თურქეთმა და ირანმა დღეს პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებენ ქურთ მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავდროულად ათასობით თურქი სამხედროა ჩართული საჰაერო და სამხედრო ოპერაციაში, რომელიც მესამე დღეა გრძელდება ჩრდილოეთ ერაყში დაბანაკებული მეამბოხეების წინააღმდეგ. ქურთი პარტიზანების წინააღმდეგ მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ ანკარაში შეხვედრის დროს განიხილეს. მსგავსი კოორდინირებული შეტევები თურქეთსა და ირანს ადრეც განუხორციელებიათ ქურთ მუშათა კავშირის მებრძოლების წინააღმდეგ. კვირის დასაწყისში ქურთმა მეამბოხეებმა 24 თურქი სამხედრო მოსამსახურე დახოცეს, რაც ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმაა ბოლო 15 წლის განმავლობაში.