ქართველთა მარში

”ეროვნული ფორუმის” მიერ ორგანიზებული ქართველთა მარში ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერების განცხადებით, ეს არის სიმბოლური მარში, რომელიც სოხუმის დაცემის და ჯვართამაღლების დღესასწაულს დაამთხვიეს, რაც, მათი თქმით, დაცემიდან ამაღლებისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. “ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით კი, ეს დღე იქნება ეროვნული მოძრაობის განახლების სიმბოლო, რამაც საზოგადოება უნდა გამოაღვიძოს.

ვარდების მოედანზე ქართველთა მარშში მონაწილეობის მისაღებად მისულთა უმრავლესობა ხანში შესული მამაკაცები იყვნენ. ისინი, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობდნენ, რომ მარშში მონაწილეობის მიღება ქვეყანაში არსებული ნიჰილიზმით, სოციალური საკითხებით და უმუშევრობით განპირობებული პრობლემების გამო გადაწყვიტეს, ზოგმა კი ქართულ მედიაში არსებული ვითარებაც დაასახელა:
გამოგვყარეს და ქუჩაში ვართ და დავდივართ ასე, დავეხეტებით. თავიანთი 10 ათასი ზოგს მისცეს, ზოგს არა და ვართ ასე გაუბედურებულები...

”ეს ჩემი პირადი საქმეა, რაც ხდება საქართველოში, გინდათ სასამართლოსთან მიმართებაში, იგივე პრესასთან მიმართებაში... აი, რაც ხდება მასმედიაში, ტელევიზიაში, საშინელებაა, ხომ? ”

ქართველთა მარშის დაწყებას ელოდნენ დევნილებიც, ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებული დევნილი ქალბატონების ერთი ჯგუფი. მათი განცხადებით, ისინი მარშში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წევრთა სანახავად იყვნენ მისული.

”სათქმელი ის გვაქვს, რომ გამოგვყარეს და ქუჩაში ვართ და დავდივართ ასე, დავეხეტებით. თავიანთი 10 ათასი ზოგს მისცეს, ზოგს არა და ვართ ასე გაუბედურებულები.”

აქვე ვთქვათ, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვისაც დევნილი ქალბატონები ელოდნენ, მარშს არ შეერთებია. მას მხოლოდ ტრადიციონალისტების რამდენიმე ლიდერი შეუერთდა.

თავად მარშის ორგანიზატორი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა, ვარდების მოედანზე ვაჟიშვილებთან ერთდ მივიდა. დღევანდელ მარშზე მან ილაპარაკა როგორც აპოლიტიკურ მოვლენაზე და უფრო საზოგადოების გამოღვიძების სიმბოლურ დატვირთვაზე გაამახვილა ყურადღება:
არა მარტო ხელისუფლებამ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რამდენი ადამიანი არ ეპუება ამ საქმეს და აი, ვიცი, რომ, სულ ცოტა, ეს ადამიანი არ ეპუება ხელისუფლებას...

”კვლავ გამთლიანებისთვის, საქართველოს განვითარებისთვის, დაცემიდან ამაღლებამდე. ჩვენ, ქართველები, საქართველოსთვის ვილოცებთ დღეს, გავიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის დადო თავი და დაიღუპა და ერთიანობის განცდას და განწყობას შევიქმნით იმისთვის, რომ კვლავ გავაგრძელოთ საქმე. ჩვენ გამოსვლაც, ბრძოლაც, აქტიურობაც კიდევ არაერთხელ მოგვიწევს. ამ მზადყოფნის დემონსტრირებაა დღეს. ”

„ეროვნული ფორუმის“ კიდევ ერთმა ლიდერმა კი, გუბაზ საკინიძემ, განაცხადა, რომ მარში პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს და სოციალურსაც და იქ მისული ხალხის რაოდენობა იმ დასკვნის საშუალებას მისცემს, თუ რამდენი ადამიანი არ ეპუება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას:

"ეროვნული ფორუმის" ლიდერები
”არა მარტო ხელისუფლებამ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რამდენი ადამიანი არ ეპუება ამ საქმეს და აი, ვიცი, რომ, სულ ცოტა, ეს ადამიანი არ ეპუება ხელისუფლებას. ეს ის ადამიანები არიან, ვინც არასოდეს შეეგუება სოხუმის და ცხინვალის დაკარგვას და სინგაპურის ჭიშკარში შებიჯებას.”

გუბაზ სანიკიძისვე განცხადებით, ქართველთა მარში მომავალში შესაძლოა 90-იან წლებში დაწყებული ეროვნული მოძრაობის გაგრძელებადაც იქცეს, რაც, საბოლოოდ, უნდა მოემსახუროს მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან:

”ეროვნული მოძრაობა დაიწყო რამდენიმე ასეულმა კაცმა და მერე მილიონები ჩაერთნენ. ეს საკმარისზე მეტია. მე ის ვიცი, რომ, სულ ცოტა, ამდენი თანამებრძოლი ვართ უკვე და ეს ცოტა არ არის, გაითვალისწინეთ.”

„ეროვნული ფორუმის“ მიერ ორგანიზებულ ქართველთა მარშში დაახლოებით 4 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ ვარდების მოედნიდან გზა სამების ტაძრამდე ფეხით გაიარეს, სამების საკათედრო ტაძარში კი „ფორუმის“ ლიდერები და მარშში მონაწილე ადამიანები აფხაზეთის ორი დაღუპული გმირის პარაკლისს დაესწრნენ. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებს სამომავლო გეგმების შესახებ არაფერი უთქვამთ.