საქართველოს მთლიანობა რუსეთსა და ვმო-ს შორის

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გარშემო რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მე-8 რაუნდი, გეგმის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო კიდეც, მაგრამ ის რამდენიმედღიან პროცესად გადაიქცა. როგორც შვეიცარიაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 25 ოქტომბერს დაწყებული მოლაპარაკებები 27 ოქტომბერსაც გაგრძელდება და ამიტომ ამ ეტაპზე ნაადრევია შედეგებზე საუბარი. ზოგადი სურათი კი იმგვარია, რომ საქართველო ძირითადი პოზიციების დათმობას არ აპირებს და მადლიერებას გამოხატავს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მისამართით.

საქართველო კვლავაც დაჟინებით მოითხოვს, რომ დაწესდეს საერთაშორისო კონტროლი და გამჭვირვალე გახდეს საქონელბრუნვის პროცესი ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთს შორის არსებულ საზღვარზე. უფრო კონკრეტულად კი, ლაპარაკია ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტებზე. თბილისის პოზიცია კატეგორიულია და თუკი ეს მოთხოვნა არ შესრულდება, - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთი ვერ მიიღებს საქართველოს ხმას.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა და სურვილი, რომ მოძებნილ იქნეს ურთიერთმისაღები შეთანხმება ამ პროცესის ფარგლებში...

თბილისის ეს პოზიცია არ იცვლება, თუმცა, როგორც საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ჟენევაში მიმდინარე მე-8 რაუნდის მსვლელობისას, საქართველომ დამატებითი კონსტრუქციული მიდგომები გამოავლინა:

”შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველომ, გარკვეულ ასპექტებთან მიმართებით, კიდევ ერთხელ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი საიმისოდ, რომ რუსეთმა და საქართველომ მოახერხონ შეთანხმების მიღწევა, რითაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა და სურვილი, რომ მოძებნილ იქნეს ურთიერთმისაღები შეთანხმება ამ პროცესის ფარგლებში.”

მოლაპაკებათა კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, ზურაბ ჭიაბერაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ, თუკი რუსეთს რეალურად სურს ვმო-ში გაწევრიანება, მაშინ ის დაეთანხმება შვეიცარიული მხარის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ დასრულდება ჟენევაში ჯერ ისევ მიმდინარე რამდენიმედღიანი მე-8 რაუნდი, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა 26 ოქტომბერს, მართალია, უფრო ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევის იმედით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება საქართველოსაც აწყობს, მაგრამ - არა ყველაფრის ფასად:

დავით ბაქრაძე


”ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავთანხმდებით რუსეთის გაწევრიანებას საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების დარღვევის და უგულებელყოფის ხარჯზე.”

დავით ბაქრაძე, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების სხვა არაერთი წარმომადგენელი, ფრიად კმაყოფილი დატოვა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ჯონ ბეინერის 25 ოქტომბრის გამოსვლამ, სტრატეგიულ კვლევათა ცენტრში ”ჰერითიჯ ფაუნდეიშენში” (The Heritage Foundation). ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკის მწვავე კრიტიკის ფონზე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხაზგასმით თქვა, რომ დაუშვებელია ობამას ადმინისტრაციის ყველანაირი ზეგავლენა საქართველოზე - რათა მან ხმა მისცეს რუსეთის გაწევრიანებას, რადგანაც ამგვარი ნაბიჯი ქმნის ოკუპაციის დაკანონების საფრთხეს:

”ვნახე საგანგაშო ცნობები, რომ (აშშ-ის) ადმინისტრაცია დათმობისკენ უბიძგებს საქართველოს, იმის მიუხედავად, რომ ეს ქმედება ნორმად აქცევს რუსეთის ოკუპაციის საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები ამით არ მოახდენს ზეწოლას რუსეთზე, რათა ის დაბრუნდეს საზღვრებში, სადაც ის 2008 წლამდე იყო. ადმინისტრაციამ ჩიხი იმ ხერხით უნდა დაძლიოს, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შემდეგ - და მხოლოდ ამის შემდეგ - მოძრაობა ვმო-ს საკითხის გარშემო იქნება განსახილველად ღირებული.”
აშშ მხარს არ დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში მანამდე, ვიდრე რუსეთი და საქართველო არ მიაღწევენ შეთანხმებას თავიანთ არსებით სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე...

ჯონ ბეინერის ამ სიტყვებზე ერთგვარ პასუხად, ”ბიბისის” რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს თეთრი სახლის წარმომადგენლის ტომი ვიეტორის მიერ ასევე ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენში” გაკეთებულ კომენტარს, საიდანაც ჩანს, რომ ვაშინგტონი რუსულ-ქართული მოლაპარაკებების შედეგს ელოდება.

”შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში მანამდე, ვიდრე რუსეთი და საქართველო არ მიაღწევენ შეთანხმებას თავიანთ არსებით სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

რუსეთი, რომელიც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით ამაყობს და რომელსაც ვმო-ში 2011 წლის ბოლომდე გაწევრიანების იმედი აქვს, საქართველოს მიერ წარმოყენებულ მოთხოვნას წმინდა პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და პირდაპირ უარს ამბობს საერთაშორისო კონტროლზე. ამავე შინაარსის იყო განცხადებები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა რადიოინტერვიუში, 21 ოქტომბერს, ჟენევის მე-7 უშედეგო რაუნდის შემდეგ. ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს ვმო-ში გაწევრიანება სქართველოს გვერდის ავლითაც შეუძლია:

სერგეი ლავროვი


”თუკი მკაცრად ვიხელმძღვანელებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საწესდებო დოკუმენტებით, მაშინ საქართველოს პოზიცია არ წარმოადგენს წინაღობას. საწესდებო დოკუმენტებში გათვალისწინებულია საშუალებები იმისათვის, რომ ჩვენი ვალდებულებები ვმო-ს სხვა ყველა წევრის წინაშე, არ ვრცელდებოდეს საქართველოზე.”

საქართველოს გვერდის ავლით ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების თეორიული შანსი მართლაც არსებობს, თუმცა მანამდე არასოდეს გამოყენებული ამ ექსკლუზიური შანსის რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, ჩუქება, ანალიტიკოსების ვარაუდით, დასავლეთს ნაკლებად სურს. იმას, რომ საქართველოსთვის გვერდის ავლა არცთუ ადვილი იქნება, ამას, როგორც ჩანს, რუსეთის ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვიც აცნობიერებს. როგორც სააგენტო ”იტარ-ტასი” იუწყებოდა 25 ოქტომბერს, ივანოვის თქმით, რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას წლის ბოლომდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუკი მოგვარდება საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემა; თუ ვერა და, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.