საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან მისი განდევნის მცდელობად აფასებს, თუმცა, დაწყებული პროცესის შეჩერებას არ აპირებს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ თუ მას არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, ეს არალეგიტიმური არჩევნები იქნება. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად კონსულტაციებს აწარმოებს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებთან, თუმცა, ბლოკის შექმნაზე, ან ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ”მინიმუმ 90%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ”, - განაცხადა ივანიშვილმა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მისი პოზიციები დღითიდღე განმტკიცდება, ხელისუფლების კი - შესუსტდება. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში აუცილებელია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც სახელმწიფო მოწყობის შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიას დაეფუძნება, სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის აღმოფხვრა და სხვა ზომების მიღება საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. ”იმედი მაქვს, ევროპელებს გავაოგნებთ ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატიით, რომ საქართველოში ინვესტიციათა დაბანდებას ისინიც მოისურვებენ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.