საზოგადოების ნაწილმა სტურუას დაბრუნება მოითხოვა

კულტურის სამინისტროს შენობის წინ, რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თეატრში დაბრუნების მოთხოვნით, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციაზე ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები ჭარბობდნენ, თუმცა იყო რამდენიმე რეჟისორი და ცნობილი მსახიობიც. მათი განცხადებების სულისკვეთება იყო ის, რომ რობერტ სტურუა ძალიან დააკლდება ქართულ თეატრალურ და, ზოგადად, კულტურულ სივრცეს.

აქცია, რომელიც კულტურის სამინისტროს წინ დაიგეგმა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში იყო ორგანიზებული. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა განაცხადა, რომ რობერტ სტურუას გათავისუფლება პირადად ხელისუფლების უმაღლესი პირის, პრეზიდენტის განკარგულებით მოხდა და კულტურის მინისტრი მხოლოდ შემსრულებელია ბრძანებისა. რობერტ სტურუას მოხსნა კი ბესო ზანგურმა შეაფასა როგორც თეატრის მოყვარული საზოგადოებისთვის დიდ დანაკლისი:

”ეს რობერტ სტურუას არაფერს არ აკლებს. ეს დაგვაკლდა ჩვენ, ქართველ ხალხს, ქართველ ნიჭიერ მაყურებელს, რომელთაც ვიცით სად მდებარეობს რუსთაველის თეატრი. ამათთვის ეს არ არის დიდი დანაკარგი, იმიტომ რომ თეატრში ესენი არ დადიან, წიგნებს ესენი არ კითხულობენ, ამიტომაც გასცემენ ასეთ უნიჭო ბრძანებებს.”

აქციაზე დაახლოებით 100-მდე ადამიანი იქნებოდა. მათი უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები იყვნენ, მათ შორის, ნინო ბურჯანაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ცაგარეიშვილი, გოგა ხაინდრავა და სხვები. იყვნენ მსახიობებიც, მათ შორის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია. მან თქვა, რომ აღშფოთებულია კულტურის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ძალიან დასანანია, რომ ხელისუფლება დამსახურების მქონე დიდ ხელოვანებს ერთი ხელის მოსმით უშვებს:

” ეს კაცი არის რუსთაველის თეატრის ეპოქა, ქართული თეატრის ეპოქა, და თუ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ადგე, მოწყვიტო და გადააგდო, კი ბატონო, მოწყვიტე და გადააგდე, მაგრამ აგერ უკვე ჭიდაობა მიდის მოსკოვში, რომელი წაიყვანს თავის თეატრში... ნებისმიერი სიხარულით წაიყვანს.”

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რობერტ სტურუას თანამშრომლობა შესთავაზა რუსეთის ტაგანკის თეატრმა, თუმცა, როგორც დღეს, 18 აგვისტოს, სააგენტო ”იტარ-ტასს” განუცხადა მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ანდრეი პორვატოვმა, რობერტ სტურუას მოსკოვის ტაგანკის თეატრის ხელმძღვანელობის სურვილი არ გამოუხატავს და მსგავსი ინიციატივა არც თავად თეატრს გამოუჩენია. ამასთან, მან დაადასტურა, რომ მოსკოვი, რომლის რამდენიმე თეატრის რეპერტუარში ამჟამადაც არის ქართველი რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები, რობერტ სტურუასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. პორვატოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ვიცე-მერმა ლიუდმილა შვეცოვამ სტურუას რამდენიმე ხნის წინ გაუგზავნა წერილი და რუსეთის დედაქალაქში ახალი სპექტაკლების დადგმა შესთავაზა, თუმცა რეჟისორისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა ოჩიაურმა ამ შესაძლო შეთავაზებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რობერტ სტურუა ამ შეთავაზებას დასთანხმდება, მისთვის პიროვნულად ეს იქნება იმის დასტური, რომ სტურუა რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირია, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კი ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა:

”ის არის დიდი რეჟისორი, არავინ დავობს ამაზე, და ის სწორედ იმიტომ, რომ არის დიდი რეჟისორი და აქვს დიდი გავლენა, მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს თავის განცხადებებს, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო დაფინანსება აქვს მხატვრულ ხელმძღვანელს. სახელმწიფო ვერ დააფინანსებს ასეთი იდეოლოგიის გამტარებელ ადამიანს, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა უჭირავს სწორედ იდეების გავრცელების თვალსაზრისით.”

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას მოხსნის მიზეზად კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მისი ბოლოდროინდელი ქსენოფობიური განცხადებები დაასახელა.

რობერტ სტურუას გათავისუფლების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნო სტეფანიანიც გამოეხმაურა. არნო სტეფანიანი მიიჩნევს, რომ რობერტ სტურუა სამართლიანად გათავისუფლდა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, მაგრამ, ამასთან, არნო სტეფანიანი ხელისუფლებისგან სხვა თანამდებობის პირთა ქსენოფობიურ გამონათქვამებთან მიმართებაშიც მეტ თანმიმდევრულობას მოელის:

”ამ შემთხვევაში დამაჯერებელია ხელისუფლების გადაწყვეტილება, მაგრამ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ მოხსნიდა თანამდებობიდან ლადო ვარძელაშვილს (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ავტ.), რომელმაც საკმაოდ მაღალი ქულები მიანიჭა ე.წ მიხვედრილთა და საზრიანთა კლუბის გუნდს, რომელმაც იხუმრა ჰოლოკოსტის თემაზე და ადამიანი, რომელიც მუშაობს ახალგაზრდობასთან, უფრო განათლებული უნდა იყოს. მეორე მხრივ, სტურუას რაც შეხება, ჩემი და ჩემი ორგანიზაციის აზრით, ეს სწორი ნაბიჯია და ასეც უნდა მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ რობერტ სტურუა ნიჭიერი ადამიანია და თავისი როლი ითამაშა საქართველოში თეატრის განვითარებაში.”