ევროკავშირმა ბელორუსიისა და ირანისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფართოეს ბელორუსიისა და ირანის მმართველ რეჟიმებთან დაახლოებული პირებისთვის დაწესებული სადამსჯელო სანქციები, ამ ქვეყნებში ოპოზიციურ მოძრაობებზე ზეწოლის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევების პასუხად.
ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელორუსიისთვის შემუშავებულ, 192 პირისგან შემდგარ სიას კიდევ 16 ინდივიდი დაუმატეს. ამ პირებზე ევროკავშირის ვიზა არ გაიცემა და მათი აქტივები გაიყინება.

ამ პირთა უმეტესობა მოსამართლეა. მათ განაჩენი გამოუტანეს ინდივიდებს, რომლებიც დეკემბერში გამართული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აპროტესტებდნენ აქციებზე. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა ბელორუსიისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება: „თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი სურვილი კვლავ პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლება და მათი რეაბილიტირებაა. ასევე კვლავაც გვსურს ბელორუსიის ხალხთან კონტაქტის შენარჩუნება.“

ბელორუსიისთვის დაწესებულ მოქმედ სანქციებს ვადა მიმდინარე თვეში ეწურებოდა, შეხვედრის შედეგად კი მათი მოქმედება ერთი წლით - 2012 წლის 31 ოქტომბრამდე -გახანგრძლივდა.

ამ გადაწყვეტილების მიღება დიდწილად გააიოლა მინსკის ქმედებებმა - როცა მან ბოიკოტი გამოუცხადა ვარშავაში ახლახან გამართულ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს. ბელორუსიის დელეგაციამ პოლონეთს ბრალი დასდო ბელორუსიის წინააღმდეგ „უპრეცედენტო დისკრიმინაციული ზომების“ გატარებაში იმის გამო, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო სამიტზე არ დაპატიჟეს.

რაც შეეხება ირანს, ევროკავშირმა სადამსჯელო სანქციები დაუწესა კიდევ 29 პირს. ამით უფლებების დარღვევისთვის დასჯილ პირთა სია 61 ინდივიდამდე გაიზარდა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ირანში კიდევ უფრო გახშირდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რაც არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯასაც მოიცავს. ამასთან, ევროკავშირი გამოდის მოწოდებებით შეწყდეს პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიები და დამკვიდრდეს რელიგიური თავისუფლება.

ეს ზომები არ წარმოადგენს ევროკავშირის იმ სანქციების ნაწილს, რომელთა სამიზნეც ირანის ბირთვული პროგრამაა. დასავლეთი შიშობს, რომ ეს პროგრამა სინამდვილეში იარაღის შექმნას ემსახურება.