ჟან ბოდრიარი და 11 სექტემბერი

11 სექტემბრის ტრაგედიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მსოფლიო პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, კულტურაზე... ათი წლის წინ მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტი აისახა ჩვენი დროის თითქმის ყველა დიდი ფილოსოფოსის ნაშრომებში. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და, ამავე დროს, ძალზე პოპულარული აღმოჩნდა ფრანგი სოციოლოგის, ფილოსოფოსის, კულტუროლოგის ჟან ბოდრიარის კონცეფცია. ”ტერორიზმის სული” - ასე ერქვა ბოდრიარის სტატიას, რომელიც გაზეთ ”მონდში” გამოქვეყნდა 2001 წლის ნოემბერში.

ჟან ბოდრიარი ღიზიანდებოდა, როცა ”პოსტმოდერნიზმის გურუს” უწოდებდნენ. თავად ეს სიტყვა - ”პოსტმოდერნიზმი” - დიდად არ მოსწონდა, თუმცა ითვლება, რომ კულტურის და განსაკუთრებით მედიის ის ანალიზი, რომელსაც ბოდრიარმა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მიმართა, ზუსტად ასახავს ეგრეთ წოდებულ ”პოსტმოდერნისტულ სიტუაციას” - ბოდრიარი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ცხოვრების არა ერთი რომელიმე მხარე, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ჩვენი ცხოვრება, როგორც რეალობა, და მას მედიის მიერ შექმნილი უწოდა. 11 სექტემბრის ტრაგედიამდე გაცილებით უფრო ადრე ბოდრიარი წერს წიგნს ”ამერიკა”, ცოტა ხანში კი სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებს აფასებს როგორც დასავლეთის მედიის ”დაკვეთას”. უფრო მეტიც, ჯერ კითხულობს: ”ნამდვილადაა ომი სპარსეთის ყურეში?”, მერე კი აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”სპარსეთის ყურეში ომი არ ყოფილა”. იმხანად, ე.ი. 90-იანი წლების დასაწყისში, ჟან ბოდრიარი განსაკუთრებით პოპულარული ხდება. ფილოსოფოსი გიგა ზედანია ამბობს, რომ ბოდრიარი შეიძლება არ იყო ისეთი დიდი მოაზროვნე, როგორიც ფუკოა ან დერიდა, მაგრამ პოპულარული ნამდვილად გახდა - პოპულარული თავისი ორიგინალური და საკმაოდ რადიკალური მოსაზრებებით, განსაკუთრებით -სიმულაკრის ცნების შემოტანით. ”სიმულაკრი” ბოდრიარის მთავარი კონცეფტია:

” ეს არის არა ის, რაც რეალობას მალავს, არამედ ის, რაც მალავს იმას, რომ რეალობა არ არსებობს. ანუ თუკი საზოგადოების და კულტურის კრიტიკოსები მუდმივად იმეორებენ იმას, რომ ჩვენ ილუზიებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რათა რეალობა დავინახოთ, ბოდრიარი ამბობს, რომ დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში, - მას შეგვიძლია დავარქვათ პოსტმოდერნული მდგომარეობა ან რამე სხვა, - სადაც ეს რეალობა უკვე გამქრალია და ჩვენ მხოლოდ მედიის ხატებს ვართ მინდობილნი. აქედანაც ვერ ხედავს ბოდრიარი გამოსავალს, გარდა მძაფრი აქტებისა, როგორიცაა, მაგალითად, ტერორისტული აქტი.”

ბოდრიარის აზრით, ჯერ კიდევ სპარსეთის ყურეში მომხდარმა მოვლენებმა ცხადყვეს, რომ ხალხი გადაიქცა ”პუბლიკუმად” - მაშინაც კი, როცა მასებს სთავაზობენ ”აზრს”, მასები მაინც ”სანახაობას” მოითხოვენ. ამ მოთხოვნაზე, ამ ცდუნებაზე უარს ვერავინ ამბობს - ცდუნება, ფაქტობრივად, საყრდენი ხდება თანამედროვე საზოგადოებისთვის.

ფილმში ”მატრიცა” სურათის გმირი იღებს კომპიუტერულ დისკს წიგნიდან, რომელსაც ყდაზე აწერია: ჟან ბოდრიარი ”სიმულაკრები და სიმულაცია”. ბოდრიარის სახელი შემთხვევით არ ჩნდება ჰოლივუდის ბლოკბასტერში - ბოდრიარი მიიჩნევს, რომ სწორედ ჰოლივუდმა მოამზადა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი. უფრო სწორად, ხალხმა, ”პუბლიკუმმა” დაუკვეთა ჰოლივუდს ის, რაც სურდა - დაუკვეთა შიში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა. ამ მხრივ, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ჟან ბოდრიარმა, ფაქტობრივად, იწინასწარმეტყველა, რაშიც გიგა ზედანიაც გვეთანხება.

წინასწარმეტყველება მხოლოდ ბოდრიარის ნაწერებში არ არის. წინასწარმეტყველება არის ჰოლივუდის ფილმებში, მათ შორის - მეორეხარისხოვან ფილმებში... იმიტომ რომ ტერორისტული აქტი მხოლოდ მაშინაა წარმატებული, თუკი საზოგადოებას მისი ეშინია. სწორედ იმიტომ მოხდა მისი მატერიალიზება, რომ საზოგადოების წარმოსახვაში არსებობდა მისი საფრთხე. დასავლურ საზოგადოებას ამაზე რომ ბევრი არ ეფიქრა, ამ აქტის განხორციელებას აზრი არ ექნებოდა.”

თავის წიგნში ბოდრიარმა წარმოგვიდგინა ამერიკა როგორც უტოპიური ქვეყანა, სადაც ჰიპერრეალობა მთლიანადაა რეალიზებული კომპიუტერული თამაშებით, უზარმაზარი სუპერმარკეტებით, ტელევიზიით. მაგრამ 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა ისე, რომ გლობალიზმი საკუთარ თავს დაუპირისპირდა, ფაქტობრივად, დაიწყო მეოთხე მსოფლიო ომი - თავად სიტუაცია აღმოჩნდა ”ტერორისტული”, რადგან დასავლეთი იძულებული გახდა ტერორს ისევ ტერორით დაპირისპირებოდა.. ამას ამტკიცებდა ჟან ბოდრიარი 2001 წლის ნოემბერში, გაზეთ ”მონდში” გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, რომელიც ერთგვარი რეაქციაა არა მარტო 2001 წლის ტერორისტულ აქტზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დაიწყო 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლა დასავლეთში. ბოდრიარი წერს:

”ტერორიზმი ამორალურია. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევა - ეს სიმბოლური გამოწვევა, ამორალურია და გლობალიზაციის მოთხოვნებს გამოხატავს... მაშ, ჩვენც ამორალურად მოვიქცეთ - თუკი რამის გაგება გვსურს, იმასაც უნდა შევავლოთ თვალი, რაც კეთილისა და ბოროტის მიღმა არსებობს... კრიტიკული პუნქტი მდგომარეობს შემდეგში: დასავლური ფილოსოფიის, სინათლის ფილოსოფიის შეუმდგარობა კეთილისა და ბოროტის მიმართებაში.”

გამოდის, რომ ტერორიზმის სისასტიკეც არაა რეალური და მეოცე საუკუნის მასობრივი ჰიპნოზის გამოვლენაა. შეიძლება - შედეგიც. ბოდრიარის დასკვნა უზომოდ პესიმისტურია - დღეს უკვე მედიის სწორად გამოყენება შეუძლებელია, რადგანაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ტერორის ნაწილი გახდა.


მიუხედავად ასეთი პესიმიზმისა, მიუხედავად იმისა, რომ ჟან ბოდრიარი რეალობის უკანასკნელ ბასტიონად სიკვდილს მიიჩნევს (”ეს ერთადერთია, რასაც არა აქვს მომხმარებლური ფასი”, - წერდა ბოდრიარი), ფრანგი ფილოსოფოსი მაინც ხედავს ხსნას - შემოქმედებაში, ხელოვნებაში, ხელოვნების კრიტიკულ ბუნებაში. ამ თვალსაზრისით, ხელოვნებას შეუძლია თერაპევტის როლიც შეასრულოს, შეუძლია დაგვაბრუნოს რეალობას. და ეს, შესაძლოა, ერთადერთი საშუალება იყოს ტერორიზმის და ძალადობის დასამარცხებლად.