დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები იმოწმებენ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას, რომლის თანახმად, ირანის სასამართლომ დღეს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეინ ბაუერსა და ჯოშ ფატალს. როგორც ირანის ტელევიზიის ცნობაშია ნათქვამი, მათ ირანში „უკანონოდ შესვლისთვის“ სამ-სამი წელი მიესაჯათ, ხუთ-ხუთი წელი კი - „ჯაშუშობისთვის“. როგორც ბაუერისა და ფატალის ადვოკატმა უთხრა ჩვენს რადიოს, მას ჯერ არ შეუძლია ამ ცნობის დადასტურება, ვინაიდან ჯერ არ უნახავს წერილობითი განაჩენი. ბაუერი, ფატალი და შეერთებული შტატების კიდევ ერთი მოქალაქე, სარა შროუდი 2009 წლის ივლისის ბოლოს დააკავეს ირანის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა. დაკავებულები ამბობენ, რომ ირანის ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდნენ ერაყიდან, სადაც ფეხით მოგზაურობდნენ. შროუდი 2010 წელს გაათავისუფლეს გირაოთი და ის ახლა ამერიკაში იმყოფება.