საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, სტრასბურგი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხვალ, 22 სექტემბერს, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთშორისი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართება. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის რიგი მუხლების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ძირითადი ნორმების სავარაუდო დარღვევებს. ადამიანის უფლებათა ქართველი დამცველები და პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ სარჩელი სათანადოდაა მომზადებული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმის არსებითად განხილვის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა. საჩივარი სრული ფორმით კი ევროსასამართლოში 2009 წლის 6 თებერვალს შევიდა. მოგვიანებით, 2010 წლის მარტსა და 2011 წლის აპრილში, სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებითი განმარტებები და არგუმენტაცია მიიღო. ხვალ, 22 სექტემბერს, ევროსასამართლო იმსჯელებს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ევროკონვენციით დადგენილ მოთხოვნას საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს მთავრობას წარმატებას უსურვებს, თუმცა უკმაყოფილოა იმ რეალობით, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს სარჩელისა და მტკიცებულებების შინაარსის გაცნობის საშუალებას არ აძლევს.
თინათინ ხიდაშელი

”კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებითაც გასაიდუმლოვდა, ანუ საიდუმლო ინფორმაციის ნაწილს განეკუთვნება უკვე საერთაშორისო სასამართლოებში სამართალწარმოება, რაც, თავისთავად, ბუნებრივია, ეჭვს უჩენს ამ თემით დაინტერესებულ ხალხს, რომ რაღაცას მალავს ხელისუფლება. ეს რაღაცა შეიძლება იყოს საკუთარი არაპროფესიონალიზმიც და ის ძირითადი მიზეზებიც, რატომ ვაგებთ საქმეებს საერთაშორისო სასამართლოებში”.

თინა ხიდაშელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს კანონის მოთხოვნები და ამით საქართველოს მოქალაქეებს მისცეს საშუალება საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს შესახებ სამართალწარმოებაზე სრული ინფორმაცია ჰქონდეთ. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომელთაც პროფესიულადაც მიუწვდებათ ხელი ამ ტიპის სამართალწარმოებისთვის აუცილებელ მასალაზე და თავადაც აგროვებენ მტკიცებულებებს. ერთ-ერთი მათ შორის არის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, რომელიც გამოთქვამს ეჭვს, რომ საქმე რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში ისევეა განწირული წასაგებად, როგორც ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ვარაუდობს, რომ სარჩელი არასათანადოდაა მომზადებული. ამის თქმის საშუალებას მას აძლევს საკუთარი კლიენტების, ანუ იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც, როგორც ფიზიკური პირები, ომის დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ. ლია მუხაშავრიას თქმით, მათ მიმართეს საქართველოს პროკურატურას, რომელსაც გამოძიება არ ჩაუტარებია. შესაბამისად, ადვოკატი ასკვნის, რომ საქართველოს მხარეს მტკიცებულებების პრობლემა აქვს.
ლია მუხაშავრია

”მე ასევე ვიცი დოკუმენტურად, მტკიცებულებით, რომ ურთიერთობა რუსეთის პროკურატურასთან ჩვენს პროკურატურას, ამ სამართლებრივი საკითხების გამო, არა აქვს და არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, ის საკითხი, რომელიც ახლა განიხილება, ანუ ამოწურა თუ არა ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩვენმა სახელმწიფომ, ვიდრე სტრასბურგს მიმართავდა, არ აქვს შესრულებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროსასამართლომ უარი უნდა უთხრას მისი საჩივრის მისაღებობაზე ამ ეტაპზე”.

მტკიცებულებების საკითხს მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით, მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებას საქმის მოსაგებად სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს ბლოკ ”ეროვნული ფორუმის” წევრი, ”ქალთა პარტიის” თავმჯდომარე, გუგული მაღრაძე, რომლის აზრითაც, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო რეალურად ბოლო შანსია იმისთვის, რომ საქართველომ დევნილების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ სახელმწიფოთშორის განაცხადზე, ზეპირი მოსმენის გამართვამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. სპეციალურად გავრცელებულ პრესრელიზში კი აღნიშნულია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს მხარე, ევროკონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევებისთვის რუსეთის აშკარა პასუხისმგებლობის გარდა, ამ დარღვევებთან მიმართებაში რუსეთში არსებული დაცვის შიდა საშუალებების არაეფექტურობის საკითხსაც დასვამს. აი, რა უთხრა რადიო ”თავისუფლებას” ორიოდე კვირის წინ ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ.
ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ რუსეთის შიდასამართლებრივი საშუალებები არის არაეფექტიანი პირველ რიგში, ვინაიდან დარღვევებს ჰქონდა პრაქტიკის ხასიათი...

”რა თქმა უნდა, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ რუსეთის შიდასამართლებრივი საშუალებები არის არაეფექტიანი პირველ რიგში, ვინაიდან დარღვევებს ჰქონდა პრაქტიკის ხასიათი, ეს პირველი და, მეორე, თუნდაც თეორიულად რომ მივიჩნიოთ, რომ რაღაცა ფორმით სამართლებრივი საშუალებები არსებობს, ეს არის არაეფექტური”.

აქვე მტკიცებულებების საკითხს კიდევ ერთხელ შევეხებით და აღვნიშნავთ, რომ ლევან მესხორაძის განმარტებით, ქართულ მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საომარი მოქმედებების დროს და შემდეგ რუსეთის ფედერაცია იყო საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული დარღვევების მთავარი შემოქმედი.

საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი განაცხადი აქვს შეტანილი. პირველი საქმე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების დევნას უკავშირდებოდა, არსებითად განიხილება. მეორე, ანუ იმ საქმეში, რომლის ზეპირი მოსმენაც 22 სექტემბერს გაიმართება, საქართველო რუსეთს ევროკონვენციის იმ მუხლების დარღვევას ედავება, რომლებიც სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოების, საკუთრებისა და განათლების უფლებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. საქმე, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ მხოლოდ დასაშვებობის დადგენის სტადიაზეა.