„ქართული საკითხი“ არაღიარებულ არჩევნებში

26 აგვისტოს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პრეზიდენტობის კანდიდატებმა გვერდი ვერ აუარეს ეგრეთ წოდებულ ქართულ საკითხს: ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობასა და დევნილების დაბრუნებას. როგორია წამყვანი აფხაზი პოლიტიკოსების თვალით დანახული ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მომავალი?

უნდა ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, თუკი ქართული მხარე ამისთვის მზადაა...


26 აგვისტოს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის მოუწევთ. რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ლიდერია, სერგეი შამბა - მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ხოლო ალექსანდრ ანქვაბი - ვიცე-პრეზიდენტი. სამივე პოლიტიკოსი ძველი თაობის წარმომადგენელია და მათი პოლიტიკური პლატფორმებიც, მით უფრო თბილისთან ურთიერთობის ჭრილში, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. სერგეი შამბა აცხადებს, რომ მომხრეა საქართველოსთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობისა, რასაც, მისი აზრით, ხელს უშლის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუმცა, ამის მიუხედავად, შამბა მოლაპარაკებისა და კეთილმეზობლობის პერსპექტივას მაინც ოპტიმიზმით უყურებს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სახელმწიფო, მისი ხელმძღვანელობა და საზოგადოება მიხვდება იმას, რომ დამოუკიდებლობის ცნობა და აფხაზეთთან ნორმალური ურთიერობის დამყარება საუკეთესო გამოსავალია. ასეთი რამ, რასაკვირველია, მალე არ მოხდება, მაგრამ პირველი სიგნალი უკვე გვესმის.“

სერგეი შამბა


სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთი დაინტერესებულია მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობის აწყობით. საქართველოს ასევე მეზობელ ქვეყნად მიიჩნევს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით გამოვიდა. ანქვაბის თქმით, იმის გამო, რომ შეუძლებელია ომი და დაპირისპირება დაუსრულებლად გაგრძელდეს, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე უნდა მიუსხდნენ:

ჩვენ აღიარებული, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და საქართველოსთან ვილაპარაკებთ როგორც ტოლი და სწორი...


„ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს ვეომებოდით. ომი დასრულდა, მაგრამ არც ერთი დოკუმენტისთვის არ მოგვიწერია ხელი. ამიტომაა აუცილებელი მოლაპარაკების დაწყება წინასწარი პირობების გარეშე. უნდა ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, თუკი ქართული მხარე ამისთვის მზადაა. ჩვენ აღიარებული, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და საქართველოსთან ვილაპარაკებთ როგორც ტოლი და სწორი.“

საქართველოსთან მიმართებაში თვისებრივად განსხვავებულს არც პრეზიდენტობის მესამე კანდიდატი ამბობს რამეს. რაულ ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი საქართველოსთან მეზობლობას ვერსად გაექცევა. შესაბამისად, საჭიროა მხარეებს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური და ადამიანური ურთიერთობები, რის საწინდრადაც შეიძლება იქცეს შეთანხმება მშვიდობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ. პრეზიდენტობის კანდიდატები ასევე თანხმდებიან ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხზეც. საერთო პოზიციად შეიძლება მივიჩნიოთ რაულ ხაჯიმბას ხედვა:

რაულ ხაჯიმბა


„ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა უკვე გადავწყვიტეთ. ჩვენ დავაბრუნეთ დევნილთა დიდი ნაწილი, რითაც ვერ დაიტრაბახებს სხვა რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების მონაწილე ვერც ერთი მხარე. დაახლოებით 60 000 დევნილი დაბრუნდა გალსა და სხვა რაიონებში. შესაბამისად, გადასაჭრელი გვაქვს ამ ადამიანების ადაპტაციის საკითხი, თუმცა დევნილების ძირითადი მასა სხვა ქვეყნებში ცხოვრობს. როცა საქართველო მიიღებს გადაწყვეტილებას და ამ ადამიანებს სათანადო პირობებს შეუქმნის უშუალოდ თავის ტერიტორიაზე, მაშინ დევნილების პრობლემაც მოიხსნება.“

ცხადია, პრობლემების ამგვარი ხედვა მიუღებელია ოფიციალური თბილისისათვის, რომელიც არც 26 აგვისტოსათვის დანიშნული არჩევნების კანონიერებას ცნობს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო უწყება დიპლომატიური წარმომადგენლობების საშუალებით ბლოკავს აფხაზეთში მეთვალყურეების ჩასვლას როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ამ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება არ გამოხმაურებია, თუმცა ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისათვის 26 აგვისტოს არჩევნები უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

არა მარტო ჩვენ, არამედ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ განიხილავს ამ არჩევნებს როგორც ლეგიტიმურს და მის შედეგებს ვერ აღიარებს...


„აფხაზეთის ტერიტორიაზე არჩევნები მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ოკუპაციის პირობებში, საოკუპაციო რეჟიმის ზედამხედველობის პირობებში და იმ პირობეში, როცა აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არა აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. შესაბამისად, ყველა კომპონენტი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან კავშირში უნდა იყოს, დარღვეულია. არა მარტო ჩვენ, არამედ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ განიხილავს ამ არჩევნებს როგორც ლეგიტიმურს და მის შედეგებს ვერ აღიარებს.“