პოლიტიკიდან შოუ-ბიზნესში


ორშაბათი

ძველმა სკანდალმა ამ კვირამდეც მოაღწია.
რეჟისორმა რობერტ სტურუამ იეჭვა, რომ შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სახით, ვინაიდან უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკიდან შოუ-ბიზნესში გადაინაცვლა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პრ. სააკაშვილი პოლიტიკის დათო ოქიტაშვილია, თუმცა, მოდით, ნუ დავაკნინებთ ამ უკანასკნელის შესაძლებლობებს: დ. ოქიტაშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილისგან განსხვავებით, სხვა თუ არაფერი, რუსეთთან მაინც გამონახავდა რაღაცნაირ ენას.


სამშაბათი

ამ დღეს ორი ისტორიული ფაქტი დაკანონდა:
ისტორიაში შევიდა რობერტ სტურუას სულელური რეპლიკა - სააკაშვილი სომეხია და საქართველო არ ეყვარებაო და მეორე: რუსთაველის თეატრიდან გააგდეს ამ თეატრის ყველაზე დიდი რეჟისორი (ბოდიშს ვიხდი არანაკლებ დიდ აჩრდილებთან)!
რაღა დაგიმალოთ და, მეც კი მიჭირს იმის წარმოდგენა, რად გარდაიქმნება (ან გარდაიქმნება თუ არა საერთოდ რამედ) ეს თეატრი...

ისტორიის სახელმძღვანელოში კი ჩაწერენ: "დიდმა რეჟისორმა სტურუამ პოლიტიკური გაღიზიანების გამო მდაბალ პროვოკაციას მიმართა, ხოლო მრავალი მიმართულებით გაღიზიანებულმა ხელისუფლებამ ერთ დღეში დაასრულა მთელი თეატრალური ეპოქა".


ოთხშაბათი

კულტურის მინისტრი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა:
2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ის "გაბუტულ ინტელიგენტთა" შემოსარიგებლად მიავლინეს კულტურის სფეროში, მან კი რა ქნა: კიდევ უფრო გაბუტა და გაბუსხა ისედაც წყენაზე ორიენტირებული კულტურის მოღვაწეები. მათი წყენა კი სახიფათოა: ინტელიგენტებმა ხელზე იციან კბენა.

ასევე, უხერხულ მდგომარეობაშია იმ მიზეზითაც, რომ მას ახლა პრეზიდენტის მოხსნაც მოუწევს ქსენოფობიურ გამონათქვამთა გამო - რამდენად სამართლიანია აფინანსო ისეთი ინსტიტუცია, რომელიც წამდაუწუმ უდიერად იხსენიებს ზანგებს, მონღოლებსა და ზოგჯერ ჰუნებსაც. კულტურის მინისტრს, ეჭვი მაქვს, ახალი ბრძანების გამოცემა მოუწევს: "სააკაშვილიც სტურუას გაუყენეთ". ისე კი კარგი სანახავი იქნება, სტურუას მსგავსად გაგდებულ სააკაშვილსაც მოსკოვიდან რომ მოუვიდეს მოწვევა:

"ჩამოდით, მანდ არ გაფასებენ, ჩვენთან უფრო კარგად გაერთობით, მშენებლობებიც ბლომად გვაქვს. ერთი სიტყვით, არ მოგაწყენთ.
თქვენი დიმა"


ხუთშაბათი

გადაწყდა:
რაკი სტურუა ქსენოფობი ყოფილა, მისი სპექტაკლებიც არაფრად ვარგებულა.

სად "ყვარყვარე" ან "მეფე ლირი" და სად ახალი, რევოლუციური "ქეთო და კოტე"!

ჩვენს გერბზე ასეთი წარწერა უნდა იყოს:
"ვინც მე მეტენება, ის მიყვარს!"


პარასკევი

ამ დღეს ძალიან ინერვიულა მსახიობმა ძ. ჯაიანმა - მივარდა სტურუას დასაცავ მიტინგზე (ამ დროს, რა სამწუხაროა, რომ სტურუას არცერთ თავის სპექტაკლში არ დაუკავებია ეს მსახიობი), ილაპარაკა სრული სიბრძნეები და შემაშფოთებლადაც შეწითლდა... უნდა ინატრო ასეთი დამცველი - რასაც გინდა (და არ გინდა) ყველაფერს დაფქვავს...

კი, კი... მეტად რთული კვირა იყო. და არა მხოლოდ მისთვის.