აშშ დეფოლტის საფრთხის წინაშე

აშშ-ის კონგრესი

მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკას - აშშ-ს - აქამდე წარმოუდგენელი დღეები უდგას. ერთმანეთთან დაპირისპირებული კანონმდებლები სულ რამდენიმე დღეში თუ ვერ შეძლებენ მთავრობის მიერ ფულის სესხებაზე დაწესებული ლიმიტის გაზრდას, ვაშინგტონს მალე თანხები აღარ ეყოფა გადასახადების დასაფარად, რაც, სავარაუდოდ, გლობალურ ეკონომიკაზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ძლიერი ქვეყანა ფინანსური დეფოლტის საფრთხის წინაშეა.

ეს საფრთხე რეალობად იქცევა, თუ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები სამშაბათამდე ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას მთავრობის მიერ ნასესხებ ფულზე დაწესებული ლიმიტის გაზრდის თაობაზე. ამჟამად ეს ლიმიტი 14.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
აშშ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებსაც ე.წ. „სესხის ლიმიტი“ აქვთ. ამ ლიმიტს კონგრესი პერიოდულად განიხილავს და ზრდის, რათა მთავრობას უკვე დამტკიცებული ხარჯებისთვის მეტი ფულის სესხების საშუალება მიეცეს.

ამ ეტაპამდე ეს საკმაოდ რუტინული პროცესი იყო. ბოლო 50 წლის განმავლობაში კანონმდებლებმა სესხის ლიმიტი თითქმის 80-ჯერ შეცვალეს. აქედან 7-ჯერ წინა პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, პერიოდში.

ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკრედიტო მაჩვენებელი გაუარესდება, რაც მსოფლიოში ინვესტორებს ეჭვს გაუჩენს იმის თაობაზე, აშშ ბიზნესისთვის კვლავაც ხელსაყრელი ადგილია თუ არა ...
მაგრამ ახლა ოპოზიციონერი რესპუბლიკელების ნაწილი ამბოხებას აწყობს. რესპუბლიკელები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, ლიმიტის შეცვლის ნაცვლად ხარჯების მნიშვნელოვან შეკვეცას მოითხოვენ. ამან კონგრესის მუშაობა ჩიხში შეიყვანა. დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფი სენატი აცხადებს, რომ უარს იტყვის ნებისმიერ ზომაზე, რომელსაც რადიკალურად მიიჩნევს.

ორშაბათს, 25 ივლისს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახებაო:

„სამწუხაროდ, ბოლო კვირების განმავლობაში რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ ერთადერთი პირობა, რომლითაც ისინი ამერიკის პირველი დეფოლტის თავიდან აცილებას მისცემენ ხმას, ის იქნება, რომ ყველანი დავთანხმდეთ მათ მიდგომას - მხოლოდ ხარჯების ღრმად შემცირების გზას. ეს თუ მოხდება და დეფოლტიც დადგება, ჩვენ არ გვექნება საკმარისი ფული ყველა გადასახადის გასასტუმრებლად - მათ შორის, სოციალური უსაფრთხოების, ვეტერანთა დახმარების და ათასობით ბიზნესთან მთავრობის მიერ დადებული კონტრაქტების დასაფინანსებლად. ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკრედიტო მაჩვენებელი გაუარესდება, რაც მსოფლიოში ინვესტორებს ეჭვს გაუჩენს იმის თაობაზე, აშშ ბიზნესისთვის კვლავაც ხელსაყრელი ადგილია თუ არა“, - განაცხადა ობამამ.
რესპუბლიკელები კი აცხადებენ, რომ ქვეყანას ზიანს დემოკრატები უქადიან და ამბობენ, რომ არ მისცემენ ხმას შეთანხმებას, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. ისინი სამთავრობო ხარჯების შემცირების მოწოდებით გამოდიან.

ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა ხუთშაბათ საღამოს, როცა რესპუბლიკელებმა თავიანთ პარტიაში ვერ შეძლეს საკმარისი მხარდამჭერის მოპოვება კანონპროექტისთვის, რომელიც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი თავმჯდომარის, ჯონ ბეინერის მიერ იყო შემუშავებული.

ეკონომისტების საერთო აზრით, თუ 3 აგვისტო ისე დადგა, რომ ვაშინგტონმა ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა, ამას შეიძლება მართლაც დრამატული შედეგები მოჰყვეს. ობამას ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, ბევრი ფედერალური სააგენტოს დახურვა მოუწევს. შესაძლოა შეჩერდეს სოციალური და სამედიცინო დახმარება, რაზეც მილიონობით ამერიკელია დამოკიდებული.

ამასთან, როგორც თავად ობამამაც შენიშნა, შესაძლებელია აშშ-ის უმაღლესი საკრედიტო მაჩვენებელი გაუარესდეს, რასაც ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის გადინება მოჰყვება. ეს პროცესები, თავის მხრივ, დოლარის კურსის ვარდნას და საპროცენტო განაკვეთების ზრდას მოიტანს, რაც აშშ-ის შიდაეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედებს ჩაკლავს და, სავარაუდოდ, გლობალურ ეკონომიკასაც დიდ დარტყმას მიაყენებს.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესმა ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა, ზოგიერთი პირი ობამას ურჩევს ერთპიროვნულად იმოქმედოს.
გასულ კვირაში ყურადღების ცენტრში მოექცა ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი - მან თქვა, ახლა მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, სესხის ლიმიტს კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორების თანახმად გავზრდიდი, ჩემი შეჩერება კი სასამართლოების საქმე იქნებოდაო.

ეს შესწორება, რომელიც საუკუნეზე დიდი ხნის წინ მიიღეს, ამბობს, რომ „აშშ-ის საჯარო ვალის მართებულება ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს“. თუმცა იურისტები ვერ თანხმდებიან, რამდენად უპრიანია ეს შესწორება ამჟამინდელი კრიზისისთვის.

ჯერჯერობით თეთრი სახლი უარყოფს ერთპიროვნული მოქმედების შესაძლებლობას, ვინაიდან ამან შეიძლება აშშ-ის ეკონომიკას უშველოს, მაგრამ, სამაგიეროდ, კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვიოს.