რუსული პრესის მიმოხილვა. 18 ოქტომბერი, 2011

ერთ-ერთ მიმოხილვაში გაგაცანით ინფორმაცია “ნოვაია გაზეტას”გამოკითხვის შესახებ, სადაც საუბარი იყო, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ გოსდუმაში არჩევნები იყოსო. ხმის მიცემა ჯერ კიდევ გრძელდება და ისევე, როგორც ადრე, ლიდერობს ოპოზიციური პარტია “ნახ-ნახი”, რომელიც ყველა არსებული პარტიის წინააღმდეგ გამოდის.

თუმცა, შეგახსენებთ რომ ეს გამოკითხვა ტარდება “ნოვაია გაზეტას” მკითხველებს შორის და, ბუნებრივია, საერთო საზოგადოებრივ განწყობებს ვერ ასახავს. განწყობების განსხვავება გაზეთების მიხედვითაც ადვილი შესამჩნევია. მაგალითად, ორ ფაქტს მოვიყვან: ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა მისი საპრეზიდენტო ამბიციის შესახებ, პრესის მიხედვით, ის უკვე შეუდგა სტრატეგიული ჩარჩოს შექმნას მომავალი ამომრჩევლის წინაშე. ის, მაგალითად, ეწვია ჩინეთს 160- კაციანი დელეგაციით და ბელორუსიას, უკრაინასა და ყაზახეთს მიმართა ღია წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვა მანამდე განცხადებული ევრაზიული კავშირის აუცილებლობას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ მოვლენებს: პუტინის ჩინეთში ვიზიტზე სპეციალურად “ნოვაია გაზეტასთვის” პეკინიდან კორესპონდენტი აქვეყნებს მოსაზრებას და ფაქტების ციტირებით ესწრაფის, გაამყაროს არგუმენტი, რომ ჩინეთი 21-ე საუკუნეში ცდილობს შეამციროს ყოველგვარი დამოკიდებულება ერთ მონოპოლიურ ბაზარზე. ეს მარტივად ნიშნავს, რომ თამაშის წესები, რომელსაც რუსეთი სთავაზობს, მისთვის მიუღებელიაო – მათ შორის, გაზის მონოპოლიური ფასები, რადგან ჩინეთი გაზის მიღების დივერსიფიცირებულ სისტემას ამჯობინებს და როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის შეთავაზებულ ფასებს არ თანხმდება. ასევე “ნოვაია გაზეტას” მიმომხილველის თქმით, ჩინეთი ამცირებს რუსეთისგან შეძენილი იარაღის მოცულობასაც და წარსულში მკვეთრი დამოკიდებულების შემდეგ რუსეთის მწარმოებელზე, დღეს უკვე ახერხებს უახლესი თაობის კომპლექსური საჰაერო ტექნიკის შექმნასო. კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც “ნოვაია გაზეტაშია” განხილური, სავაჭრო ბალანსია რუსეთსა და ჩინეთს შორის. ვლადიმერ პუტინს ვიზიტის ფარგლებში განუცხადებია, რომ ამჯერად წლიური სავაჭრო ბალანსი 80 მილიარდ დოლარამდე ავაო. “ნოავაია გაზეტას” მიმომხილველს შედარებისთვის მოჰყავს ჩინეთის სავაჭრო ბალანსი იაპონიასთან, რომელიც, სტატიის მიხედვით, 340 მილიარდ დოლარს სცდება, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც 400 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. მოყვანილი ციფრებისა და არგუმენტების ფონზე, “ნოვაია გაზეტა” ცდილობს ხაზი გაუსვას ფაქტს, რომ ჩინეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პატარა ძმად მოიაზრებოდა რუსეთისთვის, დღეს შესაძლოა რუსეთს დიდი ძმის როლში მოევლინოსო. მეორე უკიდურესობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებული ვრცელი წერილი, რომელიც ეკუთვნის ალექსანდრ ლუკაშენკოს, ბელორუსიის პრეზიდენტს და რომელიც არის გამოხმაურება ვლადიმერ პუტინის ევრაზიული კავშირის შექმნის იდეაზე. ლუკაშენკო, გაზეთების მიხედვით, არათუ თანხმდება სავარაუდოდ მომავალი პრეზიდენტის, პუტინის, მოსაზრებას, რომ კავშირი აუცილებელია, არამედ ამ საკითხს სასიცოცხლო აუცილებლობად მიიჩნევს კრიზისულ ეპოქაში, როცა მთელი დასავლური სამყარო და მთელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების ზღვარზე დგას. სწორედ ამ ფონზე, ლუკაშენკო კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი შეცდომა იყო, რადგან, მისი თქმით, დღევანდელმა კრიზისებმა აჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყანათა უფრო მჭიდრო სოციალური ინტეგრაცია, და რომ საბჭოთა კავშირი არა უბრალოდ უნდა დაშლილიყო, არამედ მისი მოდერნიზება და გადახალისება მომხდარიყო, რადგან მისი ჩამოქცევით წყალში ჩაიყარა ათწლეულების განმავლობაში ჩადებული შრომა.

შრომაზე დავასრულოთ. პრესის მიხედვით, შრომობს პარტია “ედინაია როსიაც”, რომელმაც უკვე თავად გაარკვია თავის წიაღში, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი და პრემიერი, ეხლა კი სიის სხვა ელემენტების დალაგებითაა დაკავებული. ასე რომ, სავარაუდოდ, ხმას არავის მივცემ, ანუ პარტია “ნახ-ნახის” მხარდამჭერები “ნოვაია გაზეტას” მკითხველთა განწყობას უფრო უნდა ასახავდნენ, ვიდრე მთლიანად საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს პოლიტიკაში მოქალაქის ჩართულობაზე რუსეთში ან ალბათ, პრინციპში, მთელს პოსტსაბჭოეთში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომლისთვისაც დემოკრატია დღემდე ცენტრალიზებულად მართული და გარე დონორებით დაფინანსებული მოქმედების გეგმაა.