საარჩევნო კოდექსი - ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი

ოპოზიციური ”ექვსეულის” ლიდერები

საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, თუმცა მანამდე დეპუტატები ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნას გაეცნობიან. უმრავლესობასთან ერთად საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე მუშაობს ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, რომელმაც საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზა აირჩია.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მმართველი პარტია ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ „რვიანთან“ თითქმის მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციური გაერთიანების შეთავაზებები უარყო, „რვიანი“ ორად გაიყო: გაერთიანების დიდმა ნაწილმა მოლაპარაკების ფორმატი დატოვა, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ კი, კოდექსის გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებასთან დიალოგში დარჩენა ამჯობინეს. „რვიანის“ დაშლიდან სამი თვის თავზე „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ პარტიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო:
არ ვარ კმაყოფილი შეთანხმებით, მაგრამ რაც არის, ის მაინც უნდა დაფიქსირდეს, და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ჩაერთონ ამ საკითხებში ...

„არ შევცდით მაშინ, როცა ამ პარლამენტში შემოვედით და არ შევცდით არც მაშინ, როცა მოლაპარაკების პროცესში შევედით. მიგვაჩნია, რომ შემდეგი არჩევნები ამ პროცესში მონაწილეობით გახდება უკეთესი. მე მინდა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს გავახსენო ის დაპირებები და ის ფუჭი ილუზიები, რომელიც მათ სულ რამდენიმე თვის წინ გაახმოვანეს საკალათბურთო დარბაზში, როცა მილიონი ამომრჩევლის მობილიზებას გვპირდებოდნენ. ჩვენ, მათგან განსხვავებით, ამომრჩეველს ნამდვილად არ ვამყოფებთ ილუზიებში და არ გვინდა ფუჭი დაპირებებით ვკვებოთ ისინი.“

ლევან ვეფხვაძის თქმით, პროცესში მონაწილეობა, პირველ რიგში, საარჩევნო კოდექსის დახვეწას გულისხმობს, ხელისუფლების მარტო დატოვება კი, მისი აზრით, განუსაზღვრელი დროით გადადებდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას. ვეფხვაძის ამ აზრს იზიარებს პაატა დავითაია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ოპოზიცური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი:

„მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა, რომ რაღაც დათმობები მაინც იყოს ხელისუფლების მხრიდან. პირდაპირ ვიტყვი, არ ვარ კმაყოფილი შეთანხმებით, მაგრამ რაც არის, ის მაინც უნდა დაფიქსირდეს, და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ჩაერთონ ამ საკითხებში, რათა არ მოხდეს ისე, რომ ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი იყოს.“

ერთ პოლიტიკურ ძალაში პაატა დავითაიამ იგულისხმა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერები ასევე საყვედურობენ ოპოზიციური „რვიანის“ იმ წევრებს, რომლებმაც მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს, თუმცა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, საარჩევნო გარემოს დახვეწის პროცესი მაინც წარმატებით მიმდინარეობს, რის დასტურადაც გამოდგება ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი:
მიუხედავად იმისა, რომ ინიცირებულია ახალი საარჩევნო კოდექსით - არათუ უკეთესობისკენ ცვლის არსებულ ვითარებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, აუარესებს საარჩევნო გარემოს...

„განსხვავება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა კოდექსზე, დავდეთ დოკუმენტი, ბევრი კამათისა და კომპრომისებზე წასვლის მიუხედავად. ეს არის იმის დასტური, რომ დაბალანსებულ საარჩევნო კოდექსს მივიღებთ.“

თუმცა მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის ამ ოპტიმიზს არ იზიარებენ პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე ნინო ლომჯარია ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთა შედარებითი ანალიზი საარჩევნო კოდექსის ავკარგიანობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა:

„როგორია საარჩევნო სისტემა ამ კოდექსის თანახმად, როგორია საარჩევნო კამპანიის წარმოების წესები და ქმნის თუ არა ის თანაბარ გარემოს, როგორ ფორმირდება საარჩევნო სიები, არის თუ არა გამჭვირვალობა, როგორ რეგულირდება საარჩევნო დავები - ამ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია არის ის, რომ გარკვეული ცვლილებები - მიუხედავად იმისა, რომ ინიცირებულია ახალი საარჩევნო კოდექსით - არათუ უკეთესობისკენ ცვლის არსებულ ვითარებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, აუარესებს საარჩევნო გარემოს.“

ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტს ასევე აკრიტიკებენ მოლაპარაკების პროცესიდან გასული ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მათი თქმით, ახალი კოდექსი მეტ შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას ჩართოს თავისი ადმინისტრაციული რესურსი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატების“ კრიტიკას, ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს:

„სერიოზულად არ მიმაჩნია კომენტარის გაკეთება „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებების განცხადებებზე. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამის თქმა უნდა, ისინი თვითონ იტყვიან.“