დისიდენტის ბედი

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ განაგრძობს დისკუსიათა ციკლს, რომელიც პროექტ „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრების" ფარგლებში იმართება. „ქართული დისიდენტობის მემკვიდრეობა“ – ასეთი იყო უკანასკნელი დისკუსიის თემა. ვინ არიან დისიდენტები და რა როლი ითამაშეს მათ საბჭოთა კავშირის დაშლაში?

მკვლევარები დისიდენტურ მოძრაობაში გულისხმობენ ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტურ მოძრაობას საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან 80-იანი წლების პირველ ნახევრამდე. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლისა და ყოფილი დისიდენტის ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, დისიდენტი იყო დანაშაულის მოწმე, რომელსაც ვერ აჩუმებდნენ:
საბოჭოთა კავშირზე როცა ვფიქრობ, სულ მახსენდება ცხელი, მზიანი დღე ქალაქ თბილისში, ფეხბურთი არ არის, თეატრი არ არის, ფული არ არის რომ დალიო, იარაღი არ არის რომ თავი მოიკლა და საერთოდ არაფერი არ არის...

„საბჭოთა კავშირში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა დანაშაული. ამას ხედავდა ყველა. ხელისუფლება ეხვეწებოდა დისიდენტებს, არ თქვათ არაფერი, ისარგებლეთ დუმილის უფლებითო. მთელი ქვეყანა სარგებლობდა დუმილის უფლებით. ხედავდნენ და არ ამბობდნენ. დისიდენტები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ და ამბობდნენ.“

დისიდენტები სათქმელს ამბობდნენ არასანქცირებული შეკრებებით, აკრძალული ლიტერატურის გავრცელებითა და საინფორმაციო ბიულეტენის – ,,მიმდინარე მოვლენების ქრონიკის” - გამოცემით. ლევან ბერძენიშვილის თქმით, დისიდენტები მკვეთრად განსხვავდებოდნენ საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან, რომლებიც, როგორც წესი, შეგუებული იყვნენ საბჭოთა (მონოტონურ და მოსაბეზრებელ) ყოფას:

„საბჭოთა კავშირზე როცა ვფიქრობ, სულ მახსენდება ცხელი, მზიანი დღე ქალაქ თბილისში: ფეხბურთი არ არის, თეატრი არ არის, ფული არ არის, რომ დალიო, იარაღი არ არის, რომ თავი მოიკლა და, საერთოდ, არაფერი არ არის - ესაა საბჭოთა კავშირი! ხოლო დისიდენტობა არის „დრაივი“, მოძრაობა, ადრენალინი, შიში, გმირობა, ვაჟკაცობა...“

ლევან ბერძენიშვილი
არჩევანის დროს, ცხადია, გადამწყვეტ როლს თამაშობდა პიროვნული თვისებები. ყოფილმა დისიდენტმა ემილ ადელხანოვმა გაიხსენა ნაცნობი, რომელიც დისიდენტურ საქმიანობაში იყო ჩართული და მოსალოდნელი დაპატიმრების გამო შიშით იტანჯებოდა:

„მას გამუდმებით ეშინოდა. დაკავებული იყო ამ საქმიანობით და ეშინოდა უზომოდ. ნამდვილი გმირი იყო! ასე ძალიან რომ მშინებოდა, მე, ალბათ, ვერ შევძლებდი! ასეთი საქმიანობისათვის საჭიროა დიდი დოზით ქარაფშუტობა და იუმორის გრძნობა. ამის გარეშე დაიღუპები.“

მკვლევართა მტკიცებით, მთლიანობაში, დისიდენტური მოძრაობა იდგა სამ ფუძემდებლურ პრინციპზე: კანონმორჩილება, არაძალადობა და საჯაროობა. თუმცა თავად დისიდენტური მოძრაობა რამდენიმე ძირითად მიმართულებად იყოფოდა. პუბლიცისტი ფრიდონ საყვარელიძე გამოყოფს შემდეგ ჯგუფებს: ლიბერალურ-დემოკრატიული, რომლის წევრები სსრკ-ის დასავლური სისტემის მიხედვით მოწყობის მომხრენი იყვნენ; მარქსისტული ჯგუფის წევრები თვლიდნენ, რომ ყველაფერში დამნაშავეა სტალინიზმი და რომ საჭიროა ჭეშმარიტ მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიასთან დაბრუნება; ნაციონალ-პატრიოტები კი სლავიანოფილური პოზიციებიდან გამოდიოდნენ. დაბოლოს, ნაციონალისტთა ჯგუფები მოკავშირე რესპუბლიკებსა და, მათ შორის, საქართველოშიც. მწერალ ზურაბ ქარუმიძის თქმით, ქართული დისიდენტური მოძრაობა ძლიერი ნაციონალისტური შეფერილობით გამოირჩეოდა:
ეს იყო ის ხალხი, რომელიც უარს ამბობდა საბჭოთა ესთეტიკაზე, საბჭოთა სამყაროს სურათზე და იყო წასული სულიერ ემიგრაციაში...

„ეს არ იყო წმინდა პოლიტიკური დისიდენტობა, ანუ მოძრაობა იმისათვის, რომ დამკვიდრებულიყო ადამიანის უნივერსალური უფლებები, დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენთვის უპირველესი ამოცანა მაინც იყო ეროვნული დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და, ამდენად, ქართული დისიდენტობა იყო მკვეთრად ნაციონალისტური.“

თუმცა, მკვლევართა თქმით, მსგავსი ვითარება იყო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებშიც. ამასთან, „ნაციონალისტური შეფერილობა“ არ უშლიდა ხელს ქართველ დისიდენტებს ყოფილიყვნენ ამ მოძრაობის ღირსეული წარმომადგენლები. ნაწყვეტი ცნობილი დისიდენტის სერგეი კოვალიოვის წიგნიდან ”თეთრი ყვავის გადაფრენა”:

„რუსეთისთვის გამსახურდიამ ერთი ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა: „არქიპელაგ გულაგის“ ტიპოგრაფიული გამოცემის იატაკქვეშა ორგანიზება მის სახელს უკავშირდება. და თუკი ეს წიგნი რუსულ ისტორიულ მეხსიერებაში იმაზე გაცილებით ადრე შევიდა, ვიდრე სამშობლოში ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა, ეს, უპირველესად, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.“

თუმცა ქართულ დისიდენტურ მოძრაობას ყველაზე ძლიერი დარტყმაც ზვიად გამსახურდიამ მიაყენა, როცა 1978 წელს საჯაროდ თქვა უარი დისიდენტურ წარსულზე.

ზვიად გამსახურდია: „მინდა აღვნიშნო, რომ ხანგრძლივი განსჯის შემდეგ მივხვდი, რომ თავგზა მქონდა არეული და რომ ჩემი მოღვაწეობა, დიდწილად, მავნებლური იყო. გულწრფელად ვწუხვარ ჩადენილის გამო, ვინანიებ და ვგმობ ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ მამაჩემმა – კონსტანტინე გამსახურდიამ - არაფერი იცოდა ჩემი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. მამა ყოველთვის მინერგავდა აზრს საბჭოთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის უპირატესობის შესახებ სხვა პოლიტიკურ სისტემებთან შედარებით, რასაც კონკრეტული მაგალითებით მაჩვენებდა კიდეც.“
ისტორიის გააზრება გაძლევს საშუალებას შენი თანამედროვეობა და მომავალი უკეთესად დაგეგმო და განახორციელო...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დისიდენტების ერთი ნაწილი ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დისედენტებმა ახალ ასპარეზზე ვერ ივარგეს, რასაც ლევან ბერძენიშვილი ლოგიკურ ახსნას უძებნის:

„არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როცა დისიდენტებმა პოლიტიკაში ივარგეს. მიზეზი მარტივია: მათ არ ჰქონიათ პოლიტიკური ამბიციები. მათ დააკისრა ვითარებამ პოლიტიკური ამბიცია და მე არ მგონია, რომ ამით უნდა გავზომოთ დისიდენტების დამსახურება. დისიდენტების დამსახურება იყო ის, რომ მათ შექმნეს ველი, რომელშიც შეიძლებოდა ტყუილის გარეშე ცხოვრება.“

თუმცა ტყუილის გარეშე ცხოვრებაც არ აღმოჩნდა იოლი. დისიდენტებს პოსტკომუნისტური ხელისუფლებებიც არ სწყალობენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც არსებულ პრობლემებს წარსულის ჯეროვანი გაუაზრებლობაც ამძიმებს. სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას ისახავს მიზნად „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, რომლის დამფუძნებლის ნინო ლეჟავას თქმით, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრება საზოგადოების სწორი განვითარების წინაპირობაა:

„ჩემი აზრით, სწორედ ეს გაუაზრებლობა და რეფლექსიის არქონა ხელს გვიშლის დემოკრატიის განვითარებაში. ისტორიის გააზრება გაძლევს საშუალებას შენი თანამედროვეობა და მომავალი უკეთესად დაგეგმო და განახორციელო“, - უთხრა ნინო ლეჟავამ რადიო თავისუფლებას.

ცხადია, თანამედროვეობისა და მომავლის უკეთესად დაგეგმვა გაჭირდება, თუკი არ გვეცოდინება უახლოესი წარსულის დეტალები, კერძოდ, არ გვეცოდინება ის, თუ ვინ უმღეროდა ტირანიას და ვინ – თავისუფლებას. თუმცა, მწერალ ზურაბ ქარუმიძის თქმით, დისიდენტებისა და საბჭოთა მოქალაქეების გარდა, ასევე არსებობდა ახალგაზრდების ერთგვარი კასტა - ეგრეთ წოდებული „ესთეტიკური დისიდენტები“:
ლევან ბერძენიშვილი, ზურაბ ქარუმიძე, ემილ ადელხანოვი

„ეს იყო ის ხალხი, რომელიც უარს ამბობდა საბჭოთა ესთეტიკაზე, საბჭოთა სამყაროს სურათზე და იყო წასული სულიერ ემიგრაციაში, ანუ ცხოვრობდა ამერიკული ფილმებით, ლიტერატურით, ტანსაცმელსაც კი სხვანაირს ატარებდა, უსმენდა ჯაზს, როკს...“

თუმცა მკვლევარები იმასაც შენიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ დისიდენტების ძალისხმევით არ დანგრეულა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, საბჭოთა კავშირი შიგნიდან, ფაქტობრივად, დაუნგრეველი იყო:

„საბჭოთა კავშირი დაანგრია ერთი კაცის ფანატიკურმა რწმენამ. მხედველობაში მაქვს რომის პაპი იოანე-პავლე მეორე, რომელმაც უბრძანა თავის ხალხს გაეწიათ წინააღმდეგობა ღმერთის სახელით! საბჭოთა კავშირი დაანგრია „სოლიდარობამ“, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ რონალდ რეიგანმა, მარგარეტ ტეტჩერმა, თუმცა რომის პაპის როლი მაინც განუზომელია.“