კოსოვოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთის საზღვრის გაკონტროლება სწორი გადაწყვეტილება იყო

კოსოვოსა და სერბიის საზღვარზე მოქმედი გამშვები პუნქტი

კოსოვოსა და სერბიას შორის ჩრდილოეთის საზღვარზე დაძაბულობის ხარისხი მაღალი რჩება იმ ფონზე, რომ გასულ თვეში კოსოვოს მთავრობამ ამ საზღვარზე მოქმედ გამშვებ პუნქტებზე კონტროლის დაწესება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც ამ პროვინციამ სამი წლის წინ სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მსგავსი სიმწვავის კრიზისი პირველად შეიქმნა.

28 ივლისს პროცესებში ჩართვა ნატოს მშვიდობისდამცველებსაც მოუწიათ, კოსოვოს პოლიციასა და ეთნიკურ სერბ ნაციონალისტებს შორის შეტაკებების გამო. რადიო თავისუფლების პრიშტინის ბიუროს ხელმძღვანელი, არბანა ვიდიშიჩი, დაძაბულობაზე სასაუბროდ შეხვდა კოსოვოს პრეზიდენტს, ატიფეტე იაჰიაგას, რომელიც აცხადებს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უკანონო მიგრაციისა თუ კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით კონტროლის დაწესება სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება იყო.

პირველი შეკითხვა, რომლითაც ჩვენი კოლეგა კოსოვოს პრეზიდენტს მიმართავს, შემდეგია:

ევროკავშირის მოთხოვნით, კოსოვოში სიტუაცია უწინდელს უნდა დაუბრუნდეს, კოსოვოს მთავრობა კი აცხადებს, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია. როგორ გესახებათ ვითარების განმუხტვა?

„ევროკავშირის მოწოდება ვითარების ნორმალიზაციისკენ თხოვნად უნდა აღვიქვათ - ვითარების დამშვიდებისა და პოლარიზაციის აღკვეთის თხოვნად. არავინ უნდა ჩათვალოს, თითქოს ევროკავშირი ჯიუტად მოითხოვდეს უწინდელი ვითარების დაბრუნებას, როცა ორგანიზებული დანაშაული და კონტრაბანდა ყვაოდა. საზღვრების ერთიანი ძალებით მართვა, რაც კონტროლს და წესების დაცვას ნიშნავს, ევროკავშირისთვის ფუნდამენტური პრინციპია. მთავრობის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ჩვენი სახელმწიფო ერთგულად იცავს თავის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც კოსოვოს ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ჩვენმა სახელმწიფომ სხვა ქვეყნებთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საბაჟოს ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.“

საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები ამ საკითხების გადასაჭრელად პრიშტინასა და ბელგრადს შორის დიალოგის გამართვის მოწოდებით გამოდიან. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ამგვარი დიალოგის პერსპექტივა ჩრდილოეთით განვითარებული მოვლენების ფონზე? - ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომლითაც ჩვენმა რადიომ კოსოვოს პრეზიდენტს მიმართა:

„კოსოვოსა და სერბიას შორის დიალოგი, რომელიც ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის შუამავლობით და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ეფუძნება, მიზნად ისახავს ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტების მოძებნას, რომლებიც ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებას გააუმჯობესებს. სერბიამ ცალმხრივად გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა დიალოგის დაგეგმილი რაუნდი. ამდენად, სხვა გზა არ რჩებოდა, თუ არა ვაჭრობაზე საპასუხო ზომების დანერგვა და საზღვრის სრულად გაკონტროლება, რაც კოსოვოს კონსტიტუციურ მოვალეობას წარმოადგენს. პრაქტიკული საკითხების ირგვლივ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ის არ შეიძლება შეეხოს კოსოვოს ან სერბიის საკონსტიტუციო წყობას, ან კანონიერებას. კოსოვო არავის დაელაპარაკება - ვერავის დაელაპარაკება - საშინაო საქმეებზე. ამ დიალოგით მიღებული შედეგები ევროპული უნდა იყოს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებსა და პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შემავალ საკითხებზე კოსოვო მზად არის ნებისმიერ ქვეყანას ელაპარაკოს - მათ შორის, სერბიას.“

და მაინც, როგორ გესახებათ ამ პროცესებში ბელგრადის როლი? - ჰკითხა ჩვენმა რადიომ კოსოვოს პრეზიდენტს:

„ბელგრადმა კონსტრუქციული როლი უნდა იტვირთოს. ის რეალობას უნდა შეურიგდეს და უნდა ეცადოს კოსოვოს სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს. ეს როგორც სერბიის, ისე კოსოვოს მოქალაქეების ინტერესებში შედის - მათ შორის, კოსოვოს ეთნიკურად სერბი მოსახლეობის, რომლის ინტერესებსაც, სერბიის განცხადებით, ის იცავს. კოსოვოს რესპუბლიკა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს სახელმწიფო ეფუძნება მულტიეთნიკური, მულტიკულტურული და მულტიკონფესიური მოქალაქეობის პრინციპებს, პატივს სცემს ყველას უფლებებს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ მისი კონსტიტუცია და კანონები ყველამ უნდა დაიცვას. კოსოვომ და სერბიამ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა დაამყარონ, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, ვინაიდან ბალკანეთში მშვიდობას და სტაბილურობას მხოლოდ ასე მივაღწევთ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენაც მხოლოდ ამ გზით წავიწევთ წინ.“