მარტყოფის პანსიონატის ახალი სიცოცხლე

მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდთა პანსიონატის განახლებული შენობა დღეს, 8 სექტემბერს, გახსნა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ. შენობის რეაბილიტაცია 2009 წელს საელჩოს თანამშრომლებისა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მოხალისეების ძალისხმევით დაიწყო და ახლახან დასრულდა. პანსიონატი, რომელიც 85 უნარშეზღუდულ ბენეფიციარზეა გათვლილი, მოერგო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი მომავალი პანსიონატის ბინადართ განახლებულ შენობაში და მის გარეთ?
ამერიკელების ძალიან დიდი დახმარებით დიდი საქმე გაკეთდა ამ ბავშვებისთვის. მე თვითონ არ მოველოდი და მიხარია, რომ ასეთი შედეგი გვაქვს ...

საქართველოში ჩამოსულმა შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის 30-მა სამხედრომ 2009 წელს მარტყოფის უნარშეზღუდულ მოზარდთა სახლის ეზოს და შენობის მოწესრიგება დაიწყო. ისინი მოხალისეებად მუშაობდნენ, შემდეგ კი, როცა საკუთარი ძალებით საჭირო სამუშაოებს ვეღარ გასწვდნენ, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 თანამშრომელიც შეემატათ. შეერთებული შტატების არმიის მაიორმა ჯეისონ ბეიკერმა შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებთან ერთად პროექტი დაწერა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალთა ევროპულ სარდლობას გრანტის გამოყოფა სთხოვა. საელჩოს ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენელი ნიკო ფურცელაძე გვიამბობს:

”მე თვითონ წარმოშობით მარტყოფიდან ვარ, ზაფხულობით ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, აქაურ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე. ჩემი ოჯახიდანაც მოდიოდა ეს ინიციატივა, რომ დავხმარებოდით ამ ბავშვებს, როგორც კი საშუალება მოგვეცემოდა. რა თქმა უნდა, ამერიკელების ძალიან დიდი დახმარებით დიდი საქმე გაკეთდა ამ ბავშვებისთვის. მე თვითონ არ მოველოდი და მიხარია, რომ ასეთი შედეგი გვაქვს. ”
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, თუ რამდენად კარგად ზრუნავს ეს საზოგადოება თავის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე...

შედეგი კი შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა ევროპული სარდლობის მიერ გამოყოფილი 500 ათასი დოლარისა და შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოყოფილი 100 ათასი დოლარის მეშვეობით მივიღეთ.

მარტყოფის უნარშეზღუდულ მოზარდთა სახლის გახსნისას შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ამგვარი დახმარებით შტატები ქართულ საზოგადოებას გვერდში უდგას იმისათვის, რომ უკეთ იზრუნონ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე:

”მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, თუ რამდენად კარგად ზრუნავს ეს საზოგადოება თავის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე და ამ პროექტშიც, ისევე როგორც სხვა პროექტებში, რომლებიც აქ, საქართველოში, ხორციელდება, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ ამ ქვეყნის ხალხის და მისი ხელისუფლების პარტნიორები და ერთად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ყველაზე დაუცველი ჯგუფების ცხოვრება.”

სანამ მარტყოფის სახლს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდებოდა, იქაური ბენიფიციარები დუშეთის უნარშეზღუდულ მოზარდთა პანსიონატში იყვნენ გადანაწილებული. რამდენიმე მათგანი დღეს მარტყოფის რეაბილიტირებული სახლის პრეზენტაციასაც ესწრებოდა. 28 წლის ელენე ბელაიამ გვითხრა, რომ სურს მისი ყველა მეგობარი მალე დაბრუნდეს მარტყოფის პანსიონატში, რადგან ის პირობები, რაც აქ ნახეს, დუშეთის პანსიონატისას არ ჰგავს:
მიზანი არის ის, რომ მოზრდილი ადამიანები ფეხზე დადგნენ და ამ ღობის იქით გავიდნენ...

”ჩვენს მეგობრებს ხომ გული ეტკინებათ, ჩვენ კარგ რემონტში ვიყოთ და ისინი ცუდში და ამიტომ მირჩევნია ისინიც კარგ რემონტში იყვნენ.”

მარტყოფის უნარშეზღუდული მოზარდების პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარები, ისევე როგორც ყველა სხვა მსგავს ინსტიტუციებში, არიან მთლიანად სახელმწიფო კმაყოფაზე, რაშიც შედის კვება, სამედიცინო მომსახურება, ჩაცმა და განათლება. ასეთ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ცხოვრება პანსიონატში გაატარონ, თუ სხვა პერსპექტივა არ ექნებათ. მათი უმეტესობა სხვადასხვა ხელსაქმეს სწავლობს იმისათვის, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იყოს მზად, თუმცა მათი უმრავლესობა, ვისაც დღეს რადიო თავისუფლება ესაუბრა, მზად არ არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის:

” არა, მარტო არ შემიძლია, მირჩევნია ჩემს მეგობრებთან ვიყო, მარტო არა.”

სწორედ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარის მიცემაში ხედავს მსგავსი ინსტიტუციების დანიშნულებას ნინო მახაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”. ის ამბობს, რომ კეთილმოწყობილი გარემოს შექმნის გარდა, უნარშეზღუდულ პირთ საზოგადოებასთან თანაცხოვრებისთვის უნდა ამზადებდნენ:

” თუ აქ ჩაიკეტება კარი, თუ ეს იქცევა მუდმივ საცხოვრებლად, მაშინ ჩვენ შეგვიქმნია დიდი ინსტიტუცია, რომელიც არ ემსახურება ჩვენს დეინსტიტუციონალიზაციას. ეს კი ეწინააღმდეგება ჩვენს ხედვას და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისითაა სწორი. მიზანი არის ის, რომ მოზრდილი ადამიანები ფეხზე დადგნენ და ამ ღობის იქით გავიდნენ.”

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკაც სწორედ ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული და ამის დასტურად ისეთი ღონისძიებების სიჭარბე მოჰყავს, რომელიც უნარშეზღუდულთა რესოციალიზაციას ემსახურება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეში გარკვეული სპეციალისტების აზრით, საქართველოში უნარშეზღუდული მოზარდების კეთილდღეობისათვის სახელმწიფოზე მეტად უცხოური დონორები ზრუნავენ.