ბოლო დღეებში საერთაშორისო მედიაში აქტიური დისკუსია გამოიწვია იტალიის გაზეთ “კორიერე დელა სერაში” გამოქვეყნებულმა ვარაუდმა იმის თაობაზე, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის და ფილოსოფოსის ალბერ კამიუს სიკვდილში შესაძლოა საბჭოთა უშიშროების ხელი ერია. კამიუს ბიოგრაფთა უმრავლესობა ამ ვარაუდს ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა საკითხს საბოლოოდ ნათელი ალბათ მხოლოდ მაშინ მოეფინება, როცა კრემლი დათანხმდება გახსნას საბჭოთა კაგებეს არქივები.
ცნობილი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალბერ კამიუ 1960 წელს, 46 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ ეს ავარია მხოლოდ ტრაგიკულ უბედურ შემთხვევად აღიქვეს. შესაძლოა - ბედის ირონიადაც ან კამიუს შემოქმედებისთვის შესაფერის აბსურდად, იმის გათვალისწინებით, რომ დაღუპულ მწერალს ჯიბეში პროვანსიდან პარიზში მიმავალი მატარებლის გამოუყენებელი ბილეთი აღმოაჩნდა. როგორც გაირკვა, მწერალი მატარებლით აპირებდა ოჯახთან ერთად პარიზში დაბრუნებას, მაგრამ ბოლო მომენტში დათანხმდა თავისი მეგობრისა და გამომცემლის, მიშელ გალიმარის წინადადებაზე, ეს - თურმე საბედისწერო -მარშრუტი მასთან ერთად მანქანით გაევლო.
გალიმარის მანქანა მოყინულ გზაზე მოცურდა და ხეს შეასკდა. კამიუ ადგილზე დაიღუპა, გალიმარი - რამდენიმე დღის შემდეგ.
მატარებლის ბილეთთან ერთად, პოლიციამ დამტვრეულ მანქანაში 144 გვერდისგან შემდგარი რომანის ხელნაწერი იპოვა. ეს გამოუქვეყნებელი რომანი, რომელიც, კამიუს თქმით, მისი საუკეთესო თხზულება იქნებოდა, მწერლის ალჟირში გატარებულ ბავშვობას ასახავდა.
ტრაგედიამ საფრანგეთს შოკი და დიდი სევდა მოჰგვარა. თუმცა არავის უთქვამს, რომ ავარია, უბედური შემთხვევის გარდა, კიდევ რამე შეიძლებოდა ყოფილიყო.
ვითარება რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. იტალიაში გამომავალმა გაზეთმა, „კორიერე დელა სერამ“, გაავრცელა ვარაუდი, რომ ამ ავარიის უკან შესაძლოა საბჭოთა უშიშროება იდგა. იტალიის გაზეთში დაბეჭდილი ცნობები კი ინგლისურენოვან მკითხველს ბრიტანულმა „ობსერვერმა“ გააცნო.
„ობსერვერის“ თანახმად, „კორიერე დელა სერა“ ავრცელებს იტალიელი მკვლევრისა და პოეტის, ჯოვანი კატელის განცხადებებს. კატელი, თავის მხრივ, საუბრობს ცნობილი ჩეხი პოეტისა და მთარგმნელის, იან ზაბრანას დღიურზე - უფრო სწორად, ამ დღიურის იტალურ თარგმანზე - და აცხადებს, რომ ამ თარგმანში ტექსტს ერთი აბზაცი აკლია. ამ აბზაცში ზაბრანა წერს: „ძალიან უცნაური რამ გავიგე ისეთი ადამიანისგან, რომელმაც ბევრი რამ იცის და ბევრი კარგად ინფორმირებული წყარო ჰყავს. მის თანახმად, უბედური შემთხვევა, რომელიც 1960 წელს კამიუს სიცოცხლედ დაუჯდა, საბჭოთა აგენტების მიერ იყო მოწყობილი. მათ მანქანის საბურავი დააზიანეს დახვეწილი და რთული მოწყობილობით, რომელსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ბორბლის გაჭრა, ან მასში ნახვრეტის გაკეთება შეეძლო.ბრძანება პირადად [საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი ტროფიმოვიჩ] შეპილოვმა გასცა იმ სტატიაზე პასუხად, რომელიც [საფრანგეთში გამომავალ ჟურნალ] „ფრანს-ტირერში“ გამოქვეყნდა და რომელშიც კამიუმ [შეპილოვზე] მიიტანა იერიში, უნგრეთის მოვლენებში მისი ღიად დადანაშაულების გზით.“
ამ სტატიაში კამიუ გმობდა მოსკოვის გადაწყვეტილებას, უნგრეთში 1956 წლის ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩასახშობად იქ ტანკები შეეყვანა. ფრანგი მწერალი ამას “შეპილოვის ხოცვა-ჟლეტას” უწოდებდა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მალე - ერთი წლის შემდეგ - კამიუმ საბჭოთა ოფიციოზი კიდევ უფრო მეტად გააბრაზა. მან ღიად დაუჭირა მხარი რუს მწერალს, ბორის პასტერნაკს - საბჭოთა კავშირის მიერ აკრძალული წიგნის, “ექიმ ჟივაგოს” ავტორს.
კრიტიკული მიმართება კომუნისტურ რეჟიმთან - ალჟირის დამოუკიდებლობის თემასთან ერთად - ის საკითხი იყო, რომელმაც კამიუს სიცოცხლეშივე შეუქმნა სირთულეები. კომუნისტური სისტემის საწინააღმდეგო გამოსვლებით და იმით, რომ ის ღიად არ უჭერდა მხარს ალჟირის საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას - კამიუ ერთგვარად გამიჯნული აღმოჩნდა პარიზის მემარცხენე ინტელექტუალური წრეებისგან.
თუმცა კამიუს გავლენა და პოპულარობა მაინც უზარმაზარი იყო, უწინარესად, რომანების - „უცხოს“ და „შავი ჭირის“, ესეის „სიზიფეს მითის“ და გაზეთ „კომბატში“ გამოქვეყნებული სტატიების გამო. საზრისს, წესრიგსა და სიმწყობრეს მოკლებულ სამყაროში ადამიანებისა და ადამიანურობის ბედზე შექმნილი მისი ტექსტები უყვარდათ და აფასებდნენ. ახალგაზრდა ასაკში ავტოკატასტროფაში სიკვდილმა კამიუს ფიგურის საკულტო სტატუსი კიდევ უფრო გაზარდა.
შესაბამისად, გაზეთი „ობსერვერი“ თვლის, რომ კამიუს სიკვდილში კაგებეს როლის დადასტურება მწერლის მილიონობით თაყვანისმცემლისთვის უდიდესი შოკი იქნება. თუმცა ჯერჯერობით ამ ვერსიას, რომ კამიუ საბჭოთა უშიშროებამ მოკლა, ექსპერტები და კამიუს ბიოგრაფები ეჭვით უყურებენ. ოლივიე ტოდმა, ავტორმა წიგნისა “ალბერ კამიუ: ერთი ცხოვრება”, „ობსერვერს“ უთხრა, საბჭოთა არქივებში ბევრი ვიმუშავე და მსგავსი ცნობა არსად შემხვედრიაო. „კაგებესა და მისი მემკვიდრეებისგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ამ განცხადებამ მაინც სახტად დამტოვა. უნდა დავსვათ შეკითხვა, ვის აძლევს ხელს ამ ცნობის ახლა გავრცელება და რატომ”, - თქვა ტოდმა და დასძინა: “ამ ამბის არ მჯერაო.” სააგენტო „ფრანს-პრესთან“ საუბარში ვარაუდი უარყო ფრანგმა ფილოსოფოსმა და კამიუს კიდევ ერთმა ბიოგრაფმა, მიშელ ონფრიმ. “არა მგონია ეს შესაძლებელი იყოს”, - თქვა მან და დასძინა: “კაგებეს ალბერ კამიუს მოკვლისთვის სხვა გზებიც ჰქონდაო”.
თუმცა შეკითხვები, ბუნებრივია, რჩება. რადიო თავისუფლება ესაუბრა ჩეხ კინორეჟისორს ალეშ კისილს, რომელიც კარგად იცნობს იან ზაბრანას დღიურებს. კისილი შეგვახსენებს, რომ ინფორმაცია, რომელმაც ახლა ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რეალურად 20 წლის წინ გავრცელდა. კამიუს სიკვდილის შესახებ აბზაცი იტალიური თარგმანიდან კი ამოიღეს, ტექსტის ზოგადი შემოკლების შედეგად, მაგრამ ჩეხურ ენაზე 1992 წელს გამოცემულ ზაბრანას დღიურებში ის ჩართული იყოო.
ბუნებრივია, კისილი ზაბრანას განცხადებას ვერ ადასტურებს, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის კი თქვა, ზაბრანა ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა ტექსტში მოტანილი ინფორმაციის სიზუსტესო. კისილის ვარაუდით, შესაძლებელია ზაბრანამ კამიუს სიკვდილის შესახებ ინფორმაცია 1960-იან წლებში, რუსეთში ყოფნისას, მართლაც მიიღო, რადგან საკმაოდ ინფორმირებულ წყაროებს იცნობდა.
ასეა თუ ისე, კისილი და სხვა ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ ამ ვარაუდის დამტკიცება მხოლოდ კაგებეს არქივებში მუშაობით იქნება შესაძლებელი. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი კვლავაც გასაიდუმლოებულს ტოვებს ამ დოკუმენტაციას, ადვილი წარმოსადგენია, კიდევ 50 წელიწადი გავიდეს ისე, რომ ამ ამბავზე მეტი ვეღარაფერი გავიგოთ.