კონფლიქტის რეგიონებიდან დაღუპულთა გადმოსვენება დაიწყება

ცხინვალი

დვანში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ქართული, რუსული და ოსური მხარეები შეთანხმდნენ, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხში აქტიურად ითანამშრომლებენ. ეს შეხვედრები „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით იმართება და დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ქართულმა და ოსურმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 1989 წლიდან 1992 წლის ჩათვლით დაკარგული ყველა პირის მოძიებას ერთობლივად დაიწყებენ. პირველად შეძლეს მხარეებმა, რომ 90-იანი წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებზე დაეწყოთ მუშაობა. ოსური მხარის წარმომადგენელი მერაბ ჩიგოევი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, სხვადასხვა მონაცემებით, დაკარგულად 150 ადამიანი ითვლება. მისი აზრით, მხარეები, პირველ რიგში, ამ სიების დაზუსტებაზე იმუშავებენ.

შეხვედრაზე მხარეებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხზეც იმსჯელეს. ცნობილია, რომ ავნევში, თამარაშენსა და ქურთაში არსებობს სამარხები, სადაც ომის დროს დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირები განისვენებენ. ომის დროს დაღუპულ სამოქალაქო პირებს მათი ნათესავები, რომლებიც უკვე ხეობას ტოვებდნენ, საჩქაროდ საკუთარ ეზოებსა და ბაღებში მარხავდნენ. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ სოფელ თამარაშენთან არსებულ სამარხში ქართველი პოლიციელები და ჯარისკაცები განისვენებენ. ქართული მხარე მესამე წელია ამ პირთა იდენტიფიკაციას და გადმოსვენებას ითხოვს. მერაბ ჩიგოევის თქმით, მან ქართულ მხარეს შესთავაზა, რომ აღნიშნული სამარხების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მოამზადონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი შედარებით ფრთხილად უდგება ოსური მხარის ოპტიმიზმს, რადგან, როგორც ცნობილია, მერაბ ჩიგოევი დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატია. უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ დროისთვის 10-მდე სამარხის ადგილსამყოფელი უკვე ცნობილია, მაგრამ არაერთი საფლავი მოსაძიებელი რჩება. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი აფხაზეთის მიმართულებითაც განახლდა და გაზაფხულზე იქიდან დაღუპულთა გადმოსვენება დაიწყება.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით, მომდევნო სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის თებერვალში გაიმართება.