რას გულისხმობს „ხელისუფლების გადაცემა“ საქართველოში?

უილიამ ბერნსი

აშშ-ი საქართველოში „ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემას“ მოელის და ვაშინგტონის ამგვარი მიდგომა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა 19 ოქტომბერს, თბილისში სტუმრობის დროსაც გამოხატა. რას გულისხმობს „ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა“ და როგორ აღიქვამენ აშშ-ის ხელისუფლების ამ ტერმინს საქართველოში? თემით ლელა კუნჭულია დაინტერესდა.
მოვუწოდებთ საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსისა და პოლიტიკური გარემოს რეფორმა...

სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის გარდა, შეერთებული შტატები საქართველოს მისამართით ასევე მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ვაშინგტონის ამგვარი მესიჯი სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა 19 ოქტომბერსაც დაადასტურა თბილისში – ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მკაფიოდ ითქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, მედიის თავისუფლებისა თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საქმეში. უილიამ ბერნსი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების სურვილს, რომ „დემოკრატიული რეფორმები გამჭვირვალედ წარიმართოს, მომავალი არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს და მოხდეს ხელისუფლების „დემოკრატიული გადაცემა“.

„მოვუწოდებთ საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსისა და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად, დემოკრატიული გადაცემა“, – უილიამ ბერნსის ამ სიტყვებს გაზეთი „რეზონანსი“ ბეჭდავს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან 19 ოქტომბერს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე საინფორმაციო საშუალება. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოში „ხელისუფლების გადაცემის“ მნიშვნელობას ჯერ კიდევ 15 აპრილს გაუსვა ხაზი თავად სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გამოსვლისას.

ვაშინგტონის ამგვარ პოზიციას სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა საქართველოში. თუკი ხელისუფლების ოპონენტებმა ამ პოზიციის უკან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასრულების სურვილი დაინახეს, თავად მმართველი პარტია „ხელისუფლების გადაცემის“ მოწოდებაში უსიამოვნოს ვერაფერს ხედავს. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა უთხრა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს, ტერმინი „ხელისუფლების გადაცემა“ აბსოლუტურად არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლება იმავე პოლიტიკურ ჯგუფს და იმავე ადამიანებს გადაეცეს. მინაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, თავს უფლებას არ მისცემდა, რომ საქართველოსთვის მმართველი პოლიტიკური ჯგუფის შეცვლის რეკომენდაცია მიეცა, რადგანაც ეს არჩევნების გადასაწყვეტი საკითხია.

„დიპლომატიური ენა იმიტომ არის დიპლომატიური, რომ მას ადვილად ვერ შეედავო“, – შენიშნავს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამ ლოგიკით ის ვაშინგტონის განცხადებებში გარკვეული მინიშნებების არსებობას ვარაუდობს:
კონკრეტულად, ეს შეიძლება იყოს ერთადერთი რამ და ეს არის საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის მმართველობის შეცვლა, ასე ვთქვათ, სხვა ხელისუფლით, სხვა პირველი პირით...

„ის მიანიშნებს მკითხველს და მსმენელს, რომ, პრინციპში, ცვლილებას, პერსონალურ ცვლილებებს შეიძლება დაუჭიროს მხარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“.

რამაზ საყვარელიძისგან განსხვავებით, ვაშინგტონის გზავნილს უფრო კონკრეტულ ჭრილში განიხილავს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა. ის ვარაუდობს, რომ, როცა „ხელისუფლების გადაცემაზეა“ საუბარი, შეერთებული შტატების აქცენტი საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს უკავშირდება.

„კონკრეტულად, ეს შეიძლება იყოს ერთადერთი რამ და ეს არის საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის მმართველობის შეცვლა, ასე ვთქვათ, სხვა ხელისუფლით, სხვა პირველი პირით. ეს, რა თქმა უნდა, ალბათ, არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ნაციონალური მოძრაობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ რეალურად საქართველოს მმართველი გახდეს არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ ნებისმიერი სხვა, – თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ბაკურ კვაშილავამ.
საქართველოს დემოკრატია უნდა გასცდეს პიროვნებათა პოლიტიკის საზღვრებს...

„ხელისუფლების გადაცემის“ რეკომენდაციის კონტექსტში, ასევე პრეზიდენტი სააკაშვილია ნახსენები ანგარიშში, რომელიც 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანალიტიკურ ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“ საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფმა. ანგარიშის თანახმად, არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემა პრეზიდენტ სააკაშვილისათვის მისი „დემოკრატიული მანდატის უმნიშვნელოვანესი დადასტურება იქნება“.

ეს აქცენტი ასევე გამოკვეთილია ინტერვიუში, რომელიც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მისცა რადიო „თავისუფლებას“. აქვე გავიხსენოთ, რომ ის „ატლანტიკურ საბჭოში“ საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარე და ხსენებული ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია.

კორესპონდენტის შეკითხვას, – თუკი საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას შემდგომში გაძლიერებულ პრემიერ-მინისტრად მოევლინება, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სცენარი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის? – სენატორი პასუხობს: „საქართველოს დემოკრატია უნდა გასცდეს პიროვნებათა პოლიტიკის საზღვრებს“ და საარჩევნო ბრძოლისთვის უნდა შეიქმნას პოლიტიკური პარტიებისთვის ხელსაყრელი, კონკურენტული გარემო.

„ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მემკვიდრეობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი დატოვებს – ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ერთი დემოკრატიული ადმინისტრაციისგან მეორე დემოკრატიული ადმინისტრაციისთვის“, – აღნიშნავს დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და იქვე დასძენს, რომ „არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემები“, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით თვალს მიადევნებენ ევროპაშიც და აშშ-შიც.

ერთი სიტყვით, დასავლეთი საქართველოს მომდევნო ორი წლის მანძილზე განსაკუთრებული ინტერესით უპირებს დაკვირვებას. უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან გვესმის, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და რომ, დიდწილად, სწორედ ამ გამოცდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რას მიიღებს ქვეყანა ევროკავშირისა თუ ნატოსგან.