როგორ ვერ მოკლეს ილია

ილია ჭავჭავაძე

1907 წლის 30 აგვისტო (12 სექტემბერი) ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. წიწამური-საგურამოს გზაზე მოკლეს ადამიანი, ვისი ძალისხმევის გარეშე საქართველო ვერც დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ვერც თანამედროვე ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა.

მკვლელობა ძველი სტილით 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა. მეორე დღეს ქართულმა ყოველდღიურმა ლიტერატურულ-პოლიტიკურმა გაზეთმა „ისარმა“ გამოაქვეყნა მოკლე ცნობა: „საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე“.

‘კილერმა’ იცოდა ეტლს სად გააჩერებდნენ, ხოლო გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა კი არ იცოდა, რომ ტყეში მკვლელი იყო...


ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, მკვლელობის მიზანი არ ყოფილა არც ძარცვა და არც უკმაყოფილო გლეხობის შურისძიება. მკვლელობა განხორციელდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დაკვეთით, მკვლელობის ორგანიზება კი სერგო ორჯონიკიძესა და ფილიპე მახარაძეს დაევალათ. სწორედ მათ გადაიბირეს ყაჩაღობასა და ტერორში შემჩნეული გლეხების ჯგუფი, თუმცა ვახტანგ გურული ამტკიცებს, რომ მკვლელობა არა ამ ჯგუფმა, არამედ მახარაძე-ორჯონიკის მიერ დაქირავებულმა ტერორისტმა განახორციელა:

„‘კილერმა’ იცოდა ეტლს სად გააჩერებდნენ, ხოლო გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა კი არ იცოდა, რომ ტყეში მკვლელი იყო. სოციალ-დემოკრატებს უნდოდათ 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ილია მოკვდებოდა. ხშირად ხდებოდა, რომ ფულს აიღებდნენ ნაძირალა-მკვლელები, მაგრამ ბოლოს ფულს ჩაიჯიბავდნენ და გარბოდნენ. ამიტომ მათ იმედად საზღვარგარეთ მყოფი ლენინი და სხვები - მათ შორის, ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე - ვერ იქნებოდნენ. მათ უნდოდათ 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ილია იმ დღეს მოკვდებოდა.“

ილიას სიკვდილი დააფიქსირა დუშეთის მაზრის ექიმმა იაშვილმა, რომელმაც გვამის გაკვეთის შედეგად დაადგინა:

„1. მკერდზე მარჯვენა ძუძუსთან შიგნით მოხვედრილი ტყვია გასულა უკან მარცხენა ხელის იღლიასთან. ამ ტყვიას დაუფლეთია გული და მარცხენა ფილტვი. 2. შუბლზე ოვალური ფორმის ჭრილობა ძვლამდე, სიღრმით 4 სანტიმეტრი. აქ ძვალი გამტვრეულია 1,5 ვერშოკზე. 3. მარჯვენა წარბზედაც ასეთივე ჭრილობა. პირველი ორი ჭრილობა სასიკვდილოა, მესამე - არა.“

ილიამ შექმნა ახალი ქართული ენა, დემოკრატიული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ენა. ეს იყო აუცილებელი საშუალება იმისთვის, რომ გაერთიანებულიყო ქვეყანა და შექმნილიყო ახალი იდენტობა - ქართველი!..


თუმცა მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულში ტყვია არა მკერდიდან, არამედ ზურგის მხრიდან შევიდა. ვახტანგ გურული ნატყვიარის ანალიზის საფუძველზე ასკვნის:

„შესვლის ადგილას ტყვიამ დატოვა წვრილი ხვრელი, დაახლოებით ნეკა თითის სიმსხო, ხოლო გამოსვლის ადგილს მკერდზე - ორი გოჯის სიდიდისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გასროლა მოხდა ზურგის მხრიდან. ტყვია ვიწრო ხვრელს ტოვებს შესვლის ადგილზე, ხოლო სხეულიდან გამოსვლის ადგილს გამოგლეჯს.“

ვახტანგ გურულის თქმით, ტყეში დამალულმა მკვლელმა ილიას ზურგში მაშინ ესროლა, როცა ბერბიჭაშვილი და სხვა ყაჩაღები ილიას ერთგული ლაქიის იაკობ ბითარაშვილის დევნით იყვნენ დაკავებული. ამიტომ იყო, რომ ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე ბოლომდე უარყოფდა ილიას მკვლელობას. ამონარიდი სასამართლო სხდომის მასალებიდან:

„’შენ რას უყურებო?’ რო არ მიმხვდარიყვნენ, მეც ავიღე და ვისროლე ზევით. ეს მოხდა. მერე გადაცვივდნენ ტყეში. ხიზანიშვილმა დაავლო ხელი ჩემოდანს და მითხრა, ეს რა არისო. ვნახე კარობკა. კარობკაში იყო რაღაც ღილები და ბეჭდები. სათვალეებიც ავიღე და მივაწოდე. ინაშვილმა თქვა, არაფერი დაიკარგოსო. ყველაფერი გამომართვა.“

გიგლა ბერბიჭაშვილთან ერთად თავდასხმაში ხუთი კაცი მონაწილეობდა. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გარდა, ილია ჭავჭავაძე ასევე მიუღებელი იყო რუსეთის იმპერიისთვისაც. ჯერ კიდევ 1894 წელს თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი საიდუმლო მოხსენებაში წერდა:

ცდილობდა, რომ ეროვნული იდენტობის თანამედროვე იდეა გავრცელებულიყო და დაფუძნებულიყო...


„დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ხელმძღვანელი იმ მოძრაობისა, რომლის მიზანიცაა ეროვნული მოძრაობის გაღვიძება, არის თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე. ი. გ. ჭავჭავაძე არის თვალსაჩინო ჭკუისა და მდგომარეობის პატრონი, დიდი ავტორიტეტის მქონე ქართველებში, საერთოდ, და განსაკუთრებით თავისუფლად მოაზროვნეთა შორის. დადის ხმები, რომ დროგამოშვებით მასთან იმართება საიდუმლო კრებები, სადაც ირჩევა საზოგადოებრივი და სოციალური ხასიათის სხვადასხვა საკითხები.“

სწორედ ილია ჭავჭავაძის იდეებითა და ძალისხმევით ერთიანდება საქართველო, რომელიც რუსეთის იმპერიაში თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად იყო დაშლილი. პროფესორ ლევან გიგინეიშვილის თქმით, ილიას მეცადინეობას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ აღმოიფხვრა კუთხური და სოციალური დაქუცმაცებულობა, გავრცელდა განათლება და შეიქმნა ახალი იდენტობა:


„ორი ტიპის გაერთიანება იყო საჭირო: ერთი ვერტიკალურ დონეზე, ანუ წოდებებს შორის, რათა ქართველი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გლეხი ან ფეოდალი; მეორე არის ჰორიზონტალურ დონეზე გაერთიანება, რათა იმერელზე, გურულზე ან მეგრელზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს იდენტობა ქართველი. რითი მიაღწია ამას ილიამ? რა თქმა უნდა, ენის შექმნით. ილიამ შექმნა ახალი ქართული ენა, დემოკრატიული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ენა. ეს იყო აუცილებელი საშუალება იმისთვის, რომ გაერთიანებულიყო ქვეყანა და შექმნილიყო ახალი იდენტობა - ქართველი!“

ილიას ძალისხმევითვე მოხერხდა მონარქის ჩანაცვლება მამულით, ანუ მამულის ერთგულებით, შეიქმნა სამოქალაქო სივრცე გაზეთებისა და თეატრის სახით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ილია ჭავჭავაძის უმთავრეს დამსახურებად თანამედროვე სახელმწიფოს იდეის შემოტანასა და დამკვიდრებას მიიჩნევს.

„ცდილობდა, რომ ეროვნული იდენტობის თანამედროვე იდეა გავრცელებულიყო და დაფუძნებულიყო. გარდა ამისა, არის უამრავი თანამდევი მოდერნიზაციის საქმე, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თავის ცხოვრების მანძილზე გააკეთა და, რაღაც აზრით, თუ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ მოდერნულები, სწორედ იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძე არსებობდა და საქმიანობდა საქართველოში“, - უთხრა გიგი თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

ის, ფაქტობრივად, შესწირეს საქართველოს იდეას. ჯერ ილია მოკლეს და 1921 წელს თვით საქართველოს დამოუკიდებლობა დახვრიტეს...


ილია ჭავაჭავაძის ეს საქმიანობა გახდა მისი მკვლელობის ძირითადი მიზეზი. ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი ნოდარ გრიგალაშვილი, ავტორი ილია ჭავაჭავაძის შესახებ დაწერილი სქელტანიანი წიგნისა „თანამდევი სული“, ამბობს, რომ ილიას მთავარი ოპონენტების, სოციალ-დემოკრატების ამოცანა იყო საქართველოს რუსეთის იმპერიაში დარჩენა, ადამიანის სულიერი სამყაროს წაშლა და კერძო საკუთრების მოსპობა:

„ილია თავისი დიდი ავტორიტეტით იყო ბუნებრივი წინააღმდეგობა სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური მოღვაწეობის გზაზე. და ის, ფაქტობრივად, შესწირეს საქართველოს იდეას. ჯერ ილია მოკლეს და 1921 წელს თვით საქართველოს დამოუკიდებლობა დახვრიტეს.“

თუმცა ილიას იდეები, საზოგადო ღვაწლი და შემოქმედება საუკუნის შემდეგაც ანუგეშებს ქართველ ერს და, უღიმღამო აწმყოს მიუხედავად, მომავლის რწმენასაც უსახავს. ილიამ თავისი შემოქმედებითა და საზოგადო მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ თავდაუზოგავი სწავლითა და შრომით მშობლიური ქვეყნის მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება.