ონიშჩენკოსა და კრემლის ფიქრები ”ბორჯომზე”

რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმი ”ბორჯომზე” ლაპარაკს განაგრძობს და ქართული მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს ამჯერად უკვე პირდაპირი შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ”მზად ვართ შევხვდეთ ყველას, ვისაც რუსეთის ბაზარზე სურს შემოსვლა... მაგრამ გვეყოფა ამ თემის პოლიტიკურ დონეზე დაგემოვნება. მოდით, გადავიყვანოთ ის ტექნიკურ სიბრტყეზე”, - ამბობს გენადი ონიშჩენკო, თუმცა ის ამას თბილისის დადანაშაულებისა და, მეტიც, საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფის თანხლებით აკეთებს. რამდენად შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების ეკონომიკურად სასარგებლო რელსებზე გადაყვანა და რას ფიქრობენ დარგის ექსპერტები - რამდენად უღირს ”ბორჯომს” რუსეთის ბაზრის ხელახალი ათვისება?

გენადი ონიშჩენკო ჩვეულ სტილს არ ღალატობს და თუკი ადრე ”წარმონაქმნი” უწოდა, ამჯერად ის საქართველოს დავიწროებულ საზღვრებში მოქცეულ საბჭოეთის ”ნარჩენად” მოიხსენიებს. რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში 21 აგვისტოს ილაპარაკა:
გენადი ონიშჩენკო

”საქართველოს ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნარჩენმა, მოქცეულმა მეტად შეზღუდულ ტერიტორიულ საზღვრებში, დაიწყო წამოყვირება თავისი მთავრობის დონეზე - ეს რა არისო, ქართველი მეწარმეები ამაზე არ წავლენო... და ეს რა მთავრობაა, თუკი თავის მეწარმეებს არ აძლევს საშუალებას შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე და ივაჭრონ.”

გენადი ონიშჩენკო, რომელმაც 2006 წელს თავად გამოაცხადა, ბევრის აზრით, კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრიდან ბორჯომის გამოდევნასთან დაკავშირებით, ახლა უკვე თავად უბრაზდება საქართველოსა და მის ხელისუფლებას. მიზეზი ის არის, რომ თბილისი ზარ-ზეიმით არ შეხვდა ონიშჩენკოს ბოლოდროინდელ განცხადებებს, რაც რუსულ ბაზარზე ”ბორჯომის” შესაძლო დაბრუნებას გულისხმობს. მეტიც, თბილისში განხილვის თემად არც რუსეთის პრეზიდენტის მინიშნება გამხდარა, რომელიც მან 4 აგვისტოს რუსეთისა და საქართველოს მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში გააკეთა. გავიხსენოთ, რომ დმიტრი მედვედევმა „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება იმ საკითხად მოიხსენია, რომელზედაც შესაძლებელია საუბარი საქართველოსთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ.

თუმცა ემბარგოს მოხსნის თემას თბილისი აბსოლუტურად არაფრად მიიჩნევს შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა პროცესში. ემბარგოს თემის ერთგვარი იგნორირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ თუკი ვმო-ში გაწევრიანდება, რუსეთს ისედაც მოუწევს საქართველოსთვის ემბარგოს მოხსნა. ბევრჯერ ითქვა, რომ საქართველო ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი საერთაშორისო კონტროლი დაწესდება.
არანაირი რისკები, არანაირი ხარჯები არ დააწვებათ კომპანიებს... ახალი სარეკლამო სახის შექმნა რუსეთში „ბორჯომს“ არ სჭირდება...

რაც შეეხება თბილისის პოზიციას „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, მართალია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევაო, მაგრამ ცალკეულ კომენტარებში ისინი მაინც არ ურჩევენ „ბორჯომის“ მწარმოებლებს რუსეთის არაპროგნოზირებად ბაზარზე დაბრუნებასა და დიდ რისკებზე წასვლას.

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს წარმოდგენით, როგორც ეს მან 21 აგვისტოს ”ეხო მოსკვის” ეთერშიც თქვა, სწორედ თბილისი უშლის ხელს, თორემ „ბორჯომის“ მწარმოებლებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნება უნდათ.

ასე ფიქრობს კახა კუკავაც, თბილისის საკრებულოს წევრი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და ჯერჯერობით ერთადერთი გამჟღავნებული პოლიტიკოსი საქართველოდან, რომელიც ქართული პროდუქციისა და, მათ შორის, „ბორჯომის“ თემაზე პირადად ელაპარაკება რუსეთის მთავარ სანიტარს. კუკავა, რომელიც ონიშჩენკოს პირველად ივნისის ბოლოს მოსკოვში შეხვდა და უახლოეს მომავალში ისევ უპირებს სტუმრობას, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ემბარგოს მოხსნისთვის მზად არის, მაგრამ ამ პროცესს საქართველოს ხელისუფლება ეღობება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს იმასაც, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთის ბაზრის ხელახლა ათვისების სურვილი ამჟამად ძალიან ბევრ ქართულ კომპანიას ამოძრავებს, მაგრამ ისინი ამას ხელისუფლების შიშით ვერ ამჟღავნებენ.
როცა ქვეყანა გიწვევს, აუცილებლად უნდა ადგე და შეხვიდე და გაყიდო შენი პროდუქცია...

რამდენად რეალურად და ხელსაყრელად მიაჩნიათ ქართველ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა? - ამის გარკვევას რადიო თავისუფლება 22 აგვისტოს ცდილობდა, თუმცა „ბორჯომის“ მწარმოებელ მთავარ კომპანიაში - „IDS-ბორჯომში“ - შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა. ხოლო როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნიცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღის წინ უთხრა ჩვენს რადიოს, არც მათ და არც კომპანიის რომელიმე პარტნიორს მსგავსი წინადადებით რუსეთის სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს, როგორც ამას 15 აგვისტოს თავად გენადი ონიშჩენკო ირწმუნებოდა.

„IDS-ბორჯომის“ ინფორმაციით, მინერალურმა წყალმა რუსული ემბარგოს მიერ წარმოქმნილი სიძნელეები უკვე დიდი ხანია დაძლია და ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთიწლისწინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამჟამად „ბორჯომი“, რუსეთის გამოკლებით, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში იყიდება.

ასეთი საიმედო სტატისტიკის მიუხედავად, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მაინც თვლის, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებას საქართველოს ეკონომიკა ვერ შეძლებს კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ამიტომ მან მოსკოვის შეთავაზებაზე უარი არ უნდა თქვას.
დემურ გიორხელიძე

”არანაირი რისკები, არანაირი ხარჯები არ დააწვებათ კომპანიებს... ახალი სარეკლამო სახის შექმნა რუსეთში „ბორჯომს“ არ სჭირდება. კომპანიები მუშაობას დაიწყებენ ისეთი პარტიებით, რაც მათი გათვლებიდან გამომდინარეობს და არანაირ ზარალზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. როცა ქვეყანა გიწვევს, აუცილებლად უნდა ადგე და შეხვიდე და გაყიდო შენი პროდუქცია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დემურ გიორხელიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ”ბორჯომის” სახელი კვლავაც ”ჭრის ყურს”, ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადურის აზრით, 5-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ბაზარზე ამ პროდუქტის ხელახალ დამკვიდრებას მაინც საკმაოდ დიდი ხარჯი დასჭირდება. ექსპერტი ამ პროცესში ხედავს გარკვეულ რისკებსაც, თუმცა, მისი აზრით, საჭიროა რისკების მართვა და არა ამ რისკების შიშით უარის თქმა გასაღების უზარმაზარ ბაზარზე.