სენატორი შაჰინი: „საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა“

სენატორი ჯინ შაჰინი

13 ოქტომბერს გამოქვეყნდა ვაშინგტონში განთავსებული, გავლენიანი ანალიტიკური ორგანიზაციის - „ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიში სახელწოდებით „საქართველო დასავლეთში - საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმართული პოლიტიკის გზამკვლევი“. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია სენატორი ჯინ შაჰინი, სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ცნობილია, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. დემოკრატ სენატორს ნიუ ჰემპშირის შტატიდან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტმა ჰეზერ მაჰერმა.

რადიო თავისუფლება: საქართველოს შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ახალი ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაცია ისაა, რომ „დაარწმუნოს ევროპელი სკეპტიკოსები“ - ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც „სკეპტიკურად არიან განწყობილი საქართველოს ხელისუფლების, მისი რეფორმების და მისი მოქმედებების მიმართ რუსეთ-საქართველოს ომის დროს. შეგიძლიათ, უფრო ვრცლად ისაუბროთ ამ ეჭვებზე? და, თუ შეიძლება, გვითხარით, ამ სკეპტიციზმის თვალსაზრისით რამდენად განსხვავდებიან ევროპელი და ამერიკელი ლიდერები?

ნატომ უნდა შექმნას საგზაო რუკა საქართველოს გაწევრიანებისათვის

ჯინ შაჰინი: იცით, ვფიქრობ, რომ ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს როგორც თბილისისთვის, ისე ევროპისა და აშშ-ის ლიდერებისათვის, და საუბრობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლის საქმეში ჩვენი დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე. პატივისცემით მიანიშნებს ზოგიერთ ჩვენს ინსტიტუტს, მაგალითად ნატოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას საგზაო რუკა ნატოში საქართველოს გაწევრიანებისათვის და, ვინაიდან ველოდებით 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაუთმოს რეფორმების გაგრძელებას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2013 წელს საქართველოს პირველად ექნება შესაძლებლობა, ერთი დემოკრატიული რეჟიმი მეორით შეცვალოს. ასე რომ, არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რომლებსაც თვალს მივადევნებთ - ევროპაშიც და აშშ-შიც. და ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს, რათა მან მოახერხოს შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარება.

რადიო თავისუფლება: ანგარიშის თანახმად, არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემა პრეზიდენტ სააკაშვილისათვის მისი „დემოკრატიული მანდატის უმნიშვნელოვანესი დადასტურება იქნება“. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ მან, შესაძლოა, არ დათმოს ძალაუფლება და ამის ნაცვლად გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის ძალაუფლება, კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაფართოვდება. რეალურად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს? რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სცენარი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის?

ჯინ შაჰინი: ნამდვილად არ ვიცი, რას გეგმავს ის მომდევნო წლების განმავლობაში, მაგრამ 2012 და 2013 წლების არჩევნები მართლაც არის გადამწყვეტი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისათვის. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი. და რომ საქართველოს დემოკრატია გასცდეს პიროვნებათა პოლიტიკის საზღვრებს და გადავიდეს ისეთ პროცესში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ თავისუფლად მოქმედება, არჩევნებში ბრძოლა და, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მემკვიდრეობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი დატოვებს - ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ერთი დემოკრატიული ადმინისტრაციიდან მეორე დემოკრატიული ადმინისტრაციისთვის.

აშშ შემდგომშიც გააპროტესტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას

რადიო თავისუფლება: ანგარიშში ნათქვამია, რომ „აშშ-ის წარმატებული ჩართულობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, არ შეიძლება იყოს აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის ფუნქცია“. რატომ ფიქრობთ, რომ საჭირო იყო ამ მოსაზრების ხაზგასმა? ხომ არ გგონიათ, რომ არსებობს იმის ნიშანი, რომ მან შეიძინოს ასეთი „ფუნქცია?“

ჯინ შაჰინი: მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ რადგან 2008 წლიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, არსებობს კითხვა, თუ როგორ ზემოქმედებას მოახდენს საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობაზე, და პირიქით. მაგრამ, ვფიქრობ, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ეს ორი სხვადასხვა საკითხია. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ შემდგომშიც გავაპროტესტებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს ხელმოწერილი საზავო შეთანხმება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს შიდა რეფორმები და იმუშაოს შიდა პრობლემების მოგვარებაზე. გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, ამ ორივე ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) მცხოვრები ხალხისათვის საუკეთესო გზას წარმოადგენს, იხილონ ისეთი საქართველო, სადაც კანონი კანონობს, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, სადაც პრესა თავისუფალია, ტარდება თავისუფალი არჩევნები, სადაც ეკონომიკა ძლიერია. და როცა შეადარებენ ამას რუსეთს, რომელიც ამ მიმართულებით არ მოძრაობს, - ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისათვის, რათა დაცულ იქნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და, ცხადია, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რასაც ჩვენ, აშშ მხარს ვუჭერთ.

ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება აშშ-ისა და საქართველოს ინტერესებში შედის

რადიო თავისუფლება: როგორ ათავსებს აშშ საქართველოსადმი მხარდაჭერას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისადმი მხარდაჭერასთან, რასაც საქართველო ეწინააღმდეგება?

ჯინ შაჰინი: მქონდა შესაძლებლობა, 12 ოქტომბერს ეს შეკითხვა დამესვა რუსეთში აშშ-ის სავარაუდო ელჩის, მაიკ მაკფოლისათვის, როდესაც სენატში მისი მოსმენა გაიმართა. და, ვფიქრობ, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება და რაც მეც მგონია, რომ სწორია, არის ის, რომ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება ორივეს, აშშ-ისა და საქართველოს ინტერესებშიც შედის. გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრობლემა რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი მოლაპარაკების საკითხია. საჭიროა, რომ რუსეთის პრობლემა მოგვარდეს და, როგორც მაკფოლმა აღნიშნა, შვეიცარია შუამავლობს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ის დისკუსია, რომელსაც აშშ ემხრობა და, ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ორივე მხარეზე ზემოქმედება, რათა გადაიჭრას ეს პრობლემები.

რადიო თავისუფლება: ნატოს მომავალ ჩიკაგოს სამიტზე, ელოდებით თუ არა რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით?

ჯინ შაჰინი: დიახ ის უეჭველად უზრუნველყოფს შესაძლებლობას ნატოში საქართველოს შესასვლელი საგზაო რუკის შესაქმნელად. ნატოს წევრებმა თქვეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ გაწევრიანებისათვის რეალურად არანაირი სტიმული არ არის შეთავაზებული, არ არსებობს რეალური გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ეს და ჩიკაგოს სამიტი ქმნის შესაძლებლობას, მკაფიო გახდეს საქართველოს ინტეგრაციის კუთხით ნატოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები.