ქართული პრესის მიმოხილვა. 28 ოქტომბერი, 2011

დღევანდელი ქართული პრესა განსაკუთრებით დიდ ადგილს უთმობს ქართული მხარის თანხმობას შვეიცარიის წინადადებაზე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ”საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მწვანე შუქს უნთებს” - ასეთია დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი სხვადასხვა ექსპერტების აზრებს აქვეყნებს. გია ნოდიას აზრით, დღევანდელ ვითარებასთან შედარებით, როდესაც იქ არანაირი საერთაშორისო კონტროლი არ არის, ეს რაღაცნაირი მიღწევა ნამდვილად არისო. გია ხუხაშვილი კი საპირისპირო აზრისაა. ”რუსეთი დიდი ხანია სთავაზობდა ქართულ მხარეს ელექტრონული ინფორმაციის მიწოდებას და ჩვენები ამბობდნენ, ამას აზრი არა აქვსო. ბარემ თქვან, რომ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებას ყოველგვარი პირობის გარეშე”, - უთქრა მან ”რეზონანსს”.

”ახალი თაობა” ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტს აშუქებს. სტატიის სათაურია ”ვენეციის კომისიამ ნაციონალები ტყუილში გამოიჭირა”. გაზეთი წერს, ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ პროექტში, რომელიც მათ აქვთ ხელთ, სადამკვირვებლო მისიების მიერ აქამდე გამოთქმული შენიშვნები ასახული არ არისო. გაზეთს ეჭვი შეაქვს იმაში, თუ რამდენად ადეკვატურად ხედავს ვენეციის კომისია საქართველოში არსებულ ვითარებას. ”ახალი თაობა” წერს, ვენეციის კომისია, თავის დასკვნიანად და ექპსერტთა მოსაზრებებიანად, მთლიანად საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მსჯელობს - აქ ერთადერთი პრობლემა ისაა, რამდენად ადეკვატურია ეს მსჯელობა ქართული რეალობისთვისო.

”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ ვარაუდებს მთავრობაში შესაძლო გადაადგილებების შესახებ. ხათუნა კალმახელიძის მოხსნა უკვე გადაწყვეტილიაო, წერს გაზეთი ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე და ამატებს, პატიმრების მინისტრი კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი გახდებაო.

ამას გარდა, დანარჩენი პრესა თითქმის მთლიანად, ტრადიციულად, ბიძინა ივანიშვილის ამბებს უჭირავს. ”ვერსია“ აქვეყნებს მოზრდილ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან,რ ომელსაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე ესაუბრება, მათ შორის, ცხადია, პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენზე და საქართველოს მომავალზე. ”მე უკვე ვხედავ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება არის წარსული, მაგრამ ეს პროცესი არჩევნებამდე ისე უნდა მივიდეს, რომ სტაბილიზაცია შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი სულ ერთი იქნებაო”, - უთხრა ირაკლი ალასანიამ ”ვერსიას”.

ისე კი, ვითარების შესაძლო გამწვავებაზე მხოლოდ ის არ ლაპარაკობს. იმავე „ვერსიაში“, ზუსტად ალასანიას ინტერვიუს თავზე, გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს წინააღმდეგობის მოძრაობა „იბერიის“ ლიდერ ვაჟა წიკლაურთან. სათაურია: „ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუკი ამ კაცის წინააღმდეგ იარაღი იქნება გამოყენებული, ჩვენ გვერდით დავუდგებით“.