემანქანე? ივანიშვილი და რომელიმე სტუდენტი? ივანიშვილი და რომელიმე საჯარო მოხელე, რომელსაც მისი გამოჩენა თან ახარებს და თან აშინებს?.. სად შეხვდება ივანიშვილი მასწავლებელს, მეცნიერს, ბიბლიოთეკარს, მუზეუმის თანამშრომელს, ექიმს... სად მოძებნის იმ ასობით და ათასობით ადამიანს, რომელთა გაცნობა მას აფიქრებინებს – აი, ხალხი! ამათ ჩემზე უკეთ სცოდნიათ, რა სჭირდება საქართველოსო?!..

ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდება, დამოკიდებულია სწორედ იმაზე, როგორ უპასუხებს ბიძინა ივანიშვილი ამ უმთავრეს გამოწვევას: თავისი სამშობლოს ღვიძლი შვილების მოძებნას, მათ დანახვას და მოსმენას. როგორ შეძლებს, რომ დაასწროს და თავად მივიდეს თავის ხალხთან მანამ, სანამ ისინი მივლენ მის პარტიულ ოფისებში.

გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად სხვებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ეს თითოეულს შეიძლება დაგვემართოს და, მათ შორის, – წლების განმავლობაში ჭორვილის, ურეკის თუ თბილისის გრანდიოზულ სახლებში სხვებისგან იზოლირებულად მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილს. ახლა მას მოუხდება, თავიდან ისწავლოს, რომ ადამიანები არსებობენ მისგან დამოუკიდებლად და თითოეულ მათგანს აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის (მათ შორის, თუნდაც, „მიხეილ სააკაშვილის ჟურნალისტი“). სწორედ ასე, სხვისი არსებობის აღიარებით, სხვისი დანახვით, ზოგჯერ – სხვისი უპირატესობის შემჩნევით და ამით მოგვრილი სიხარულით – იწყება შეხვედრა, რომელმაც, შესაძლოა, თითოეული ადამიანის და ჩვენი საერთო სამშობლოს ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს.

მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი – ერთი სხვა თანამოქალაქეთა შორის, რომელიც ხედავს, რომ მისი მსგავსი და მასზე უკეთესი მოქალაქე საქართველოში ბევრია და სწორედ მათთან ერთად შრომა, მათთან ერთად ქვეყნის შენება არის ბედნიერება.

„კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ერთ ძველ მასალაში ბიძინა ივანიშვილი თავად ხსნის საკუთარი ქველმოქმედების არსს. სწორედ ამ ნაწერმა დამაფიქრა იმის შესახებ, რომ ქველმოქმედება, სიკეთის კეთება, თუნდაც, სიცოცხლის გადარჩენა – ჯერ კიდევ არ ნიშნავს სამართლიანობას და სხვა ადამიანის სიყვარულის უნარს: „ქველმოქმედი, გინდ გახმაურებული იყოს მისი საქმეები და გინდაც შენიღბული, ორივე შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავისთვის იღვწის. პირველ შემთხვევაში – ის დამატებით მოგებაზე ან დამატებით ხმებზე ფიქრობს; მეორე შემთხვევაში კი – საკუთარი საქციელით ტკბობაზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, პირველნი მატერიალური კეთილდღეობის განმტკიცებისთვის ზრუნავენ, მეორენი კი სულიერი გამდიდრებისთვის“ (2005 წელი, 9–15 მაისი).

ის ადამიანები, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ბანკ „ქართუსთან“ რიგში იდგნენ ანგარიშის გასახსნელად, ქველმოქმედები არ არიან – არც დამატებით მოგებაზე ფიქრობენ და არც საკუთარი საქციელით ტკბობაზე. ისინი სწორედ სამართლიანობისთვის იბრძვიან და ჰუმანიზმის მაგალითს გვიჩვენებენ ყველას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს ქვეყანას. ისინი იმსახურებენ, რომ მათი სამშობლო მათთან ერთად აშენოს არა ბიზნესმენმა, არამედ – მოქალაქემ.

მე ასე ვხედავ: საკუთარი სულიერი გამდიდრებისთვის მოფიქრალ ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა და სწორედ პოლიტიკური სივრციდან განდევნით მისცეს შანსი, რომ თავიდან დაიბადოს, – დაიბადოს საკუთარი სამშობლოს წიაღიდან, როგორც საქართველოს მოქალაქე. ამიტომ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას სააკაშვილი არათუ არ მიანიჭებს, არამედ, უმალ – ვერ მიანიჭებს. ამ სტატუსის ბედი „სხვაგან“ წყდება.

სხვათა შორის, ეს გზა – დაბალი სტატუსიდან მაღალ სტატუსამდე – თავად მიხეილ სააკაშვილმა გაიარა 2003 წელს ჰორიზონტალურ სივრცეში: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან წალენჯიხამდე და შემდეგ უკან პრეზიდენტობამდე. ბიძინა ივანიშვილს უფრო რთული ამოცანა აქვს. მან უნდა გაიაროს გზა ვერტიკალზე: ბიზნესმენობიდან სამშობლოს გულისგულამდე და უკან – მოქალაქეობამდე.

თუ ამ გზას მშვიდობით გაივლის, საკუთარი სახლიდან სამშობლოს შესახვედრად წასული და პრემიერ-მინისტრის ოფისში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი იქნება შეუდარებლად წარმატებული ადამიანი, ვიდრე დიდი მეცენატი და მსოფლიოში აღიარებული ბიზნესმენი – ბიძინა ივანიშვილი.