”თრიალეთი” ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია ”თრიალეთის” ხელმძღვანელების პრესკონფერენცია

რეგიონალური ტელეკომპანია ”თრიალეთი” ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი ირწმუნებოდა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ტელეკომპანიამ ღიად გამოხატა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერა.

ლადო ბიჭაშვილი ტელეკომპანია ”თრიალეთის” ჟურნალისტია. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, ბოლო რამდენიმე დღეა პირად ტელეფონზე შეუარაცხმყოფელ და მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებს. სწორედ ამიტომ ლადომ ორი დღის წინ პროკურატურას მიმართა. აგრესია ჩვენ მიმართ განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა დავსვი და მოგვიანებით ტელეკომპანია ”თრიალეთის” პირდაპირ ეთერში პრესკონფერენციის დეტალებზე ვისაუბრეო, ჰყვება ლადო ბიჭაშვილი. ”სწორედ იმ საღამოდან დაიწყო sms შემოტევა და ისტერიები. იგზავნება შეურაცხმყოფელი მესიჯები; ხელმძღვანელობას წერენ, რომ მე ვარ უშიშროების აგენტი და მათ ვაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება ტელევიზიაში. ასევე ისინი გვწერენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია ”თრიალეთი” აპირებს 40 პროცენტიანი წილი ბიძინა ივანიშვილს მიჰყიდოს და ისინი იმუქრებიან, რომ თუკი მსგავსი რამ მოხდება, ტელეკომპანიაში შემოვა სპეცდანიშნულების რაზმი”, - ამბობს ლადო ბიჭაშვილი.

”თრიალეთის” ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამძაფრებულ აგრესიას პირდაპირ უკავშირებს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისადმი გამოხატულ მხარდაჭერას. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა სოლიდარობის მიზნით 8 ნოემბერს ”ქართუ ბანკში” სიმბოლური ანგარიშები გახსნეს და მათ ბიზნესმენისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვეს.
ვიცი, მეტყვით ახლა, რომ ისინი ამბობენ, დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შევთანხმდითო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრი იყო...

თბილისში - მედიაკავშირ ”ობიექტივში” - გამართულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ტელეკომპანია ”თრიალეთმა” განცხადება გაავრცელა, სადაც იტყობინება, რომ ობიექტურობისა და პოლიტიკური პროცესების აქტიურად გაშუქების გამო ხელისუფლება აპირებს ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეაჩეროს. სწორედ აღნიშნულს უკავშირებენ ისინი ტელეანძის მფლობელი კომპანიის ”ალფა კომის” მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლის მიხედვითაც, ”ალფა კომი” ”თრიალეთს” დავალიანების გამო უჩივის. როგორც ტელეკომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რვაათასლარიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციასა და ოქტომბრიდან ეტაპობრივად დაფარვის შესახებ ”თრიალეთი” და ”ალფა კომი” მიმდინარე წლის მარტში შეთანხმდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მაინც შევიდა:

”ოქტომბრის თვიდან ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში უნდა გადაგვეხადა დავალიანება - 1000-1000 ლარის ოდენობით. შეთანხმებისამებრ, ოქტომბერში იმ 1000 ლარის გადახდა დავიწყეთ. მაგრამ ამ დღეებში სასამართლოდან მოგვივიდა უწყება, რომ ჩვენ გვიჩივის ”ალფა კომი” და გვემუქრება გამორთვით”, - ამბობს ბადრი ნანეტაშვილი.

რადიო თავისუფლება კომპანია ”ალფა კომის” დირექტორს გიორგი დეკანოსიძეს დაუკავშირდა. როგორც ის ირწმუნება, საუბარი იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია ”თრიალეთთან” ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა, არასწორია. ის ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებასაც უარყოფს და ამბობს, რომ არავინ გეგმავს ”თრიალეთის” მაუწყებლობის შეჩერებას. გიორგი დეკანოსიძის თქმით, სასამართლოში სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შევიდა, რომ ”თრიალეთი” დავალიანების დაფარვას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. ის სხვა ტელეკომპანიებთან არსებულ პრობლემებსაც იხსენებს და ამბობს, რომ მათ შემთხვევაშიც დავა სასამართლოს საშუალებით გადაწყდა:

”ვიცი, მეტყვით ახლა, რომ ისინი ამბობენ, დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შევთანხმდითო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრი იყო... ძალიან დიდი ხანია, - ორი წელია, - ეს ვალი იზრდება და იზრდება. ხან გადაიხდიან რაღაცას, ხან ვერ და ისევ უგროვდებათ ვალი. არაერთხელ მივმართეთ მათ, რომ გადაეხადათ დავალიანება, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი დაფარვა. ჩვენ სწორედ ამიტომ მივმართეთ სასამართლოს. ჩვენ 2006 წელს ”რუსთავი 2”-თანაც გვქონდა დავა, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ტელეკომპანია ”იმედთან” და ეს ყველაფერი სასამართლოს საშუალებით დარეგულირდა”, - ირწმუნება გიორგი დეკანოსიძე.
ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დავა. მათ არ აწყობთ, რომ რეგიონში მაუწყებლობდეს თავისუფალი არხი...

ჟურნალისტების შეურაცხყოფა, საჯარო შეხვედრებიდან გამოძევების ფაქტები, ფიზიკური ანგარიშსწორება - ეს ის ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ტელეკომპანია ”თრიალეთის” ხელმძღვანელები და ჟურნალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. სწორედ აღნიშნულის გამო, თბილისში რამდენიმე ხნის წინ ვიზიტით მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტს ტელეკომპანიის დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ტელეკომპანია ”თრიალეთის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რიგითი სამართლებრივი დავა:

”ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დავა. მათ არ აწყობთ, რომ რეგიონში მაუწყებლობდეს თავისუფალი არხი. როგორც შევიტყვე, შიდა ქართლში არ მაუწყებლობს არც ”კავკასია” და არც ”მაესტრო”, რადიოც კი არ არის იქ. და აქედან გამომდინარე, შიდა ქართლის დაახლოებით ნახევარმილიონიან მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთადერთი საინფორმაციო წყარო აქვს და ის დიდი პოპულარობითაც სარგებლობს რეგიონში. ხელისუფლებას, უბრალოდ, ამ არხის მოშთობა უნდა”, - მიაჩნია გელა ნიკოლაიშვილს.

ტელეკომპანია ”თრიალეთის” წარმომადგენლები სპეციალური მიმართვის საშუალებით საერთაშორისო უფლებადამცველ და ჟურნალისტურ ორგანიზაციებს დახმარებისა და თანადგომისაკენ მოუწოდებენ.