რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა სენატის რეზოლუციას

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აშშ-ის სენატის მიერ გასულ კვირაში დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელშიც საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულადაა აღიარებული. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, სენატის რეზოლუცია შეიცავს კლიშეებისა და შტამპების მთელ ნაკრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თითქოსდა დარღვევის შესახებ. ლუკაშევიჩი აღნიშნავს, რომ რუსეთი იძულებული იყო არაერთხელ განემარტა, რომ მსგავს კონტექსტში ტერმინის ოკუპაციის გამოყენება აბსურდია, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი რუსი სამხედრო არ იმყოფება. ”რუსული სამხედრო კონტინგენტი იმყოფება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებში, რომელთა სუვერენიტეტი რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის შემდეგ”, - ნათქვამია ალექსანდრ ლუკაშევიჩის კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ ქვეყნებთან არსებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე იმყოფებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამერიკელი სენატორების რეზოლუცია ან საერთაშორისო სამართლის სფეროში გაუნათლებლობას, ან რეალური ფაქტების სრულ უგულვებელყოფას ცხადყოფს და მხოლოდ პიარს წარმოადგენს, თუმცა კვებავს თბილისის პოლიტიკისთვის დამახასიათებელ რევანშისტულ განწყობებს.