ევროკავშირი სერბიას და კოსოვოს მოუწოდებს განმუხტონ დაძაბულობა, რომელიც მათ საერთო საზღვარზე რამდენიმე ინციდენტის შემდეგ წარმოიშვა. ევროკავშირის მოწოდებით, ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით მალე უნდა განახლდეს მოლაპარაკებები. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რაოდენ მნიშვნელოვან საკითხთან აქვს საქმე. კოსოვოში დაძაბულობამ მიმდინარე კვირაში მოიმატა - მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცდანაყოფებმა ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკავეს. სერბებმა ამას ერთ-ერთი პუნქტისთვის ცეცხლის მოკიდებით უპასუხეს. დღეს გამშვებ პუნქტებს ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მშვიდობის დამცველები აკონტროლებენ - თუმცა სერბები უარს აცხადებდნენ იმ ბარიკადების დაშლაზე, რომლებიც მათ მნიშვნელოვან გზებზე აღმართეს. კოსოვომ, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა - თუმცა სერბია, და სერბები, რომლებიც ტერიტორიის ჩრდილოეთით უმრავლესობას წარმოადგენენ, კოსოვოს გამოყოფას უარყოფენ.