რუსული პრესის მიმოხილვა. 20 სექტემბერი, 2011

მიხეილ პროხოროვი, ალბათ, ის საკვანძო სიტყვაა, რომელიც ამ კვირის რუსულ პრესას შეკრავდა. 46 წლის მესამე მდიდარი ადამიანი რუსეთში, “ფორბსის” გამოკითხვების მიხედვით, პარტია “პრავოე დელოს” ჩამოშლის ცენტრში დგას. პროხოროვი პარტიას, რომელიც ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებობდა, სათავეში ზაფხულში ჩაუდგა. შეხედულებათა შეუთავსებლობით ან პირდაპირ არდასახელებული მიზეზებით პარტია გაიხლიჩა და მარტივ მამრავლებად დაიშალა, – ასე ასახელებს ამ პროცესს პროხოროვის ერთ-ერთი მეგობარი საზოგადოებრივი ფლანგიდან. პროხოროვი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წაგებულ პოზიციაში, ყოველ შემთხვევაში, რუსული პრესის მიხედვით. გაზეთების ინტერნეტ-ვერსიები მრავალ ფაქტოლოგიურ თუ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებენ ამ თემაზე. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა გაზეთის მთავარი თემის პერსონაჟი პროხოროვია. პროხოროვი ჩნდება ტექსტურ თუ ვიდეო ფორმატებში: თავდაჯერებული მილიარდელი, რომელიც საუბრობს მსოფლიო კრიზისზე, პოლიტიკურ გადაჯგუფებებსა და რუსეთის შანსზე, გახდეს ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში. ერთ-ერთ ვიდეო გამოსვლაში დარბაზს მიმართავს, ჩვენ რეალურად მხოლოდ ნედლეულის, ბუნებრივი რესურსების უხეშად მომხმარებლები ვართო, არაფერს ვაწარმოებთ სერიოზულად, დახედეთ ერთმანეთს ჩასაცმელზეო… პროხოროვს დარბაზიდან ეკითხებიან – საკრედიტო პრობლემას როგორ მოაგვარებდი პრეზიდენტად რომ აგირჩიოთ, როცა მილიონობით რუსეთის მოქალაქე ბანკების მოვალეაო… პროხოროვს კი ინდივიდუალური გადახდისუნარიანობის თემა შემოაქვს, ბევრის დეფინიციით, ის, რასაც ულტრამემარჯვენე ფილოსოფია ჰქვია, თუმცა ამაზე სხვა დროს. ამასთან, პროხოროვი, ალბათ ამ ეტაპზე, რაც მთავარია, პრეზიდენტობის იდეას ღიმილით ხვდება, – იქნებ ხუმრობთო! ერთ-ერთი მკითხველის ვიდეოკომენტარი კი ასეთია – რას ჰქვია არ უნდა, დავაძალებთო…

ის, რომ პროხოროვი პრეზიდენტობაზე პრეტენდირებს, გაზეთებში პირდაპირ გამოტანილი არ არის. თუმცა კეთდება აქცენტები, რომ, პროხოროვის თაოსნობით, “პრავოე დელოს” წვრილ მამრავლებად დაშლა დარტყმა იყო არსებულ მმართველ გუნდზე, ანუ ამით ამ უკანასკნელმა წააგო, რადგან ერთ-ერთი საყრდენი გამოეცალაო. თუმცა, სტატიაში ასევე საუბარია, რომ პროხოროვიც არ დარჩა მოგებული. არსებობს სხვა მოსაზრებებიც სხვა გაზეთებში: მაგალითად, პროხოროვს დრო სჭირდება და ცოტა ხნით გვერდზე გადგა ძალების მოსაკრებად და, რაც მთავარია, მან “ზომიერად ამბიციური” პოზიციით ამომრჩეველთა გულები მოიგოო…

რაც შეეხება თავად პროხოროვს, მას ფულადი რესურსები, ოფიციალური ინფორმაციით, ძვირფასი ლითონების ბიზნესში აქვს მოპოვებული. ამავე კვირის გაზეთებში კეთდება აქცენტები ამ მიმართულებითაც, რადგან მის გუნდში ხელისუფლება კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს დასდევს.

რა მოხდა მოსკოვში მას შემდეგ, რაც მერი შეიცვალა. ამ თემაზე მეტად საინტერესო მცირე ანალიზს აკეთებს “ნოვაია გაზეტა” სტატიაში “სობიანინი ვს ლუჟკოვი ერთი წლის შემდეგ” .

სტატიის აქცენტი კი შემდეგია: სხვადასხვა კვლევებსა და სტატისტიკურ მასალებზე დაყრდნობით, კეთდება დასკვნა, რომ პოლიტიკა, რომელსაც ლუჟკოვი აწარმოებდა საზოგადოების ორ ფენას მოსწონდა – ძალიან მდიდრებს და ძალიან ღარიბებს. პირველს იმიტომ, რომ საშუალება ეძლეოდა კიდევ უფრო გამდიდრებულიყო, მეორეს იმიტომ, რომ ლუჟკოვი სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სოციალური პროექტებით მათი გულის მოგებას ახერხებდა. საზოგადოების ნაწილი ან უფრო სწორედ ეკონომიკური თუ სოციალური ტენდენცია, რომელიც ვერ ხარობდა, ასე ვთქვათ, ლუჟკოვის დროს, იყო საშუალო ფენა და მისი პრიორიტეტები. სობიანინი სწორედ ამ მიმართულებით მიდის – ელიტებს, კორუფციას, ფინანსურ ინტერესებს არ ერიდება და სტაბილური საშუალო ფენის შექმნისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნისო, – ვკითხულობთ “ნოვაია გაზეტაში”.