ამერიკის სენატი რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს

აშშ-ის სენატი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 29 ივლისს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად მიიჩნევს.

რეზოლუცია გავიდა ერთხმად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ტექსტი ცალსახად ასახავს მიმდინარე კონფლიქტისადმი ამერიკელების დამოკიდებულებას...
რეზოლუცია #175 ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობას. ამერიკა აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებია. ამავე რეზოლუციით სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას 2008 წელს რუსეთ-საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების პუნქტებისა და პირობების შესასრულებლად, დააბრუნოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვას. სენატი რუსეთისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე საერთაშორისო მისიების დაშვებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა სრულ და ღირსეულ დაბრუნებას ითხოვს.
რეზოლუციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ქმედებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელ ძალებსა და საქართველოს მთავრობას შორის. საუბარია ასევე ადამიანებს შორის დამატებითი, უშუალო კონტაქტის დამყარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
დაბოლოს, რეზოლუციის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ადასტურებს, რომ კონფლიქტებისთვის მშვიდობიანი გამოსავლის მოძიება შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტია კავკასიის რეგიონში და რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და ხაგრძლივი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგითაა შესაძლებელი.

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი 29 ივლისის რეზოლუციას მაღალ შეფასებას აძლევს და ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-თან კომენტარში ამბობს, რომ დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის სოლიდური და მყარი საფუძველია:

” რეზოლუცია გავიდა ერთხმად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ტექსტი ცალსახად ასახავს მიმდინარე კონფლიქტისადმი ამერიკელების დამოკიდებულებას: რუსეთი მოხსენიებულია არა მარტო აგრესორად, არამედ ოკუპანტად და მოთხოვნილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია. და მე მიმაჩნია, რომ ეს დოკუმენტი საერთოდ არის ძალიან სოლიდური და მყარი საფუძველი საქართველოს დეოკუპაციისთვის.”

როდესაც სენატი საუბრობს ოკუპაციაზე და დეოკუპაციის აუცილებლობაზე, ეს ადრე თუ გვიან მოხდება...
დიპლომატებთან ერთად, პოლიტიკოსები და ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის პოლიტიკური ერთსულოვნების შედეგია. დოკუმენტის პროექტის შექმნაზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მუშაობდნენ.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დოკუმენტის მიღების შემდეგ ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავზე შეერთებული შტატებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი კვლავ მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება; სენატორმა ლინდსი გრეჰემმა კი შენიშნა, რომ 2008 წელს რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე აგრესია იყო არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა ახალგაზრდა დემოკრატიის წინააღმდეგ.

”როდესაც სენატი საუბრობს ოკუპაციაზე და დეოკუპაციის აუცილებლობაზე, ეს ადრე თუ გვიან მოხდება”, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

” ყოველ შემთხვევაში, მეოცე საუკუნის ისტორია და საბჭოთა კავშირის ისტორია ამას აჩვენებს. მე მგონ,ი ყველასათვის ცალსახაა, რომ როდესაც შეერთებული შტატების სენატი იღებს ერთმნიშვნელოვან განცხადებას, სადაც ხაზგასმულია სწორედ ის მოსაზრებები, ის შეფასებები, რაც საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობაზე, მის პოლიტიკურ წრეებზე და, ზოგადად, საზოგადოებრივ დისკურსზე გავლენას ახდენს.”

დავით დარჩიაშვილის ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამჯერად უკვე საკანონმდებლო ორგანოს დონეზე უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს:

”მანამდე არსებობდა ცალკეული განცხადებები, მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, სახელმწიფო მდივნის, ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, ცალკეული კონგრესმენების მხრიდან, მაგრამ უკვე კონკრეტული დოკუმენტი რომ არსებობს, რომელსაც ამერიკის სენატი იღებს, ეს არის მნიშვნელოვანი. ალბათ გახსოვთ კარგად, როდესაც ლიტვის სეიმმა მიიღო დადგენილება, შემდგომში რუმინეთის პარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და, ბუნებრივია, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ კონგრესის ზედა პალატა იღებს შესაბამის დადგენილებას.”

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმდინარე დარღვევებისადმი და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტისადმი სენატის დამოკიდებულების გამომხატველი რეზოლუციის პროექტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა. საინფორმაციო სააგენტო ”სივილ.ჯი-ს” თანახმად, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც პროექტში შევიდა, სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებათა მიმართ გამოყენებულ ტერმინებს შეეხება. თუ რეზოლუციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ტერმინი ”დე ფაქტო” იყო გამოყენებული, დამტკიცებულ დოკუმენტში მის ნაცვლად ”მაკონტროლებელი ძალაუფლება” გვხვდება. ცხინვალისა და სოხუმის ხელისუფლებებთან მიმართებაში სწორედ ამ ტერმინს ამკვიდრებს საქართველოს მთავრობის სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.